უკვე დაჯერებას ვიწყებდით, რომ ჩაკლაპორტის დროინდელი ფილმების მიერ ჩვენი ბებიებისა და დედების გულში დანთებული ცეცხლი სამუდამო ფერფლად იქცა და აი, ინდური სამყარო მთელი თავისი ზიზილ-პიპილებითა და ჭრელა-ჭრულა ორნამენტებით ისევ შემოიპარა ჩვენს ტელესივრცეში. თუმცა ეს უკვე შემოპარვა კი არა, ნამდვილი დაპყრობაა.
ახლა კი შევეცადოთ გავაანალიზოთ, რა ფენომენია ეს ინდური სერიალები?
ძირითადი თემა თითქმის ყველა ინდურ სერიალში ერთია: ერთი მხრივ სიყვარული, მეორე მხრივ კი რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობა.
განსაკუთრებით თვალშისაცემია უამრავი, თავგზაამბნევი და სრულიად გაუგებარი
დღესასწაული. რომ აღარაფერი ვთქვათ საქორწილო ცერემონიალზე, რომელიც გრანდიოზულია და რამდენიმე დღესაც კი გრძელდება. არ გაგიკვირდეთ, თუ საბოლოოდ ნეფეს ან დედოფალს ქორწილზე საერთოდაც გამოცვლიან.
რას აკეთებს ამ დროს პოლიცია? ეს უკანასკნელი თითქმის ყველა ქვეყნის სერიალში მეტ-ნაკლებად უმოქმედოა, მაგრამ ინდური საპნის ოპერების პოლიციელები ამ მხრივ ნამდვილად ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებენ: როგორც წესი, ისინი თავად არაფერს
აკეთებენ, მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების მითითებებს ასრულებენ.
"- რა ხდება აქ?
- ის მკვლელია, დააპატიმრეთ?
- თქვენ დაპატიმრებული ხართ!"
ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრობლემები ინდური სერიალის გმირებისთვის უზარმაზარ, საქვეყნო, საერთაშორისო, პლანეტარულ მასშტაბს იძენს...
სიყვარული? დიახ, სიყვარული ფაბულის მთავარი მამოძრავებელი ხაზია, მაგრამ
მთელი სერიალის მანძილზე შეიძლება ერთ კოცნასაც არ ჰქონდეს ადგილი... სექსზე ხომ
ლაპარაკი ზედმეტია.
დაბოლოს, ყველაზე მთავარი თავისებურება: თქვენ გგონიათ ინდურ სერიალებში მთავარი მსახიობებია? არა! რეჟისორი? ოჰ, ნამდვილად არა, ის მგონი საერთოდაც იშვიათად მიდის გადასაღებ მოედანზე. იქნებ მთავარი სცენარისტია? ღმერთო ჩემო, ნუთუ ის, რომელიც ასეთ არარეალურ ზღაპრებს ერთი ხელის მოსმით წერს? რა თქმა უნდა არა!
მთავარი აქ ო პ ე რ ა ტ ო რ ი ა! სწორედ ოპერატორზეა ბევრი რამ დამოკიდებული. მისი კამერა ტრიალებს მთავარი გმირების გარშემო, იღებს ახლო ხედებს, თითოეულ მიმიკას, ჟესტს, მის თვალს არაფერი გამოეპარება. მას შეუძლია ერთი სცენა, რომელშიც მხოლოდ ერთი ფრაზაა, მთელ სერიად აქციოს.
აი, მაგალითად, რძალმა რაღაც თქვა: ჯერ გვაჩვენებენ რძალს, შემდეგ ქმარს, შემდეგ
დედამთილს, შემდეგ ბებიას, შემდეგ მულს, შემდეგ მულის ქმარს, ამის შემდეგ
მოსამსახურეს, შემდეგ კიდევ ვინმეს, მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება და ასე
გავა მთელი სერია.
დიახ, სასაცილოაო, იტყვით ალბათ.
და მაინც, რატომ არის პოპულარული?
იქნებ იმ ზღაპრული რომანტიზმის გამო, რომელიც რეალურ ცხოვრებაში თითქმის სულ დაიკარგა? იმ ხელის წავლებებისა და შუბლზე ჩამოვარდნილი თმის გასწორების გამო, რომელიც იმდენად დიდი დოზითაა მოცემული, რომ სასაცილოც კი ხდება...
ან იქნებ ჩვენთვის უცნობი ახალი კულტურის მიმართ ინტერესის გამო: ეს ტრადიციები ხომ ასე უცხოა ჩვენთვის, სერიალით კი ისეთი ნაცნობი ხდება...
იქნებ იმ მიამიტური, ზღაპრული სამყაროს გამო, სადაც თითქმის სასწაულები ხდება და ბოროტი ყოველთვის იმარჯვებს კეთილზე...
ან იქნებ...
თუმცა დანარჩენი თქვენთვის მომინდია...
ასე ქვიამ მაგ სერიალს უკვე ნაყურები მაქ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს :-)