სხვა რატომ გაგარინი? საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XVIII 2015, 26 სექტემბერი, 11:37 იური გაგარინი... პლანეტა დედამიწის №1 კოსმონავტი. მისი ნაცნობობა სამყაროსთან 108 წთ. გაგრძელდა. ის იყო პირველი დედამიწელი, ვინც ჩვენი პლანეტა კოსმოსიდან დაინახა. რატომ გაგარინი? - ამ კითხვას იმ დღიდან სვამენ, რაც პირველი კოსმონავტის გვარი გახდა ცნობილი. პირველად კოსმონავტების ჯგუფში 20 ადამიანი აიყვანეს. სტარტამდე, ერთი თვით ადრე, ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარეს. კითხვაზე, თუ ვინ იყო ღირსი, №1 კოსმონავტი გამხდარიყო, ჯგუფის 20 წევრიდან 19-მა გაგარინი დაასახელა. სინამდვილეში ლიდერი ორი იყო: გერმან ტიტოვი და იური გაგარინი. და ისმის ისევ კითხვა: რატომ გაგარინი? ყოველ შემთხვევაში, არა იმიტომ, რომ კოსმონავტების ჯგუფში შემავალმა 19 კაცმა ასე გადაწყვიტა. 1 კოსმონავტის საკითხი, საბჭოთა კავშირში, კოსმოდრომის დონეზე ნამდვილად არ გადაწყდებოდა. ამბობენ, როდესაც ნ. ხრუშოვს საბუთები წარუდგინეს და მომავალი კოსმონავტების ბიოგრაფიები გააცნეს, მას არ მოეწონა ტიტოვის სახელი. “ეს რა გერმანული სახელიაო" - წამოიძახა მან. შესაძლებელია, პირველი კოსმონავტის ბედი, სწორედ ამ ფრაზამ გადაწყვიტა ან შეიძლება იმან, რომ პირველი კოსმონავტი, იმ ეპოქის და ქვეყნის ჭეშმარიტი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. გერმან ტიტოვი ამასთან დაკავშირებით წერდა: “გლეხის შვილი, ხელოსნის მოსწავლე, მუშა, სტუდენტი, აეროკლუბის კურსანტი, მფრინავი - ეს არის გაგარინის გზა, გზა რომელიც ჩვენი თაობის ათასობით ახალგაზრდამ გაიარა... მე ვიგრძენი, რომ პირველი გაგარინი გაფრინდებოდა". შენიშვნა: თავად ტიტოვი მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. სახელი გერმანი, მამამ, ა. პუშკინის რომანის («Пи́ковая да́ма»), ერთ-ერთი გმირის საპატივცემულოდ დაარქვა. გაგარინი კოსმოსში 1961 წ. 12 აპრილს “ვოსტოკი - 1"-ით გაფრინდა. რაც შეეხება გერმან ტიტოვს, ის №2 კოსმონავტი იყო. მისმა ხომალდმა, “ვოსტოკი - 2" -მა, 6 აგვისტოს აიღო სტარტი და 7 აგვისტოს დაბრუნდა. მან კოსმოსში 1 დღე-ღამე და 1 საათი გაატარა. 531 5-ს მოსწონს
|