2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", რომლის მიხედვითაც, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვ., გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი.
რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან (2015 წლის 1 აგვისტოდან) დღემდე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 1418 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 66 ბიზნესოპერატორი; რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით გამოკვლეულია 46 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა 4 შემთხვევაში. მათ შორის, ცხიმის პროცენტული შემადგენლობის შეუსაბამობა აღინიშნა „შატილის", შპს "სამგორი ალკოს", „ვოლგოდონსკოეს" ნაღების კარაქსა და „გლეხურ" კარაქში.
ასევე, მარნეულში მდებარე „სმარტიდან" აღებული შპს „ჯორჯიან მილკის" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2, 5%-იანი - „მილკო") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს" 2, 5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული, რის გამოც „ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა.