რელიგია რას ნიშნავს ანიმატიზმი, დემონოლოგია,მამონა, მეტაფსიქოზი და ვინ არიან უნიტარიები, იეზუიტები, იეღოვისტები, ორმოცდაათიანელნი 2014, 12 დეკემბერი, 22:53 ანიმატიზმი - (ლათ.ანიმატუს-გაცოცხლებული, გასულიერებული)-ყოველი რელიგიისათვის დამახასიათებელი უძველესი წარმოდგენა ბუნების გაუპიროვნებელ ძალაზე, რომლის წყალობითაც თითქოს ხდება უხვი მოსავლის მოწევა, პირუტყვის გამრავლება, წარმატება ნადირობაში, თევზაობაში, ბრძოლაში თუ შრომაში (ინდიელთა, ესკიმოსთა და სხვა ხალხთა რწმენით). ეს ძალა არაა გაპიროვნებული, მაგრამ ჩანს, არის უძველესი ცდა სამყაროს ერთ მთლიანობაში გააზრებისა.
დემონოლოგია - (ბერძნ. დემონ-ღვთაება, ზებუნებრივი არსება. ლოგოს- მოძღვრება)-რელიგიური მოძღვრება დემონებზე, ცრუმორწმუნეობა, რომლის მიხედვითაც არსებობენ ბოროტი დემონები, ავსულები, კუდიანები, ტროლები, ქაჯები, ჭინკები და ა.შ. განსაკუთრებით ძლიერი იყო ეს რწმენა ძველ ქვეყნებში, შუმერში, ბაბილონში, ძველ ირანში, საიდანაც მერე გადავიდა იუდაიზმში, ქრისტიანობაში და ისლამში. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ აქედან შექმნა მთელი მოძღვრება ეშმაკის, ყველა ცოდვის წყაროს -სატანის შესახებ. პრაქტიკულად ამ რწმენის საშინელი შედეგი იყო ის, რომ უამრავ უდანაშაულო ადამიანს ბრალს სდებდნენ, ეშმაკი ჩაგიჯდაო, დემონის მონა ხარო, კუდიანი ხარო, რასაც მოსდევდა შმაკეულთა და კუდიანთა წამება, "ეშმაკის განდევნის" მტანჯველი ცერემონიალი (ბნედიანთა და სხვ.) და მასობრივი წამება, კოცონზე დაწვა უდანაშაულო ადამიანებისა, ეკლესიის რწმენით ადამიანები ყველგან დემონებითაა გარემოცული და მათგან დახსნა შეუძლია მხოლოდ ლოცვას, წმ. ნაწილებს, საეკლესიო წესების დაცვას. დოქტრინა დემონებზე ეკლესიის განუყოფელი ნაწილი იყო და მის შედეგად ინკვიზიციამ ათი ათასობით ადამიანი აწამა. ამავე ცრუ რწმენასთანაა დაკავშრებული მისნობა, მკითხაობა, შამანთა მოქმედება. ბოროტ ძალთაგან ადამიანთა სულების ხსნას მოსდევდა მათი ხორცის უსარგებლო წამება. "არ არსებობს დემონი, ადამიანზე მავნე და საშიში", -იტყოდა ხალხი და გულისხმობდა ინკვიზიტორებს. მამონა - (არამ. "საუნჯე") ძველ სირიელთა სიმდიდრის ღმერთი, რომელსაც ერთ დროს ებრაელებიც სცემდნენ თაყვანს, შემდეგ ეს მავნე ერესად ჩაითვალა. ქრისტიანობამაც სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, როგორც მაცდურს, სიმდიდრისა და მომხვეჭელობის მფარვლს. ის სახარებაში ანგარების სინონიმია. მეტაფსიქოზი - (ბერძნ. მეტემფსიხოზი-სულთა გადასახლება)-რელიგიურ-მისტიკური შეხედულება სულის გადასახლებაზე მიცვალებულის სხეულიდან ახალშობილის ან მეორე არსების სხეულში, სულის რეინკარნაცია. რწმენა უძველესი დროისაა, დადასტურებულია აზიაში, ჩრდ. ამერიკის ინდიელთა შორის, მაგრამ მთელი სისრულით დამუშავდა ინდოეთში. წინაპრის სული მეტაფსიქოზის კანონის ძალით შესახლდება მემკვიდრეში, თანაც ეს წინაპარი ხშირად ტოტემური, ცხოველისეულია. ადამიანი