სხვა აქვს თუ არა ადამიანს ზედმეტი ორგანოები? 2015, 15 სექტემბერი, 22:55 სულ რაღაც ასიოდე წლის წინ მედიკოსები მზად იყვნენ ადამიანებისათვის ორასამდე "ზედმეტი ორგანოდან" ლამის ნახევარზე მეტი ამოეკვეთათ... შემდეგ ამ სიამ თანდათან იკლო და ათამდე დავიდა. ახლა ამბობენ, რომ ადამიანის ორგანიზმში ზედმეტი არაფერი არაა. მოდით, გავარკვიოთ, რა ორგანოებს თვლიდნენ წარსულში ზედმეტად და რა აზრის არის დღევანდელი მედიცინა ამ საკითხზე.
იდეა ადამიანების ზედმეტი ორგანოების (რუდიმენტების) შესახებ ყველაზე აქტიურად XIX საუკუნის ბოლოსა და ХХ საუკუნის დასაწყისში განიხილებოდა. ბევრი ექიმი ადამიანის რამოდენიმე ორგანოს უფუნქციოდ თვლიდა, მათი აზრით ისინი აბსოლუტურად უვარგისი იყო ადამიანისათვის. გამოჩნდნენ აქტიური პრაქტიკოსები, რომლებმაც სწრაფად აიტაცეს ეს იდეა და მათ დაიწყეს ასეულობით ადა ათასეულობით ადამიანისათვის ამოკვეთა იმ ორგანოებისა, რომლებიც მათ თითქოსდა ხელს უშლიდა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ოპერაციები სავალალო შედეგით მთავრდებოდა. თანამედროვე მედიცინა ამ საკითხს გაცილებით ფრთხილად ეკიდება. ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა ორგანომ მართლაც დაკარგა თავისი პირვანდელი ფუნქცია, საღ აზრს მოკლებული არაა, მაგრამ საყურადღებოა ისიც, რომ რუდიმენტების გარკვეული ნაწილი ბოლომდე შესწავლილი არაა, ხოლო ზოგიერთი მათგანი თურმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც ყოფილა ადამიანისათვის. ასე რომ, თუკი ორგანო არსებობს და ის ფუნქციონირებს, ესე იგი, ბუნებამ ის ადამიანს საჭიროების მიზნით უბოძა. აპენდიქსი ბრმა ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდი რუდიმენტებს შორის პოპულარობით პირველ ადგილზე დგას. ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ მას სრულიად უსარგებლო ორგანოდ მიიჩნევდნენ. ამჟამად დადგენილია, რომ წანაზარდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში. ის ერთგვარ "თავშესაფარს" წარმოადგენს მიკროორგანიზმებისათვის, რომლებიც არეგულირებენ საჭმლის მონელების პროცესს. ადამიანებს, რომლებსაც ამოჭრილი აქვთ აპენდიქსი, გაცილებით ურთულდებათ მიკროფლორის აღდგენის პროცესი რაიმე ინფექციით დაავადების დროს. ასე რომ, დღესდღეობით პროფილაქტიკის მიზნით აპენდიციტის ამოკვეთა მიზანშეწონილი არაა. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ბრმა ნაწლავის გარეშე დარჩენილი ადამიანები გაცილებით უფრო ხშირად ხდებიან ავად ანგინით. ნუშისებრი ჯირკვლები (გლანდები) წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ნუშისებრი ჯირკვლების გარეშე ცხოვრება გაცილებით იოლია, მაგრამ სულ ცოტაოდენი ხნის წინ გამოირკვა, რომ ეს ეგრეთწოდებული რუდიმენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნურ სისტემაში და ისინი ორგანიზმის ერთგვარ მცველს წარმოადგენენ, განსაკუთრებით მცირე ასაკში. ნუშისებრი ჯირკვლები ზრდის მაქსიმუმს აღწევენ 4- 7 წლის ბავშვებში, ესე იგი მაშინ, როცა ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ინფექციებისაგან დაცვა. სწორედ ამ ასაკში უკეთებენ ბავშვებს აცრების მნიშვნელოვან ნაწილს. არსებობს აზრი, რომ სწორედ იმუნიტეტის აქტიური ფორმირების პროცესი იწვევს ნუშისებრი ჯირკვლების გაზრდას. მას შემდეგ, რაც ორგანიზმი იწრთობა, გლანდებიც პატარავდება. 16-20 წლისათვის ისინი მნიშვნელოვნად იკლებენ ზომაში და მხოლოდ მცირე წამონაზარდების სახით რჩებიან, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ ქრებიან. ამიტომ დღესდღეობით ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრის გადაწყვეტილებას ექიმები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იღებენ, კერძოდ მაშინ, როცა ისინი ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას და გადაიქცევიან ქრონიკულ ანთებით კერად. კუდუსუნი ამ ერთ ერთ ყველაზე ცნობილ რუდიმენტს ხშირად უწოდებენ კუდის ნარჩენს. როცა ადამიანი გაჩნდა, მასში ის ასრულებდა წონასწორობისათვის საჭირო საყრდენის მოვალეობას. კუდუსუნი მდებარეობს ხერხემლის ბოლო ნაწილში და შედგება 3-5 ერთმანეთთან შეზრდილი ხერხემლის რუდიმენტული მალისაგან, რომელშიც არაა ზურგის ტვინი. გამოკვლევებმა შემდეგი აჩვენა: ადამიანს რომ არ ჰქონოდა კუდუსუნის ძვალი, მაშინ მას ექნებოდა შინაგანი ორგანოების დაჭერის აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა. გარდა ამისა, ეს "ზედმეტი ძვლები" მნიშვნელოვან საყრდენ წერტილს წარმოადგენენ ადამიანისათვის. არსებობს ორგანოები, რომელთა გარეშეც ადამიანს სიცოცხლე შეუძლია, მაგრამ არ არსებობს უსარგებლო ორგანოები! აღმოჩნდა, რომ ნამდვილ რუდიმენტებს შეიძლება მივაკუთვვნოთ მხოლოდ ყურის კუნთები და სიბრძნის კბილი. კუნთები, რომლებიც გარს აკრავს ყურის ნიჟარას, ჩვენს წინაპრებს ესაჭიროებოდათ იმისათვის, რომ მოძრაობაში მოეყვანათ ყურები. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც ეს კუნთები ძალიან აქვთ განვითარებული და მათ შეუძლიათ ყურების ამოძრავება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებია. რაც შეეხება სიბრძნის კბილებს, წინათ მათი ფუნქცია განსაკუთრებით მაგარი საკვების დაღეჭვა იყო. რადგან ევოლუციის პროცესში ადამიანს სულ უფრო ნაკლებად უხდებოდა უხეში და მაგარი საკვების გამოყენება, ამ კბილმაც ნელ-ნელა დაკარგა თავისი ფუნქცია. ასე რომ, თუკი სიბრძნის კბილები გაქვთ და ისინი საღია და ჯანმრთელი, მათი არსებობა ხელს არაფერში შეგიშლით, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ისინი არასწორად ეზრდება და ძალიან ხშირ შემთხვევაში საშინელი ტკივილის გამომწვევია. ამ დროს, რა თქმა უნდა, უმჯობესია მათი მოშორება. ასე რომ, დასკვნა მხოლოდ ერთია: ღმერთმა ადამიანი შექმნა სრულყოფილ არსებად და შესაძლებელია არსებობდეს ორგანოები, რომელთა გარეშეც ადამიანმა იცოცხლოს, მაგრამ არ არსებობს სრულიად უსარგებლო ორგანოები. 635 12-ს მოსწონს |
დასკვნა ♥