x
გალაშქრება სომხეთში და ანისის აღება

შირვანში და რანში რომ ლაშქრობას მორჩა, დავით აღმაშენებელმა იმავე 1123 წელს ”მაისსა აიხუნა სომხითისა ციხენი” გაგნი, ტერუნაკალი, ქავაზნი, ნორ [ა]ბე[რ]დი, მანასგომნი და ტალინჯაქარი და ივნისს წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა-კარნიფორი, ბასიანნი სპერამდინ და რაცა პოვა თურქმანნი მოსრნა და ტყუე ყო, ჩამოვლო ბუიათაყური და დაწუნა ოლთისნი და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა”.
ამ ცნობასაც ამოწმებენ სომეხი ისტორიკოსები ვარდანი და სტეფანოს ორბელიანი; პირველი სახელდობრ ამბობს, რომ დავითმა თავისი საბრძანებელი გააფართოვა ოლთისისა და მის მიმდგომ ქვეყნის გაგისა, ტერუნაკანისა, მანკაბერდისა და სომხითის უმეტეს ნაწილის დაპყრობითა; ხოლო მეორე ტავუშის, გაგისა, ტერუნა-კანის და ლორეს და ანი. შემოერთებას იხსენიებს.
ახლად დათხოვნილს ჯარს ჯერ კიდევ ხეირიანად არც-კი დაესვენა, რომ იმავე 1123 წელს ”აგვისტოსა კ(20)მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი, მოაâსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა”; მეფემ საჩქაროდ ლაშქარი შეჰყარა და სამს დღეში მას უკვე ”სამეოცი ათასი წინაშე უდგა; წარემართა, მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად... წარმოიყუანა (ა)ბულასვა (რ) რვათა ძეთა მისთა თანა... და ჩაგზავნა აფხაზეთს და ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი»-ო. ქართველი ისტორიკოსის ეს ცნობაც საუცხოვოდა მტკიცდება სომეხთა ისტორიკოსების მათე ურჰაელისა და ვარდანის მოწმობით; მათე ამბობს, რომ ქართველთა მეფემ დავითმა «აიღო სომეხთა სამეფო ქალაქი ანისი და მანუჩეს შვილები წამოიყვანა ანისითგან ტფილისში და განათავისუფლა სამეფო ქალაქი ანისი, რომელიც 60 წლის განმავლობაში მონობაში იყო»-ო, ვარდანის მოთხრობა უფრო ვრცელია და ქართველი ისტორიკოსის ცნობებს უკეთ ამოწმებს: «ამ დროს (ე. ი. დავით აღმაშენებელის მეფობაში) რაკი ანისის ამირა მანუჩე მოკვდა, ქალაქს ჰფლობდა მისი შვილი აბლსოვარ, მხდალი და ლაჩარი ადამიანი, რომელსაც უნდოდა ანისი კარის ამირასთვის მიეყიდნა 60000 დინარად; აგრეთვე ხლათითგან ერთი ძვირფასი და საუცხოვო ნალი (მთვარის სახე) მოატაინა, კათოლიკე-ეკლესიითგან ჩამოაღებინა წინაპართა მიერ აღმართული (ჯვარი) და გუმბათზე გააკეთებინა. ამით გულმოსულმა ქრისტიანებმა დავით მეფე მიიწვიეს და ქალაქი ანისი მისცეს... მეფემ ანისში აბულეთი და მისი შვილი ივანე დაუტევა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა, ხოლო აბლსოვარი შვილებითურთ თან წაიყვანა»-ო. მათე ურჰაელი ანისის დაპყრობის თარიღად შეცდომით 1124 წელსა სდებს, სტეფანოს ორბელიანი-კი ქართველ ისტორიკოსსავით 1123 წელს.
