x
image
ნინონი79
ღირსი გერასიმე

image
ღირსი გერასიმე ბერად აღკვეცის შემდეგ თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა.
წმიდა გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც ხაფი ხმით ღრიალებდა, რადგან ეკალი შესობოდა და დაჩირქებული თათი საშინელ ტკივილს ჰგვრიდა. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, მტკივანი ფეხი გაუშვირა და შველა სთხოვა. ბერმა უწამლა გასაჭირში მყოფ ლომს - ჩაიმუხლა. მისი ფეხი კალთაში ჩაიდო, ჭრილობა ფრთხილად გაუფართოვა, ეკალი ამოაძრო, მერე ნაიარევი სათუთად გაუწმინდა ჩირქისაგან, ტილოთი გადაუხვია და გაუშვა. მაგრამ ტკივილისაგან განთავისუფლებული ლომი აღარ მოსცილდა ბერს - ბეჯითი მოწაფესავით, სადაც გერასიმე წავიდოდა, ლომიც იქით მიჰყვებოდა. ღირსი მამა გაკვირვებული იყო მხეცის ასეთი მადლიერებით. ამის შემდეგ ის საკვებით ამარაგებდა ხოლმე ლომს - პურითა და მცენარეული ნაყოფით ასაზრდოებდა.

image

უდაბნოში მოღვაწე მამებს ჰყავდათ ერთი ვირი, რომლითაც იორდანიდან წყალს ეზიდებოდნენ. ლავრა იორდანეს დაშორებული იყო ერთი მილით. მამები ჩააბარებდნენ ხოლმე ლომს ვირს, რათა ებალახებინა მდინარის პირას. ერთხელაც ვირი დიდი მანძილით დასცილდა ლომს. ამ დროს აქლემებით ჩამოიარეს არაბეთიდან გადმოსულმა მექარავნეებმა. მათ შენიშნეს უპატრონოდ მიტოვებული ვირი და თან გაიყოლეს. ვირის დამკარგავი ლომი ყურებჩამოყრილი, მოწყენილი სახით დაბრუნდა ღირს მამასთან. ბერმა იფიქრა, რომ ლომს შემოეჭამა ვირი და ჰკითხა: - სად არის სახედარი? ლომი იდგა მდუმარედ, თავჩაქინდრული, დანაშაულზე წასწრებული ადამიანივით. ბერმა ჯერ გაუმეორა კითხვა და მერე დატუქსა: „თუ შენ შეჭამე ვირი, ამიერიდან მისი შესასრულებელი საქმე შენ დაგეკისრება“. მას შემდეგ ლომი, ბერის მითითებისამებრ, თავად დაატარებდა ოთხ სათლ წყალს იორდანიდან.


image

გამოხდა ხანი და ვირის წამყვან მექარავნეს, პურის გასაყიდად წმიდა ქალაქს მიმავალს, ისევ მოუხდა ძველ ადგილას გავლა, ვირიც თან ახლდა. როდესაც იორდანეზე გადადიოდნენ, მოულოდნელად შეეფეთნენ ლომს. ლომმა იცნო ვირი და სიხარულის ყიჟინით მიეჭრა. შეშინებულმა მექარავნემ და მისმა მხლებლებმა შიშით მოქუსლეს და თავიანთი ავლადიდება დატოვეს. დაკარგული პირუტყვის პოვნით გახარებულმა ლომმა დანდობილი კბილის გაკვრით (როგორც ადრე უბიძგებდა ხოლმე საქმის საკეთებლად) სულ ხტუნვითა და კუნტრუშით მიდენა ვირი ბერთან, თან მექარავნეთაგან მიტოვებული ხორბლით დატვირთული აქლემებიც გაიყოლა. გერასიმე, რომელიც აქამდე ლომს ვირის შეჭმაში სდებდა ბრალს, ახლა მიხვდა, რომ უდანაშაულოდ იხდიდა მხეცი სასჯელს და მას ამიერიდან სახელად „იორდანე“ უწოდა. ამის შემდეგ ლომი კიდევ ხუთი წელი იყო ლავრაში და ბერს არ შორდებოდა.

imageროდესაც გერასიმე აღესრულა და მამებმა პატივით დაკრძალეს, ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ ლომი იქ არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ მონასტერში დაბრუნდა ლომი და იწყო ბერის ძებნა. ბერის მოწაფემ ამბა სამბატიოსმა სევდიანად უთხრა ლომს: - იორდანე, დაგვტოვა ჩვენ ბერმა ობლად და გადასახლდა ღვთის სასუფეველში! შესთავაზა საკვები, მაგრამ ლომმა არ ისურვა საჭმლის მიღება, არამედ აქეთ-იქით იხედებოდა, თვალებით გერასიმეს ეძებდა და რომ ვერ პოულობდა, საზარლად ბრდღვინავდა. მამა სამბატიოსი და ბერის სხვა მოწაფენი ფაფარზე უსვამდნენ ხელს და ეუბნებოდნენ: - წავიდა ჩვენი მამა უფალთან და დაგვტოვა მარტო. მაგრამ ამით ვერ აოკებდნენ ლომის წუხილს, პირიქით, რაც მეტად ამშვიდებდნენ, მით მეტად დრტვინავდა და ისეთ ხმებს გამოსცემდა, რომ მისი ხმაც და თვალებიც მეტყველებდნენ - საშინლად განიცდიდა გერასიმეს არყოფნას. მაშინ მამა სამბატიოსმა უთხრა მას: - რადგან არ გჯერა ჩვენი ნათქვამის, წამოდი და გიჩვენებ იმ ადგილს, სადაც დავმარხეთ ჩვენი მამა. და წაიყვანა ლომი ბერის საფლავთან, სადაც მან მუხლი მოიყარა და ტირილით უთხრა ლომს: - აი, აქ მარხია ჩვენი მამა. ლომმა ერთი საწყალობლად დაიღრიალა, დრუნჩით მიწას ჩაემხო და იქვე განუტევა სული ბერის საფლავზე.

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0