ბანკები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოციალური პროექტებისა და განვითარების ცენტრი" იწყებს სამოქალაქო სოლიდარობისა და თანადგომის" აქციას. 2012, 30 მარტი, 14:55 ქვეყანაში არსებულმა უმუშევრობამ გამოიწვია საზოგადოების საშუალო ფენის გაღატაკება. იმის გამო, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილი არ არის დასაქმებული, მათი ოჯახები დარჩნენ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ მიემართათ სხვადასხვა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის და ესარგებლათ სხვადასხვა კატეგორიის სესხებით, როგორც კერძო მევახშეების დახმარებით, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებითა და ბანკებით. ბანკების მიერ გაცემული სესხის მაღალი სარგებელი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფმა ადამიანმა გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა. ამან უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ოჯახები, რასაც მოჰყვა უძრავი ქონების დაკარგვა და მათი საკუთარი სახხოვრებელი ფართების ჩამორთმევა. აღსრულების ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები სავალალოა: 2008 წელს საცხოვრებელი დაკარგა 35728 ოჯახმა; 2009 წელს – 38799; 2010 წელს 47889, ხოლო 2011 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით 28738 ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. სულ საქართველოში უსახლკაროდ დარჩა 151154 ოჯახი. და ეს ციფრი ყოველთვიურად იზრდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური დასაქმების პროგრამა და უმუშევრად დარჩენილი ოჯახებისთვის სოციალური დახმარება. არსებულ პრობლემას თავის ქადაგებაში (11.12.2011) საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა. უწმინდესმა ისაუბრა კრედიტების უარყოფით მხარეებზე, მან ბრძანა, რომ საბანკო კრედიტები ძალიან უარყოფითათ მოქმედებს მოსახლეობაზე, რადგან ისინი კრედიტის სანაცვლოდ თავის სახლს დებენ და შემდეგ ამ კრედიტს პროცენტები ემატება და ბანკები მას ბინას უყიდიან: “მინდა მივმართო ჩვენი ბანკის მფლობელებს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა გქონდეთ ჩვენი მოსახლეობის მიმართ. არ კმარა მხოლოდ კანონი, არის სხვა კანონი – გულის კანონი, შენ რომ გამოგასახლონ სახლიდან და დაგატოვებინონ სახლი, გესიამოვნება? რა უნდა გააკეთო?"... – ბრძანა პატრიარქმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური პროექტებისა და განვითარების ცენტრი" ვაცხადებთ სამოქალაქო სოლიდარობისა და თანადგომის აქციას". მივმართავთ საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს (რომელიც შემოსავლების სამსახურის მონაცემებით 333600–ია) ჩვენს მიერ გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე გადმორიცხონ მინიმუმ 1 ლარი ყოველთვიურად და ჩვენ მოგროვილ თანხებს ბანკებისა და კერძო მევახშეების მიერ აუქციონზე გასატანი ბინების გამოსახსნელად გამოვიყენებთ. ამ აქციის გამოცხადებისკენ ასევე პატრიარქის რჩევამ გვიბიძგა, რომელიც მან თავის იმავე ქადაგებაში გააჟღერა:“... უნდა არსებობდეს ისეთი ფონდი, როდესაც ადამიანს, ამა თუ იმ ოჯახს ასეთი გამოუვალი მდგომარეობა აქვს, დაეხმაროს, შეღავათი მისცეს და გადაარჩინოს"... გთხოვთ ჩაერთოთ ამ აქციაში და ჩვენ ამ მინიმალური შემოწირულობებით ავარიდებთ ოჯახებს ქუჩაში დარჩენის საფრთხეს. ძვირფასო თანამოქალაქეებო, მოგმართავთ ყველას, ვისაც გაქვთ დატვირთული საცხოვრებელი ბინა იპოთეკის ხელშეკრულებით, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ელბაქიძის დაღმართი, მიხეილ ჯავახიშვილის 12, 4 სართული, ოთახი 50, სადაც მდებარეობს ჩვენი ოფისი საკონტაქტო ტელეფონია 514329090 სოფიო ბეროშვილი. გარდა ამისა ჩვენ ვადგენთ საცხოვრისის გარეშე დარჩენილ უსახლკაროთა ერთიან ბაზას, რომელსაც შემდეგ გადავცემთ რაიონულ გამგეობებს, რათა სახელმწიფომ ასეთი ოჯახები დააკმაყოფილოს სოციალური საცხოვრებელი ფართით. ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფიო ბეროშვილი. 183 შეფასება არ არის
|