ფეხბურთი "დაჩოქილი" გულშემატკივრის ბოდიში საზოგადოებას 2015, 31 მარტი, 17:26
საქართველო-გერმანიის საფეხბურთო მატჩი გარდა იმისა, რომ სანახაობრივად იყო საინტერესო და მოლოდინის რეჟიმიც იყო ქართველების გულის სიღრმეში, რომ - იქნებ მოხდეს სასწაული, იქნებ გამოგვივიდეს და იქნებ... არ წავაგოთ, იქნებ ვითამაშოთ... იმითაც გამოირჩეოდა, რომ მატჩამდე ვარჯიშის დროს და მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მცირე ინციდენტები განვითარდა, თქვენ უკვე იცით ამ ყველაფრის შესახებ
საქართველო - გერმანიის მატჩის დროს მოედანზე მაყურებლის გამორბენის თემა ამ დღეებში ლამის ისევე აქტიურად განიხილება, როგორც თავად შეხვედრის პერიპეტიები. ამ სასოწარკვეთილმა შემოვარდნებმა, შესაძლოა ჩვენი ფეხბურთი და მაყურებელიც მნიშვნელოვნად აზარალოს. როგორც მინიმუმ, ფინანსურ სანქციებს ვერ ავცდებით, არის იმის საშიშროებაც, რომ მომდევნო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდეს. უეფას ვერდიქტს მალე შევიტყობთ. ამ შემთხვევამ ცხადი გახადა, რომ: პირველი - დამრღვევების მიმართ უნდა გამკაცრდეს სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი და მეორე - უნდა დაიხვეწოს უსაფრთხოების ზომები. დღეს ერთ-ერთმა ასეთმა დამრღვევმა ლევან სურამელაშვილმა 17 წლის ახალგაზრდამ, რომელიც გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე მოედანზე შეიჭრა, მშობლის შუამავლობით საჯარო ბოდიშის მოხდის თხოვნით მოგვმართა. მის წერილს უცვლელად ვაქვეყნებთ ბოდიში ორგანიზატორებს ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ვთამაშობდი საბურთალოს ახალგაზრდულ გუნდში 1997-წლიანებში, ვიყავი ერთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც, უზომოდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა. მსურდა, რაღაც ფორმით ახლოს ვყოფილიყავი საფეხბურთო სამყაროსთან. რეკომენდაცია გამიწიეს მამუკა კვარაცხელიასთან ამ მატჩისთვის მედია-მოხალისეობაზე, მან შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, ჩამიტარა გასაუბრება, მომცა რამდენიმე დავალება, რაც შევეცადე კარგად შემესრულებინა. სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან, მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა ფოტოგრაფების ზონის შემომსაზღვრელი თოკის დაჭერა 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე. თავიდან ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციას, შემდეგ კი ვერ გავუძელი ემოციებს და მივიჭერი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან შვაინშტაიგერთან, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე. ძალიან განვიცდი, რომ ვერ შევასრულე დაკისრებული მოვალეობა და ვთხოვ პატიებას ბატონ მამუკას, ჩემს კოლეგებს და მატჩის ორგანიზატორებს. მე ქართველი ვარ და გულშიც არ გამივლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა! თუმცა ჩვენ გვეჩვენება, რომ ამ ყმაწვილის საქციელი, როგორც საქართველოში უყვართ ხოლმე, ზედმეტად აქციეს განხილვის თემად და არც საფეხბურთო სამყარო მოიქცევა სწორად თუ გულშემატკივარის ამ საქციელის გამო რაიმე სანქციებს დაუწესებს ან გუნდს, ან სტადიონს ან მაყურებელს. 83 2-ს მოსწონს
|