სისხლის სამართალი კრიმინალის ცოლი: - დამნაშავეა, მაგრამ მენატრება! 2015, 17 მარტი, 23:15 - გასულ წელს ჩემი სიყვარული მოკლეს. ვიცოდი, იგი რა საქმესაც მისდევდა, რა დაჯგუფებაშიც იმყოფებოდა. ამას თვითონაც არ მალავდა.
არ ვიცი, რით მოვეწონე. იღუშებოდა, როცა სიგარეტს ვეწეოდი და დამყვიროდა, როცა ხელში ჭიქა ღვინოს დამინახავდა. ხანდახან ნასვამიც მოვსულვარ, იგი ჩუმად მხდიდა, მაბანავებდა, ლოგინში მაწვენდა, დილისთვის საჭმელს მიმზადებდა და მიდიოდა. მეორე დილას კი გრანდიოზულ სკანდალს მიწყობდა. ყველანაირად ცდილობდა კრიმინალის ცოლისგან კარგი მანერების მქონე ქალბატონი ჩამოეყალიბებინა, მაგრამ მეც რაღაც სულელური სიჯიუტით ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მსურდა, რომ თვითონაც ჩამოშორებულიყო თავის საეჭვო წრეს. ის ჭკვიანი, სასწაული წინათგრძნობის მქონე ადამიანი და ხუმარა პიროვნება იყო. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებას ირონიით უცქერდა. მისი უკანასკნელი საქმე, რომლის დროსაც იგი მოკლეს, სერიოზული იყო. ცნობილ კომერსანტს შანტაჟირებას დიდ თანხებზე უპირებდა. იმ დილით რაღაც სასწაულად გრძნობად საშიშროებას, მაგრამ ჩემთვის არ უგრძნობინებია. ჩუმად მაკოცა და წავიდა. მანქანაში ავტომატით ჩაცხრილვა არ აკმარეს და „ლიმონკებიც” შეუყარეს. მისი სხეულის ნაფლეთებთან ერთად ჩემი ცხოვრებაც ნაკუწებად გადაიქცა. ის მხოლოდ 23 წლის იყო. არ ვწყევლი მკვლელებს, რომლებმაც ერთი პატარა ბიჭის ანაბარა დამტოვეს. მესმის, რომ ცხოვრება ძალმომრეობაზე ყოფილა, მაგრამ დრო და დრო გული მწყდება, რომ თან არ წავყევი და მასთან ერთად არ მოვკვდი. მან საკმაოდ დამიტოვა, რომ კიდევ რამდენიმე წელი უზრუნველად ვიცხოვრო, მაგრამ განა ამის მოტრფიალე ვიყავი? მის დაბრუნებისთვის ყველაფერს დავთმობდი. ბავშვსაც საოცრად ენატრება და არ უნდა დაიჯეროს, რომ მამა აღარ მოვა. ჩვენი სიყვარულიდან მხოლოდ ფოტოსურათები შემოგვრჩა, იქ იგი ცოცხალი და ბედნიერია, ჩემთან და ბავშვთან ერთად სამშობიაროდან გამოდის, უკანა მხარეს კი აწერია: „ახლა ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვართ”. ოჯახად კი მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრეთ. ამიტომ მინდა დაფიქრდნენ ის მამაკაცები, რომლებსაც ნებისმიერი გზით სურთ ოჯახის რჩენა. ჩვენ, ქალებს თქვენ და თქვენი სითბო უფრო გვჭირდება, ვიდრე ბრჭყვიალა სამკაულები. გთხოვთ, საკუთარ შვილებს თვალებში ჩახედოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ ცხოვრების ავკარგიანობა. თუ საკუთარ თავს არ უფრთხილდებით, მათ მაინც ნუ გაამწარებთ. - პატივისცემით ირინე რედაქციისაგან: - ცხადია, გვესმის თქვენი სიტუაციის სიმძიმე და კრიმინალურის მიუხედავად, მოსიყვარულე მეუღლის დაკარგვის სიმწარე. მაგრამ ვფიქრობთ, მასაც არ გაახარებდა თქვენი დავრდომილ მდგომარეობაში ხილვა, თავისი შვილის უსუსურ მდგომარეობაში ყოფნა. შეეცადეთ მისი პატივისცემის მომენტი საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენისკენ მიმართოთ (ისიც ხომ ამისკენ ილტვოდა!) ეს დაგეხმარებათ სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლაში და ბავშვის ნორმალურ ატმოსფეროში აღზრდაში. ნურც პირადი ცხოვრების მოგვარებას დაივიწყებთ. 339 1-ს მოსწონს
|