x
image
beko777
Mediator image
გია ჯაჯანიძე: - ვფიქრობ, რომ გეი-აღლუმი საქართველოში ვერ შედგება
საკუთარ თავზე მეტად არავინ არ მიყვარს, ვგიჟდები ჩემ თავზე

(არცისე ძველი ინტერვიუ)


imageფსიქოლოგი და ტელესახე გია ჯაჯანიძე ყველასათვის ცნობილია თავისი ეპატაჟური, სკანდალური, თამამი ნაბიჯებით... რითაც ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია... მასზე ბევრს ჭორაობენ. გაიგეთ ყველაფერი თავად გიასგან: - რა არის ჭორი, რა მართალი, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს, მართლა ასეთი თამამია, თუ ამ ყველაფერს საკუთარი სიმორცხვის შესანიღბად სჩადის... კიდევ მკითხაობს თუ არა? პირველად ჩვენთან - გია ჯაჯანიძე ცოლებთან დაშორების ნამდვილ მიზეზებზე საუბრობს. რა ურთიერთობა აქვს მათთან, რა აზრისაა საზოგადოებაში აქტუალურ საკითხებზე (გეი-აღლუმი, პოლიტიკური ცვლილებები და ა.შ.), რა ხდება მის პირად ცხოვრებაში თუ კარიერაში... გაიცანით სულ სხვანაირი გია ჯაჯანიძე


