ასტროლოგია მეოთხე პლანეტის საიდუმლოება: რა იცოდნენ ძველმა ეგვიპტელებმა მარსის შესახებ? 2015, 12 ოქტომბერი, 18:34 რამოდენიმე ხნის წინ მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიცვა სენსაციურმა სიახლემ: ამერიკელებმა წითელ პლანეტაზე გამდინარე წყალი აღმოაჩინეს. მარილიანი წყლის ნაკადულები სწრაფად, სეზონურად ჩნდება და სწრაფადვე ქრება, თუმცა თვითონ წყლის არსებობის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და მოწმობს იმას, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის გარკვეული ფორმა არსებობს. მაინც რაა ცნობილი ამ იდუმალი პლანეტის შესახებ?
არასოდეს არცერთი ციური სხეული, რა თქმა უნდა, მზის და მთვარის გამოკლებით, არ იწვევდა ისეთ ინტერესს ადამიანებში, როგორსაც მარსი. წითელი პლანეტა, რომელსაც სახელი ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ომის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს, უხსოვარი დროიდან ურევდა ტვინს მეცნიერებსა და სწავლულებს. ძველ სამყაროში პლანეტის წითლად კაშკაშს ომისა და სხვა უბედურების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. რომის იმპერიაში სამხედრო ლაშქრობების წარმატებას თუ წარუმატებლობას სწორედ ომის ამ მძვინვარე და მკაცრ ღმერთს მიაწერდნენ. მარსის გამოკვლევა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასხუთასი წლის წინ დაიწყო. ამ სფეროს პიონერები ძველი ეგვიპტელები იყვნენ, რომლებიც საკმაოდ აქტიურად ინტერესდებოდნენ ციური მნათობებით (იმდროინდელი ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით). საქმე იმაშია, რომ მდინარე ნილოსის დელტაში მცხოვრები ადამიანების ბედი დიდად იყო დამოკიდებული მდინარის მოქცევა-მიქცევასა და წყალდიდობებზე, ხოლო პლანეტა ვენერას სიკაშკაშის მატება-კლება გარკვეულწილად ამინდის პროგნოზის გამოცნობის წინაპირობა იყო. უნდა ვაღიარიოთ, რომ ეგვიპტელების გამოკვლევები საკმაოდ მარტივი და პრიმიტიული იყო, მაგრამ ამას თავისი მიზეზიც აქვს: ძველ "კეპლერებს" ხომ არანაირი მოწყობილობა და ხელსაწყოები არ ჰქონდათ სწორი დაკვირვებების და ანალიზების საწარმოებლად. მათ უბრალოდ შეამჩნიეს ის, რომ მარსი ხშირად იცვლიდა მდებარეობას ცაზე და ამიტომ მას "მოხეტიალე პლანეტა" უწოდეს. მარსის ნამდვილი გამოკვლევა მხოლოდ XVII საუკუნეში განახლდა იტალიელი მეცნიერის და ასტრონომის გალილეო გალილეის ძალისხმევით. მეცნიერის ჩანაწერების მიხედვით, ის ყველაზე მეტად მარსზე არსებულმა ლაქებმა დააინტერესა. თუმცა გალილეის, ისევე როგორც მის თანამოაზრეებს, საშინლად დევნიდა ინკვიზიცია და მკვლევარი იძულებული გახდა ნაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი გაენადგურებინა და მეცნიერულ კვლევებზე უარი ეთქვა. ნამდვილი ბუმი მარსის გარშემო XIX საუკუნის შუახანებში ატყდა. ამ დროის ადამიანებს ლამის აბოდებდათ სიცოცხლის სხვა პლანეტებზე არსებობის იდეის შესახებ. ამისათვის ყველაზე შესაფერის კანდიდატურებად კი მთვარე, მარსი და ვენერა განიხილებოდა. ჰერბერტ უელსი, ჟიულ ვერნი და სხვა ფანტასტი მწერლები არამიწიერ ცივილიზაციას ყველაზე ხშირად დედამიწის თანამგზავრზე ხედავდნენ. ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად შეცვალა 1877 წლის ერთმა დღემ, უფრო სწორად ერთმა საათმა: ეს იყო უდიდესი დაპისისპირების დღე, როცა მარსი და დედამიწა ყველაზე მეტად დაუახლოდნენ ერთმანეთს, რაც ათასწლეულში ერთხელ ხდება. იტალიელმა მეცნიერმა ჯოვანი სკიაპარელიმ ტელესკოპით მარსზე უცნობი სწორი ხაზები დაინახა, რომელთაც canali უწოდა. პრინციპში, სენსაციური აქ არც არაფერი იყო, რადგან ეს სიტყვა პირდაპირი თარგმანით ხაზს ნიშნავს, მაგრამ ჭორებმა მალე მთელი მსოფლიო მოიცვა: მარსზე არხები აღმოჩნდა, ესე იგი იქ ცხოვრობენ ცივილიზებული ადამიანები, რომლებიც ნაყოფიერი მიწების ირიგაციით არიან დაკავებულნი. მარსის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როცა დადგინდა, რომ პლანეტა ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა 500 გრადუსს აჭარბებდა ცელსიუსით, ხოლო მთვარეს ატმოსფერო საერთოდ არ გააჩნდა. ასე რომ, მარსი დარჩა ერთადერთ რეალურ კანდიდატად მზის სისტემაში, სადაც შესაძლებელი იყო სიცოცხლის არსებობა. მარსზე არსებული "არხები" თითქმის 70 წელი ურევდა ტვინს ადამიანების დიდ ნაწილს, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში დაადგინეს, რომ არავითარი საირიგაციო სისტემები მარსზე არაა, თუმცა სიცოცხლის უმარტივესი ფორმების ძიება ამ იდუმალ პლანეტაზე სულ უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენდა. მხოლოდ არხები როდი გახდა წითელი პლანეტის ერთადერთი საიდუმლოება. მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია მარსული წარმოშობის მეტეორიტების ანალიზის შედეგებმა. 