33 წლის შემდეგ მსოფლიო უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის თვითმხილველი გახდა...
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის თვითმხილველი გახდა.
წუხელ სავსე მთვარე დედამიწას მოუახლოვდა, დაბნელდა, წითელი ელფერი მიიღო და ჩვეულებრივზე უფრო დიდი ზომის ჩანდა.
ამ მოვლენაზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ამერიკის ორივე კონტინენტზე, დასავლეთ აფრიკასა და დასავლეთ ევროპაში იყო შესაძლებელი.
სავსე მთვარის დაბნელების პროცესი 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბოლოს ეს ორი მოვლენა ერთმანეთს 1982 წელს დაემთხვა და 2033 წელს განმეორდება.
ეს იშვიათი, ზოგიერთათვის კი ზებუნებრივი მოვლენა, ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწის მიერ წარმოქმნილ კონუსურ ჩრდილში შედის. ამ მოვლენის თეორიულად მაქსიმალური დრო 108 წუთს შეადგენს. ასეთი ხანგრძლივი დაბნელებები მოხდა 1859 წლის 13 აგვისტოს, ასევე 2000 წლის 16 ივლისს.
– აღსანისნავია, რომ მთვარის ნებისმიერი დაბნელებისას მთვარე თვალთახედვიდან მთლიანად არ ქრება, არამედ ხდება მუქი-წითელი. ეს იმით აიხსნება, რომ მთვარე, სრული დაბნელების დროსაც განათებულია. მზის სხივები, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებს ეხებიან გაბნევას განიცდიან და ნაწილობრივ მთვარესაც აღწევენ. სწორედ ამით აიხსნება მთვარის უცნაური შეფერილობა.
– მთვარის სრული დაბნელების დროს მის ზედაპირზე ყოფნა რომ შეგვძლებოდა, მაშინ ჩვენ მზის სრულ დაბნელებას დავინახავდით, ანუ მზის დაბნელებას დედამიწით.
საინტერესოა, რომ 1504 წელს, იამაიკაზე ყოფნის დროს ქრისტეფორე კოლუმბი და მისი თამხლები პირები შიმშილით სიკვდილისგან მთვარის დაბნელებამ გადაარჩინა. კოლუმბის მცდელობა ადგილობრივი ინდიელებისთვის საკვები გამოერთმია, უშედეგო აღმოჩნდა. თუმცა მან იცოდა, რომ 1504 წლის 1 მარტს მთვარის დაბნელება იქნებოდა და კოლუმბი ადგილობრივ ბელადებს “დაემუქრა”, რომ მათ “მთვარეს მოპარავდა”, თუკი ისინი კოლუმბის პროდუქტებითა და სასმელი წყლით მომარაგებაზე უარს იტყოდნენ. როგორც კი დაბნელება დაიწყო, ინდიელებს საოცარი პანიკა დაეუფლათ და მათ კოლუმბის მოთხოვნები დააკმაყოფილეს.