ქალაქ ანისის მაჰმადიანთა ბატონობისაგან განთავისუფლება დავით აღმაშენებელს დიდის ამბით უდღესასწაულია. მათე ურჰაელის სიტყვით, როდესაც საქართველოს მეფემ მეფეთა საჯდომი ქალაქი ანისი, რომელიც სამოცის წელიწადის განმავლობაში მონობაში იყო, და ანისის სახელოვანი და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, რომელიც მიზგითად იყო ქცეული, განათავისუფლა, მან სომეხთა ეპისკოპოსნი და ხუცესნი და მოწესენი შეკრიბა და აკურთხა წმიდა კათოლიკე დიდის ზეიმითა»-ო. ამგვარივე, მაგრამ უფრო ვრცელი მოთხრობა შენახულია ამ საგანზე ერთს ქართულს საისტორიო წყაროში, რომელიც სხვადასხვა ძველი თხზულებებითგან ამოკრეფილ ცნობებს შეიცავს. იქ სახელდობრ ნათქვამია: »ამავ ქრონიკონსა სამას ორმოცდა სამს (=1123 წ.) წაუღო მანვე (დავით) აღმაშენებელმან ანის(ის) ქალაქი ალფარსლანიანთა და მოსწყვიტნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მიძგითად მოეკაზმა და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყოთ. იმუქაფა ღმრთის-მოყვარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავე მან მორწყო, საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალს კატრონიტეს, და იქი ესაფლავა. მივიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი. დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითან მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახნა: »გიხაროდენ, შენ დედოფალო, რამეთუ იâსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა âელთაგან».
ანისის აღების შემდგომ დავით მეფემ «ანისის მცუელად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წამოვიდა ქართლად». აქ ცოტას ხანს თავისი ჯარი დაასვენა და მერმე, როგორც უკვე აღნიშნული იყო, »წარემართა შარვანს, აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბიკირტი და სრულიად ყოველი შარვანი». დაპყრობილი ქვეყნის მცველად «დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი ჰერნი და კახნი»; ხოლო «გამგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თჳსი სჳმონ ჭ.ონდიდელი მთავარეპისკოპოსი მაშინ ბედიელ-ალავერდელი».
ამას რომ მორჩა ეხლა «ყივჩაყთა თÕსთა უჩინა საზამთრო სადგური და საზრდელი და კაცნი ზედამდგომნი მათნი» და სამზადისში იყო იმიტომ, რომ «ეგულებოდა გაზაფხული (1124 წ.) ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა». ამიერ-კავკასიითგან საქართველოში რომ დავით აღმაშენებელმა მუდმივი ჯარის შესაქმნელად ყივჩაყნი გადმოასახლა, საისტორიო წყაროებში მათი დაბინავების ადგილი არსად აღნიშნული არ არის. ამიტომ ასეთი დემოგრაფიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხი გამოურკვეველია. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ერთი გაკვრით მოყვანილი ცნობა ამ საკითხის გამორკვევის საშუალებას გვაწვდის. მას ნათქვამი აქვს: მეფე «მოვიდა ქართლად და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთრო სადგური და საზრდელი და კაცნი ზედამდგომნი მათნი და განაგო ყოველი საქმე ქართლისა»-ო. ამ ცნობითგან ცხადი ხდება, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყებისათვის საზამთრო სადგომი ქართლში მიუჩენია. ისტორიკოსისაგან ნახმარი გამონათქვამი »საზამთრო სადგური» გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში გადმოსახლებულ ყივჩაყებს «საზაფხულო სადგური»-ც უნდა ჰქონოდათ. ეს გარემოება არც გასაკვირველია, რათგან ყივჩაყნი, ვითარცა უმთავრესად მესაქონლეობას მიმდევარი ხალხი სამშობლოშიაც საზაფხულო და საზამთრო საძოვრებს იქმნებოდნენ მიჩვეულნი. ამიტომ სანამ საქართველოში მიწათმოქმედებას გაიხდიდნენ თავიანთი არსებობის მთავარ წყაროდ და მკვიდრ ბინადრობას მიეჩვეოდნენ, მანამდის მათთვის ზამთრისა და ზაფხულისათვის ცალცალკე სადგომები აუცილებელი იქმნებოდა. მაგრამ რაკი საზამთრო სადგურისათვის მოსახლეს შენობები სჭირდება, ამიტომ სწორედ ეს საზამთრო სადგომი ხდება ხოლმე თანდათანობით მკვიდრ მოსახლეობის წესის შემთვისებლისათვის მის მუდმივ სამოსახლო ადგილად. ამის გამო უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ დავით აღმაშენებელს ჩრდილოეთითგან გადმოყვანილი ყივჩაყნი ქართლში დაუსახლებია.
