პოეზია აღარ ვართ ჩვენ... 2015, 12 სექტემბერი, 13:11 ნისლით მოცულ ხავერდის ცაში სიყვარულით მთვრალი მთვარე დაბარბაცებს. აღარ ვართ ჩვენ, არის მხოლოდ ის და ვარ მხოლოდ მე... კვლავ გაწვიმდა და შეემატა ჩემს სახეზე თვალთაგან ჩამონადენ ცრემლებს წვიმის წვეთებიც. ისეთი შემართებით მეცემა, რომ უფალმა ერთ დროს ნაკურთხი სიყვარულის დანგრევის უფლებაც კი მიანიჭა. ჩვენ ერთმანეთს აღარ ვუმზერთ, მზეც აღარ დაგვნათის ციდან, მხოლოდ წვიმა მოშხაპუნებს თავგამეტებით უკუნით სიბნელეში და ბედნიერად ასრულებს უფლისგან დაკისრებულ მისიას- ანგრევს სიყვარულის ხიდებს. წვიმს და ჩვენი ცხოვრებაც გაირინდა ამ წვიმაში. მე და ის... ის და მე... ჩვენ ორივე ერთად... აღარ ვართ ჩვენ, არის მხოლოდ ის და ვარ მხოლოდ მე! ერთ დროს, როდესაც ჩვენმა მზერამ ერთმანეთი გადაკვეთა, წვიმა წამოვიდა და წვიმის წვეთები, რომლებშიც ჩვენი ცხოვრება იყო -- გარინდული იქცა ჩვენად. სიყვარული ბრიყვთა ცნებააო ამბობენ, რადგან მისი არსი წარმავალობას ატარებს, თუმცა მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც განვიცდი და არა იმას, რასაც ამბობენ- მე მიყვარს იგი მთელი არსებით; მიყვარს ის, თუ ვინ გავხდი მის გვერდით; მინდა ცხოვრება, რადგან არსებობს სიკვდილი; მიზიდავს სიკეთე, რადგან არსებობს ბოროტება და ვოცნებობ მასზე, რადგან დამიდგა "უიმისობა"... ჩემს უკუნით ცხოვრებაში შემოიჭრა იგი და გაანათა ბნელი, რა ლამაზი იყო "ყველა ფერი"... სამყარო, რომელიც გრძნობებით მოზღვავებულმა თვითონ შევქმენი, თვალწინ დამენგრა. გუშინდელმა ყველაფერზე ამიხილა თვალი და ლამაზი სიზმარივით ყველაფერი უმალ დასრულდა- უსასრულო ცხოვრების აზრი, ნათელი ოცნება, დამთვრალი მონატრება. ნისლში გახვეული, ქვაფენილს მარტო მივაბიჯებ შემოდგომის ცივ ღამეს და გადაღლილ გონებას ნელ-ნელა უჭირს აზრების დაწყობა, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ მომენატრება შენი ღიმილი, შენი ჩახუტება და ქუჩაში მოსეირნე წყვილს რომ დავინახავ, გამახსენდები, მოკლული გული უკანასკნელად გაიფართხალებს და გაგიჟებული თვალებით დაგიწყებ ძებნას. გტოვებ იმიტომ, რომ ორივესთვის ასეა უკეთესი. შენ არ გეთმობოდი, თუმცა მე მაინც დაგთმე, ვეღარ გავუძლებ დროის უკუღმართობას და არ მინდა უძლურს მიყურო, დაგავიწყდები მალე. მხოლოდ ის არ მასვენებს, რომ უკანასკნელი საუბრისას ვიცრუე "აღარ მიყვარხარ" მეთქი, წყეულ ტყუილებს ხომ საშინლად ვერ ვიტან! მივდივარ, თუმცა ვიცი ვერ გავუძლებ სასტიკ ცხოვრებას უშენოდ ამ უკუნით ნისლებში, ჩვენი ერთად ყოფნაც შეუძლებელია. 65 16-ს მოსწონს
|