სიახლეები
„ავტოინდუსტრიის ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული სიდებილე“ - VW-ის სკანდალი გრძელდება
2015, 24 სექტემბერი, 14:23
სკანდალი Volkswagen-თან დაკავშირებით გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ აღიარა, რომ მანქანის მიერ გამოყოფილი გამონაბილქვის ოდენობას მალავდა. საქმე დიზელზე მომუშავე მოტორებს ეხება.
როგორც BBC წერს, დეპარტამენტის მიერ გამოძიების დაწყება ნიშნავს უფრო მეტ ჯარიმებსა და ასევე კონკრეტული პირების დასჯის შესაძლებლობას.
სკანდალის გამო, კომპანიის აქციები კატასტროფულად უფასურდება. გუშინ VW-ის აქციების ღირებულება 17%-ით დაეცა, ხოლო ორშაბათს 19%-ით. კომპანიამ თავისი აქციების ღირებულების მესამედზე მეტი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ სკანდალმა გერმანელებში შოკი გამოიწვია. როგორც BBC წერს, გერმანელებისთვის გარემოს დაცვა და ავტოინდუსტრია გერმანული იდენტობის ნაწილია.
ერთ-ერთმა გერმანულმა გაზეთმა მომხდარს „ავტოინდუსტრიის ისტორიის ყველაზე ძვირადღირებული სიდებილე“ უწოდა.