ბაგრატ IV მეფობის ბოლოს და გიორგი II მთელი მეფობის განმავლობაში გარეშე მტრის, სელჩუკიანი თურქების, შემოსევის წყალობით აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობა ძალზე დაზიანდა და შეთხელდა, მეტადრე ქართლი იყო აოხრებული ამიტომ დავით აღმაშენებლის მხრით სრულებით ბუნებრივი იყო, რომ იმიერ-კავკასიითგან გადმოყვანილი ყივჩაყნი სწორედ იქ დაესახლებინა, სადაც საქართველოში ბინადრობის ნაკლებობა ყველაზე უფრო საგრძნობი იყო. მარტო სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც რომ შეეხედა ადამიანს, ქართლში მოსახლეობის შეთხელება დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იმას გარდა, რომ ეკონომიურ-ფინანსურადაც საქართველოს სახელმწიფოსათვის ეს გარემოება მეტად საზარალო იყო, ზემო აღნიშნულ გარემოებათა გამო, საფიქრებელია, რომ დავით აღმაშენებლისათვის საქართველოს სახელმწიფოებრივი კეთილდღეობის მოსაზრებასაც უნდა ეკარნახა, რომ ჩრდილოეთითგან გადმოყვანილი ყივჩაყები სწორედ ქართლში დაესახლებინა. ამით საქართველოს ამ შუაგულის ნაოხარი ადგილების გაკაცრიელება შეეძლო და ბრძენი მეფის ისტორიკოსსაც დავითის მრავალ სხვა ღვაწლთა შორის აღნიშნული აქვს, რომ მან მაშინდელ საქართველოში «აღაშენა ყოველი ოჴერ-ქმნილი» საქართველოს მეზობლებს ეს არ გამოეპარებოდათ და ყოველი ღონისძიებით ცდილობდნენ, რომ განსაცდელი თავითგან აეცდინათ: «ამისთÕსაცა ზედას-ზედა წარმოავლენდეს მოციქულთა ძღუენითა მომშუიდებად პირსა მისსა და წარმოცნის საჭურჭლენი მძიმენი ტურფანი მრავალ-ფერნი, მფრინველნი და ნადირთა უცხონი და ძვირად საპოვნელნი და ეძიებენ მშვიდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთა- გან არა რბევასა». ამ სამზადისში და მეზობელ ხელმწიფეთა მოციქულთა და მეძღვნეთა მიმოსვლაში დაილია 1124 წელს და საქართველოს მბრძანებელს «აქუნდა ყოვლით კერძო მშვიდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა». დადგა 1125 წელიც, როდესაც დიდებული მეფე ალბათ იმ «დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა» განხორციელებას უნდა შესდგომოდა, რომელთა ქმნაც «ეგულებოდა», მაგრამ «დიდმან წინაგამგებელმან ცხოვრებისა ჩუენისამან... რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა წელთა ჩუენთა». სხვაფრივ განაგო და «ჟამსა ზამთრისასა არა გარეგან სადმე ნაკიდურსა, არამედ საშუალ თÕსთა სამეფოთა ადგილთა» ქ. ტფილისში395 საქართველოს გმირის მრავალნაყოფიერი და მშვენიერი ცხოვრება შესწყდა: «იყო მაშინ თთუე იანვარი: კ՜დ:—(24) და დღე შაბათი ოდეს ქრონიკონი იყო:—ტ՜მ՜ე:»—(345) ანუ 1125 წელს ქ. შ.
image

0
295
4-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0