x
„მთავრობის მიერ „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდება დემოკრატიისთვის დარტყმა იქნება“

imageგავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სარედაქციო წერილით გამოეხმაურა. 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში სათაურით „მთავრობის მიერ პოპულარული ტელევიზიის ხელში ჩაგდება ქართული დემოკრატიისთვის დარტყმა იქნება“, ნათქვამია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა, ქვეყანა გასცდა დემოკრატიული ნორმების ზღვარს.
„ახალი მთავრობა პოპულისტი მილიარდელის ხელმძღვანელობით არჩევნებში დამარცხებულთა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასჯას და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკის ჩახშობას შეეცადა. ამგვარი ქმედებები ხშირად იყო შეკავებული დასავლეთის სახელმწიფოების ზეწოლით. ახლა, პოპულარულობის შემცირებისა და ერთ წელიწადში ჩასატარებელი არჩევნების ფონზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ. ბიზნესმენი პარტიის მხარდაჭერით ცდილობს ხელში ჩაიგდოს საქართველოში ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხი, რომელიც ხშირად ოპოზიციურ მოსაზრებებს ავრცელებს ”, - ნათქვამია წერილში.
The Washington Post წერს, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები იმის სთაობაზე, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს „რუსთავი2“-ის სამოქალაქო დავასთან, არ არის დამაჯერებელი ბევრი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისთვის და მედიის თავისუფლების საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც სასამართლოზე ხელისუფლების გავლენის წარსულ მაგალითებზე მიუთითებენ.
„მათი სკეპტიციზმი კიდევ უფრო გამყარდა გასულ კვირაში, როცა ბატონმა ივანიშვილმა ინტერვიუში ტელეკომპანიას ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „პროპაგანდისტული მანქანა“ უწოდა. პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია „კრიმინალურ ორგანიზაციას“ წარმოადგენდა და მას „არ აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება“, - აღნიშნავენ წერილის ავტორები.
გამოცემა იუწყება, რომ ასეთი აგრესია გასაგებია „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების ფონზე, რომელიც ხალხის პოლიტიკურ განწყობას ეხება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერა 2012 წელს დაფიქსირებული 60%-დან 14%-მდე დაეცა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუებულია და არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. „ამის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რითიც ის უნიკალურია იმ რეგიონში, სადაც კორუმპირებული ავტოკრატია ჩვეულებრივი მოვლენაა“, - აღნიშნულია წერილში.
„რუსთავი2“-ის მმართველები აცხადებენ, რომ თუ ტელევიზია ხელისუფლებასთან დამეგობრებულ ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ქვეყანაში პლურალიზმი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ბატონი ხალვაში, რომელმაც ტელეკომპანია ათი წლის წინ გაყიდა, გარიგებას სასამართლოში სადაოს ხდის. სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები ამ მოვლენის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და აცხადებენ, რომ ეს „მედიაში განსხვავებული ან კრიტიკულიი აზრის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“. გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ბატონ ივანიშვილს განუდგა, განაცხადა, რომ ეს დავა „ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ემუქრება“, - ნათქვამია წერლში.
„საბედნიეროდ, დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე ჩაერთნენ ამ საქმეში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ყველა მოქმედებას, რომელიც საქართველოში მედიის პლურალიზმის კომპრომიტირებას ახდენს. ხოლო ევროკავშირი მოელის, რომ კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება ამ მნიშვნელოვან მომენტში დაცული იქნება. როგორც ჩანს, თუ „რუსთავი2“-ზე ზეწოლა გაგრძელდება, საფრთხე შეექმნება არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ იმ კავშირებსაც, რომლიც საქართველოსა და დასავლეთის სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის არსებობს“.

0
12
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0