1984 წელს მკვლევარების ჯგუფმა ანტარქტიდაზე მეტეორიტი ALH84001 აღმოაჩინა, ნაპოვნი ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში გააგზავნეს. რაოდენ დიდი მეცნიერების გაოცება, როცა შეიტყვეს, რომ ეს მეტეორიტი ჩვენთან პირდაპირ მარსიდან " მოფრინდა". მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მეტეორიტის შემადგენლობაში აღმოჩნდა არომატული ნახშირწყალბადები, რომლებიც საეჭვოდ წააგავდნენ გაქვავებულ მიწიერ ბაქტერიებს. წარმოიშვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მარსზე არსებობს სიცოცხლის უმარტივესი ფორმა, რომელიც სწორედ ახლა იმყოფება ევოლუციის პროცესის დასაწყისში. დადგა დრო ვუპასუხით კითხვაზე: მაინც რას წარმოადგენს პლანეტა მარსი? - ეს არის მზის სისტემის მეოთხე პლანეტა, რომლის მასა დედამიწის მასის სულ 10%-ს შეადგენს. იქ ფაქტიურად არაა ატმოსფერო. წნევა 160-ჯერ ნაკლებია დედამიწის ზედაპირზე არსებულ წნევაზე და მნიშვნელოვნად ნაკლებია პლანეტა ვენერას ატმოსფერულ წნევაზეც კი. საერთო ჯამში პლანეტა იმყოფება ეგრეთწოდებულ სიცოცხლის საზღვარზე- ესაა ადგილი მზის სისტემაში, სადაც თეორიულად შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა და თუ ის მარსზე მართლაცაა, მაშინ სავარაუდოდ, ის ეკვატორთან ახლოს უნდა იყოს-იქ საკმაოდ ოპტიმალური 20 გრადუსი ტემპერატურაა. რაც შეეხება პოლუსებს, -140 გრადუს ყინვაში პრაქტიკულად შეუძლებელია სიცოცხლის რაიმე ფორმის არსებობა. ატმოსფერის არარსებობის გამო მარსის ზედაპირს განუწყვეტლივ ბომბავენ მეტეორიტები და იქ თავიანთ კვალს ტოვებენ, სწორედ ამიტომ პლანეტის ზედაპირი უზარმაზარი კრატერებითაა დაფარული. პლანეტაზე განუწყვეტლივ ქრის მტვრის ქარიშხალი. მტვერი აქ საკმაოდ ბევრია: მისი ნაწილი მეტეორიტების ცვენის შედეგად წარმოიქმნება, ნაწილი კი მთის ქანების დაშლის, ეროზიის შედეგად. სხვათა შორის, თუ დედამიწის უმაღლესი წერტილი - ევერესტი მხოლოდ 8848 მეტრი სიმაღლისაა, მარსზე მდებარეობს მზის სისტემაში ყველაზე მაღალი - ოლიმპოს მთა, რომლის სიმაღლე 21 კილომეტრზე მეტია. რაც შეეხება თანამედროვე კვლევებს, მარსს ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მზის სისტემის პლანეტებს შორის. სწორედ მისკენაა მიმართული ასტრონავტების უმრავლესობის ყურადღება. ნასას განზრახული აქვს 2030 წლისათვის მარსზე გაუშვას პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი. ჯერჯერობით ერთადერთი პლანეტა, სადაც ადამიანის ფეხი დადგმულა - მთვარეა, მაგრამ მთვარეზე მოგზაურობა ოდნავადაც კი ვერ შეედრება მარსზე გაფრენას - მხოლოდ იმისათვის, რომ რაკეტამ წითელ პლანეტაზე მიაღწიოს, ორი წელია საჭირო. შორეულ ლაშქრობებამდე პლანეტას მარსმავლები Opportunity და Curiosity იკვლევენ, მათთან ერთად კი ასტრონავტები, რომლებიც მყუდრო ობსერვატორიების ტელესკოპებთან მოკალათებულნი ყურადღებით აკვირდებიან წითელ პლანეტას. სწორედ მათი დაუღლელი შრომის შედეგია ის, რომ მარსზე ცოტაოდენი ხნის წინ გამდინარე წყალი აღმოაჩინეს. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ წითელ პლანეტაზე ცხოვრებას. ფანტასტი მწერლების წყალობით წარმოიშვა იდეა მინის ხუფების ქვეშ მარსზე ქალაქების დაარსებისა, თუმცა რეალურად ამის განხორციელება წარმოუდგენელია. კითხვა კი, არსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზე, კიდევ მრავალ წელს იქნება პასუხგაუცემელი. ათეულობით წელი გავა, სანამ ადამიანის ფეხი დაიდგმება მარსის ქვიშიან ზედაპირზე - წითელ პლანეტას ჯერ კიდევ საკმაოდ აქვს პასუხგაუცემელი საიდუმლოებები, რომლებიც თავიანთ ამომხსნელებს ელოდებიან. 1152 13-ს მოსწონს
|