ქალი და მამაკაცი ქალები, რომლებიც გენიოსების მუზები გახდნენ 2015, 24 ივლისი, 11:19 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომელთა სახელები ისტორიამ შემოინახა, როგორც ცნობილი გენიოსების შთაგონების წყაროები. 1. გალა გალა (ელენა ივანოვნა დიაკონოვა) ჯერ ფრანგი პოეტის, პოლ ელუარის მეუღლე იყო, შემდეგ კი - გენიოსი მხატვრის, სალვადორ დალის. დალისთვის გალა შეიძლება ყოველთვის ერთგული ქალი ვერ იყო, მაგრამ მეგობრობას კი ნამდვილად ერთგულს უწევდა: ჭირსა და ლხინში, სიღარიბესა და სიმდიდრეში ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ. გალა ყველაფერს აკეთებდა დალის შემოქმედების ხელშესაწყობად: იყო მისი მუზა, ეძებდა მისი ნამუშევრებისთვის მყიდველებს, ქმნიდა დალისგან ბრენდს და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პოულობდა დალისთვის სამუშაოს ფულის საშოვნელად. 2. ლილია ბრიკი ლილია ბრიკი, ცნობილი, როგორც ვლადიმირ მაიაკოვსკის მუზა, იმ ქალთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ნაკლებ სიმპატიას იწვევენ. მკაცრ და ძალაუფლების მოყვარე ქალბატონს ნამდვილი ტალანტების გამოცნობა შეეძლო, "იჭერდა" მათ თავისი გულგრილობით და მანიპულაციებით. მაიაკოვსკი 15 წლის მანძილზე ითმენდა ლილიას "თამაშს" და მისგან სახალხო დამცირებებს. პოეტი ცდილობდა მის დავიწყებას, მაგრამ ქალი სხვადასხვაგვარი მანიპულაციების საშუალებით ახერხებდა მის "ხელში ჭერას" და ყოველთვის უშლიდა ხელს სხვასთან ოჯახის შექმნაში. არსებობს ვერსიები, რომელთა მიხედვით, მაიაკოვსკიმ თავი სწორედ მის გამო მოიკლა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პოეტის სიკვდილის შემდეგ ლილია ყველანაირად ცდილობდა, რომ მაიაკოვსკის კრებულების გამოცემა არ შეწყვეტილიყო. მაგრამ რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი - პოეტისადმი სიყვარული და პატივისცემა თუ მის ხელნაწერებზე საავტორო უფლების მოპოვება - ეს სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება. 3. ბეატრიჩე ბეატრიჩე, სავარაუდოდ ბეატრიჩე პორტინარი, იგივე ბიჩე იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის საყვარელი ქალი და შთაგონების წყარო იყო. ბიჩემ არც კი იცოდა რომ მსოფლიოს უდიდესი პოეტი მასზე შეყვარებული იყო. ისინი ერთ წრეში ტრიალებდნენ, ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ორჯერ ესაუბრნენ ერთმანეთს: პირველად როდესაც ბიჩე 8 წლის, დანტე კი 9 წლის იყო; მეორედ კი 9 წლის შემდეგ. გოგონას სილამაზემ და თავდაჭერილობამ მოხიბლა ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც თავისი გრძნობის დამალვა დაიწყო. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი იყო: დანტეს არ სურდა თავისი გრძნობით შეურაცხყოფა მიეყენებინა ქალიშვილისთვის. მალე ბიჩე სხვაზე გაათხოვეს, მაგრამ 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა. პოეტი იმდენად განიცდიდა ამ დანაკარგს, რომ ახლობლებს ეშინოდათ, საყვარელ ქალს ისიც არ გადაჰყოლოდა. ამ ტრაგედიამ დანტე აიძულა სხვაგვარად ეფიქრა ცხოვრებაზე და შედეგად გაჩნდა ლიტერატურული შედევრი სახელწოდებით La Vita Nuova ("ახალი ცხოვრება"), რაც წარმოადგენს ბეატრიჩესადმი სიყვარულზე დაწერილ პოეტურ-პროზაულ კრებულს. 