მოვალეა იყოს მართლმორწმუნე, ესწრაფოს სრულყოფას, რის შედეგადაც მისი სული შესახლდება უფრო მაღალ, სრულყოფილ სხეულში, ან თუ მიაღწია კარმას, მოქმედების სრულყოფას, თავისი "მომავლისათვის ზრუნვას", მაშინ შეიძლება სულაც შეწყდეს სანსარა-გარდაქმნა და სულის გადასალება, შეწყდება ნირვანა და ადამიანი ქრება, როგორც ჭრაქი, რომელშიც ზეთი ილევა. ის თავისუფლდება ყოველგვარი გარდაქმნისა და მიწიერი ვნებისაგან. ბუდისტები სულის უკვდავებას და გადასახლებას უარყოფენ, მაგრამ ადამიანის სულიერი, ფსიქიური და ფიზიკური ძალების კომპლექსი გარდაცვალების შემდეგ კვლავ შეიყრებიან და ახალი პიროვნება წარმოიქმნბა. თუ ადამიანი ცოდვილია და უღირსი, ინდუიზმის მხედვით მისი სული გადასახლდება უფრო დაბალ არსებაში, ან ცხოველში, ან მწერში, ასპიტშიც კი. ამისი შიში მრავალ მორწმუნებს აიძულებს, თავის ნირვანას შეეწიროს. იეზუიტები - (ლათ. სოციეტას იესუ-იესოს საზოგადოება) - კათოლიკე ბერთა მკაცრი ორდენი, დაარსებული ესპანელი ბერის, ფანატიკოს იგნატი ლოიოლას (1491-1556) მიერ 1534 წელს, დამტკიცებული პავლე III მიერ 1540 წელს. პირველი გენერალი იყო ლოიოლა. თავიდანვე იქცა კონტრრეფორმაციის ბასრ იარაღად, მონაწილეობდა ინკვიზიციის მუშაობაში, ცეცხლითა და მახვილით თრგუნავდა პაპის მტრებს, კოცონზე იწვოდა ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი. თვით ლოიოლა რკინის ნებისყოფის ადამიანი იყო, ორივე ფეხი ფრანგებთან ბრძოლაში დაუსახიჩრდა. ჩამომავლობით ბასკი ყველაფერში პირველობდა და ქვეშევრდომებისგანაც რკინის ნებისყოფას ითხოვდა. იეზუიტები იბრძოდნენ მეცნიერთა წინააღმდეგ, XVII ს-ში პარაგვაიში დააფუძნეს მონათმფლობელრი სახელმწიფო, ერეოდნ პოლიტიკურ ცხოვრებაში და აღშფოთებულმა მონარქებმაც კი ვერ მოუთმინეს, განდევნეს ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. 1773 წელს კლიმენტ XIV -მ ორდენი დაშალა, რესტავრაციის დროს პიუს VII-მ აღადგინა, 1965წელს კი პავლე VI-მ დაავალა ათეიზმთან ბრძოლა.იქცნენ ფაშისტების მოკავშირეებად სოციალიზმთან ბრძოლაში. ადრევე გახსნეს უამრავი სკოლა, დღესაც კათოლიკური სარწმუნების კადრებს ამზადებენ. ჰყავთ გენერალი "შავი პაპი", რომელსაც უსაზღვრო ძალაუფლება ენიჭება აღსასრულამდე. არაა სავალდებულო ბერის სამოსის ტარება, ბევრი იეზუიტი ფარავს თავის წევრობას. იეღოვისტები- იეღოვას (იაღვეს) მოწმეები-უაღრესად რეაქციული რელიგიური მიმდინარეობა, სექტა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში (შტაბ-ცენტრია ნიუ-იორკის გარეუბანში, ბრუკლინში), 1872 წელს, როცა სექტა ვაჭარმა, ჩარლზ რასელმა გამოყო "მეორედ მოსვლის" მქადაგებელ ადვენტისტების სექტისაგან. 