x
image
TaFLiKa
სირიაში რუსეთის ავიაიერიშების შედეგად მეამბოხეების ლიდერია მოკლული
imageლატაკიის პროვინციაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს სირიელი მეამბოხეების ჯგუფის “პირველი სანაპირო დივიზიის” ლიდერი ბასილ ზამო და კიდევ ოთხი მეამბოხე შეეწირნენ, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ იბრძოდნენ-„როიტერის“ თანახმად, აღნიშნულის შესახებ ჯგუფის წარმომადგენელმა ფადი აჰმედმა განაცხადა.


აჰმედის განცხადებით, ავიაიერიშების შედეგად მოკლულია 15 სამოქალაქო პირი. სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით, ორშაბათს განხორციელებულ იერიშებს 45 მეამბოხე და სამოქალაქო პირი შეეწირა. პირველი სანაპირო დივიზია, რომელიც „სირიის თავისუფალი არმიის“ დროშის ქვეშ იბრძვის, იმ ჯგუფების შორის არის, რომლებმაც უცხოეთიდან უკვე მიიღეს სამხედრო დახმარება, მათ შორის აშშ-სგან. ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა დარტყმა განახორციელა მათ შტაბ-ბინაზე:“მათ სამჯერ მოიტანეს იერიში.

image

ისინი იბრძვიან „დაიშის“(ისლამური სახელმწიფო) წინააღმდეგ, თუმცა ისინი იერიშებს ახორციელებენ იმ ჯგუფის პოზიციებზეც, რომელიც მათ ყველაზე მეტ ზიანს აყენებს-სირიის თავისუფალი არმიის.“-განაცხადა აჰმედმა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში, რომელიც 30 სექტემბრიდან მიმდინარეობს, 370 ადამიანი შეეწირა, მათ შორის სამოქალაქო პირებიც.



ავიაიერიშების დაწყებამდე ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა, რომ რუსეთის სამიზნეს „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლები წარმოადგენენ. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მისი მიზანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და სირიის „ლეგიტიმური“ ინსტიტუტების გაძლიერება. დღეს ცნობილი გახდა, რომ სამშაბათს მოსკოვში ჩაფრინდა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომელიც მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

image

აშშ-მა კი სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვა ერთი წლის წინ დაიწყო. ამასთან, აშშ ეხმარება სირიელ ზომიერ ამბოხებულებსაც, რომლებიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მეხუთე წელია იბრძვიან. „სირიის თავისუფალი არმიის“ რამდენიმე ჯგუფს ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ჩაუტარა წვრთნები. ცოტა ხნის წინ პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკელმა და რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი-აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის მფრინავების მიერ „შემთხვევითი შეტაკებების“ თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას.


როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა აღნიშნა, მემორანდუმის სრული ტექსტი რუსეთის მოთხოვნით არ გასაჯაროვდება.

0
453
8-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0