4. სასკია სასკიას (სასკია ფონ ეილენბიურხი) სახელი კარგად არის ცნობილი მათთვის, ვისაც ფერწერასთან აქვს შეხება. იგი იყო რემბრანდტის მეუღლე და, ზოგის აზრით, მუზა. თუმცა სასკია უფრო მებრძოლი, პრაგმატული მუზის მაგალითია. მას თავად შეუყვარდა რემბრანდტი და მიუხედავად მხატვრის ოჯახის წინააღმდეგობისა, მოახერხა ცოლად გაჰყოლოდა. რემბრანტის ახლობლებს არ მოსწონდათ სასკია, ქალაქელ განებივრებულ გოგოდ თვლიდნენ. თუმცა ეს ასე არ იყო. მან ადრეულ ასაკში დაკარგა დედა და დარჩა 8 დედმამიშვილი. მალე მამაც გარდაეცვალათ. მართალია, სასკიას ოჯახი საკმაოდ მდიდარი იყო, მაგრამ ამ ტრაგედიებმა გოგოს მტკიცე ხასიათი ჩამოუყალიბა. ამის შედეგად სასკიას ცოლად მოყვანის შემდეგ რემბრანდტის საქმეც კარგად წავიდა და ფინანსურად საკმაოდ მყარად მოიკიდეს ფეხი. თუმცა ქორწილიდან 7 წლის შემდეგ სასკია გარდაიცვალა და ფინანსურმა პრობლემებმაც არ დააყოვნა. შეიცვალა მხატვრის თემატიკაც: ნახატებიდან გაქრა ცხოვრებით ტკბობა და მხიარულება და გაჩნდა დარდი გარდასულ ბედნიერ წუთებზე. უცვლელი დარჩა მხოლოდ სასკია, რომლის სახის ამოცნობაც შეიძლება მხატვრის უკანასკნელი პერიოდის ბევრ ნამუშევარში. 5. კამილა მონე კამილა მონე, მოდელი, რომელიც პოზირებდა კლოდ მონესა და ოგიუსტ რენუარისთვის, მონეს ჭეშმარიტი მუზა და შვილის დედა იყო. სწორედ მისმა პორტრეტებმა მოუტანა მხატვარს პირველი სერიოზული აღიარება. კამილას სახე იკვეთება ცნობილი იმპრესიონისტის ნამუშევრების უმრავლესობაში, ხოლო ტილოზე სახელწოდებით "ქალები ბაღში", ერთად 4 კამილა გვხვდება. კამილა უჩვეულოდ ჰგავდა თავად მხატვრის ფერწერის მანერას: ისეთივე სუსტი, ნაზი, მოფარფატე, წარმავალი... ისეთივე "შთაბეჭდილება", რასაც წარმოადგენდა მონეს მთელი იმპრესიონისტული შემოქმედება. 6. ჟანა დუვალი ჟანა დიუვალი, კაბარეს მომღერალი, ფრანგი პოეტისა და მწერლის, შარლ ბოდლერის “იდუმალთა შორის იდუმალი” მუზა და "შავი ვენერა". ჟანა შარლისთვის იყო მისტიურობის, ეგზოტიკის, ფატალური სილამაზისა და სექსუალურობის სიმბოლო. თავისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ბოდლერმა სწორედ ჟანას მიუძღვნა. სიცოცხლის ბოლო წლებში ჟანა დუვალი სიფილისით დაავადდა და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაბრმავდა კიდეც. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში შარლ ბოდლერიც იმავე ავადმყოფობით გარდაიცვალა. 7. ალისა ლიდელი ალისა ლიდელი ინგლისელი მწერლის, ფილოსოფოსის, მათემატიკოსისა და ფოტოგრაფის ლუის კეროლის მუზა იყო. დღემდე არ არის ცნობილი სინამდვილეში რა ურთიერთობა აკავშირებდა ალისას მასზე 20 წლით უფროს ლუისთან, რომელიც თავიდან მისი პედაგოგი იყო, შემდეგ, როგორც ფოტოგრაფი სურათებს უღებდა და მეგობრობდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 32 წლის მწერალმა 12 წლის ბავშვს ხელი სთხოვა.ზოგიერთი მკვლევარი მათ შორის პლატონურ სიყვარულზე საუბრობს, ზოგს კი კეროლი პედოფილადაც მიაჩნია. ასეა თუ ისე, სწორედ ალისა ლიდელი გახდა საყოველთაოდ ცნობილი წიგნის, "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" მთავარი გმირის პროტოტიპი. 737 7-ს მოსწონს
|