1931 წელს ეწოდა "იეღოვას მოწმეთა" სექტა. მისი პრეზიდენტი ითვლება იეღოვას მოადგილედ დედამიწაზე, აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება, უამრავი ფილიალი მსოფლიოში, ფლობს თითქმის უფასო პრესას, რადიოს, ორგანოებს ("საგუშაგო კოშკი" "ინფორმატორი") ამყარებს მკაცრ წესრიგს. ჰგავს ადვენტისტებს, განირჩევა ზოგი რამით: სწამს სამების ნაცვლად მხოლოდ იეღოვა, რომლის ნების ამსრულებელიც არის ქრისტე (ის არაა ღმერთი); სამყაროში ერთმანეთს ებრძვის ორი საწყისი: იეღოვა და სატანა (ლუციფერი). საბოლოო ბრძოლაში (არმაგედონი) დაიღუპება ლუციფერი და მისი არმია. არ სწამთ სულის უკვდავების, არც სამოთხის, 144 000 იეღოვისტი ნტართა რანგში ავა, სხვას დაღუპვა ელის.სსრ კავშირში ნაწილი ფარულად ეწეოდა მოქმედებას სოციალიზმის წინააღმდეგ, უარყოფდნენ თვით მშვიდობისათვის ბრძოლას. პირველად ნახევარ მილიონამდე წევრი ჰყავდათ, ამჟამად თითქმის მთელს მსოფლიოში ქადაგებენ. პირველად იეღოვსტები იყვნენ მოსეს ხუთწიგნეულის მკვლევარნი. შემდეგ იქცა მკაცრ სექტად, რომლის რწმენითაც 1914 წელს უკვე მოევლინა ქვეყანას სატანა, ასე რომ მეორედ მოსვლა უკვე იყო და უნდა ველოდეთ საყოველთაო განაჩენს, დაღუპვას, ცეცხლს, წარღვნას. ორმოცდაათიანელნი - "სახარებისეული ქრისტიანები", რომელნიც ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ცად ამაღლების შემდეგ 50 დღე და მოციქულებზე სულიწმინდის მოფენის წყალობით მათ მიიღეს წინასწარმეტყველური ქადაგების უფლება სხვადასხვა ენებზე. სექტანტურ-პროტესტანტური მიმდინარეობა ჩამოყალიბდა XX ს-ის დასაწყისში (აშშ-ში). დიდი როლი ენიჭება მეორედ მოსვლის, წარღვნის, სამყროს აღსასრულისა და განკითხვის დღის მოტივებს, მისტიკურ კავშირს ღმერთთან, რისი მიღწევაც თითქოს შეუძლია უფლისაგან ამორჩეულ განდგომილ მორწმუნეს, მძიმე მარხვითა და მომქანცველი ლოცვა-ვედრებით, რომ "სულიწმინდის იარაღად" იქცევა, სინამდვილეში კი ბოდვის მდგომარეობა აღმოჩნდება და სიშმაგემდე, ურჯუკობამდე მიდის, ეგზალტირებულია და ბოდვით წარმოთქვამს ბუნდოვან სიტყვებს. უნიტარიები - (ლათ. უნიტას-ერთიანობა) -ღმერთის სამერთიანობის დოგმატის უარმყოფელ ქრისტიანთა კავშირი, ჩამოყალიბდა ქრისტიანობის მთავარი დოგმატის ჩამოყალიბებასთან ერთად. (II-IV ს.). ცნობენ ერთიან და არა სამპიროვან ღმერთს. პირველად უწოდებდნენ ანტიტრინიტარიებს (ტრინიტას-სამება, ანტი-წინააღმდეგი). ძე-ღმერთი და სულიწმინდა მიაჩნდათ არა ღმერთებად, არამედ ღმერთის გამოვლინებად. აიტაცეს პროტესტანტებმა იტალიასა და პოლონეთში, სადაც მათ სოცინიანები ეწოდათ. შემდეგ უკვე ამერიკაში. დევნიდნენ კათოლიკები, აგრეთვე პროტესტანტებიც. ამჟამად ცოტანი არიან (აშშ-ში 10 000, ინგლისში 25 000-მდე). მათი წარმოდგენით ღმერთია მსოფლიო გონება, თითქმის ბუნებასთან გაიგივებული (ამით უახლოვდებიან დეიზმსა და პანთეიზმს). დიდი ექიმი სერვეტი ნელ ცეცხლზე დაწვეს უნიტარიების მხარდაჭერისთვის (დიქტატორის, "ჟენევის პაპის" კალვინის ბრძანებით). ინგლისელი მეცნიერი, ჯონ პრისტლი იძულებული გახდა ამერიკაში გადასახლებულიყო. რჯულშემწყნარელობის კანონი ინგლისში უნიტარიებს შეეხო მხოლოდ 1813 წელს. წყარო: აკაკი გელოვანი "რწმენა, ღმერთები, ადამიანები" (1990 წ) 665 4-ს მოსწონს
|