- ბ-ნო გია ხელისუფლების ცვლილებებმა მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა თქვენს ცხოვრებაზე, გარდა იმისა, რომ თქვენი გადაცემა „მზესუმზირები“ დაიხურა?
- მე ხშირად ვამბობ: „ თავი მახსოვს ბრეჟნევის დროიდან“ (იცინის). მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დამატოვებინეს სამსახური. ვმუშაობდი საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორად პირველ არხზე. რამოდენიმე ხანი დავრჩი უმუშევარი, ოღონდ პარალელურად ვმუშაობდი, მე თუ ძაან აქტიური სამსახური არ მაქვს არ ვთვლი პატარ-პატარა სამსახურებს. გარკვეული პერიოდის შემდებ დავიწყე ტ/კ „მზის“ ეთერში გადაცემის წაყვანა. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ისევ დავკარგე სამსახური, მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველგვარ ნეგატივს იყენებს სათავისოდ. რაღაც გარკვეული პერიოდი ვისვენებ, მაგრამ მერე სტარტს ვიღებ დასვენებული გონებით.
image- ახლა რას საქმიანობთ, როგორც ამბობდით რაღაც ტელე-პროექტი გაქვთ, უნდა ველოდოთ თუ არა მის განხორციელებას?
- ახლა ვმუშაობ ჟურნალში, ვკითხულობ ლექციებს, ვწერ ახალ წიგნს, რამდენიმე კომპანიას ვუწევ კონსულტაციას და ტელე-პროექტზეც ვმუშაობ. ყველას თავის პროექტი ჰგონია საოცარი და სენსაციური.მე ვეცადე, რომ არავის ჰგავდეს ჩემი პროექტი. გადაცემას ჰქვია : „სავარძელი“ და ლაიტმოტივად მინდა: -„ერთი დრო არავის შერჩება“. ადამიანი, რომელიც ჯდება თანამდებობრივ სავარძელში, არასოდეს იხედება წინ, რაღაც განცდა აქვს, რომ მუდმივად იქ იქნება. მინდა გავაშიშვლო ადამიანის გული, გონება, ხასიათი, ბევრი საინტერსო თემა მექნება, ულევი და უამრავი. ასევე ვმუშაობ რადიო-პროექტზე, ძალიან მალე წავიყვან გადაცემას: „საღამო ჯაჯანიძესთან ერთად“, მაგრამ რომელ ტალღაზე ვიქნები არ მახსოვს, დაიცა გადავრეკავ და გავიგებ (რეკავს). რადიო „პოზიტივი“ - ალბათ კიდევ დიდხანს არ მეცოდინება, რა ტალღაა, ასეთი ადამიანი ვარ. ამერიკაში 6 შტატში ვარ ნამყოფი და არ ვიცი რომლებში, პარიზში 2-ჯერ ვიყავი და ეიფელის კოშკთან ფოტო არ მაქვს გადაღებული... მე რომ „პაკაზუხა“ ვიყო, ეგეთ რამეებს გავაკეთებდი?
- მაგრამ თქვენ საზოგადოებას სწორედ, რომ მასეთი ჰგონიხართ...
- შეიძლება ვიყავი, მაგრამ ადრე... ახლა უკვე დავბერდი... დავუშვათ ვარ. ვის მოვწიწკნე, ვის დავუშავე? ვერავინ იტყვის, რომ ჯაჯანიძემ რამე დაუშავა.
- როგორც ვხვდები თქვენი ახალი გადაცემა „მზესუმზირების“ მსგავსი არ იქნება... ამ გადაცემაში ვიხილავთ თუ არა სკანდალური, ეპატაჟური იმიჯის მქონე გია ჯაჯანიძეს?
image- „ მზესუმზირების“ მსგავსი არ იქნება. რატომ ეპატაჟური? მე მქონდა ასეთი როლი. თუ საჭირო იქნება, ვიქნები კიდეც. სხვათაშორის, ერთ უცნაურობას გეტყვი, როცა „მზესუმზირები“ მიმყავდა, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, შესაბამისად ვთამაშობდი ამ შოუში. ეს იყო ვარცხნილობა, ჩაცმულობა, ერთხელ ტაშტიც კი მედგა თავზე და ხდებოდა საოცრება, ხალხმა დაიჯერა, რომ მე ქუჩაში დავდივარ ასე. როდესაც ამ ახალ გადაცემაზე მიწევს საუბარი, მეუბნებიან: ისე არ მოიქცე, როგორც იქ იქცეოდიო. ეს იყო როლი. ძალიან ბევრი მსახიობი თამაშობს სხვადასხვა როლებს, მაგრამ მასში არ რჩება. როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ მე ქუჩაში ტაშტით დავდივარ.
- ეგ ყველაფერი საზოგადოების გარკვეუ ნაწილს ესმის, მაგრამ უმრავლესობას ჰგონიხართ ისეთი, როგორიც ეკრანზე ჩანხართ, ეს ყველაფერი ბევრს აღიზიანებს. აქედან გამომდინარე ადამიანთა კატეგორიას ესმის თქვენი და უყვარხართ, ბევრიც უარყოფითად არის განწყობილი, თქვენი აზრით რა არის მიზეზი იმისა, რომ ხალხს უყვარხართ და რატომ შეიძლება არ უყვარდეთ?
- გეტყვით სიყვარულის მიზეზსაც და არსიყვარულის მიზეზს. სხვათაშორის მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვუყვარვარ რატომ? - ვარ ძალიან გულწრფელი, ანუ რასაც ვფიქრობ, ვამბობ. ვარ თვითკრიტიკული, შემიძლია ვისაუბრო საკუთარ შეცდომებზე. ვარ ძალიან თბილი, თუმცა რთული ხასიათიც მაქვს. შეიძლება მეგობარმა მომწეროს:- მომენატრე. მე ვუპასუხებ: - მე არა. მაგრამ მე მიყვარს ყველა. ჩემი შვილი ორი თვეა არ მინახავს და ამ ხნის მანძილზე ერთხელ ვესაუბრე ტელეფონით, მაგრამ ვიცი რომ კარგადაა. უცნაური ხასიათი მაქვს. ძირითადად ვსაუბრობ იმ თემებზე, რომელიც ხალხს უყვარს და აწუხებს. არ ვუყვარვარ კატეგორიას და რატომ? - ყველგან ჯაჯანიძეა და ეს აღიზიანებს ხალხს. შეიძლება გამაღიზიანებელია, ვიღაც არ მუშაობს და მე სამ ადგილას ვმუშაობ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ვძულდე, მაგრამ არ ვუყვარვარ.
image- საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად თქვენ ყველაფერს პოპულარობისთვის, ყურადღების მიქცევის მიზნით აკეთებთ. მართლა ამისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს თუ პოპულარობა თავისთავად მოვიდა თქვენი ქცევებიდან გამომდინარე?
- არასოდეს არ დამიგეგმავს, რომ მე ვიყო პოპულარული. იცით როგორი მორცხვი ვარ?
- მაშ, რით ახსნით თქვენს სკანდალურ და თამამ ნაბიჯებს, თუ ამ ყველაფერს თქვენი სიმორცხვის დასაფარად აკეთებთ?
- არა, სიმორცხვის დასაფარად არ ვაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ჩემდა გაუცნობიერებლად ხდებოდა ეს ყველაფერი და რატომ? - წარმოშობით მე ვარ ჭიათურიდან. იქ დავამთავრე სკოლა და ჩემი ნიჭიერება იცი, როდის დავიჯერე? რაც ქალაქში ჩამოვედი, მის მერე სულ ვმუშაობ... სულ აქტუალური ვარ... არ ვიჯექი ეკრანზე, სულ ჟურნალების გარეკანზე ვიყავი, ვიყავი ეკრანზე, მაინც ასე იყო, ახლა არ ვარ და მაინც ინტერვიუები. ადრე ვაგროვებდი ჟურნალებს, არქივს ვაკეთებდი. ახლა აღარც ვყიდულობ. პირველად რომ დაიბეჭდა ჩემზე ათი დღე არ მეძინა, როდის გამოვიდოდა გაზეთი. ის გაზეთი გაცრეცილია ტარებით.
- რომელ წელს იყო გახსოვთ?
- არა, არ მახსოვს, მაგრამ ის ემოციები კი დღესაც საოცრად მახსენდება.
- წარმომიდგენია თქვენს ნათესავებს, თუ ახლობლებს ჭიათურაში როგორ უხაროდათ თქვენი წარმატებები...
- უიმე, რას ამბობ(იცინის). ბებიაჩემს ეგონა ქალაქში ჩამოვედი და მინისტრი გავხდი.
- ბ-ნო გია, თქვენ ცნობილი ფსიქოლოგი ხართ. უამრავი ადამიანი მოგმართავთ რჩევისთვის, დახმარებისთვის. ყოფილა თუ არა შემთხვევა თქვენს რჩევას უკურეაქცია გამოეწვიოს?
image- დავიწყოთ იქედან, რომ მე ფსიქოლოგიაში მოვედი უკუღმა.
- უკუღმა?
- მე ფსიქოლოგიური განათლება არ მქონდა. თავიდან ვისმენდი ისტორიებს და ვურჩევდი. ეს ჯერ დაიწყო მეგობრებით, მერე მეგობრების მეგობრებით. გავრცელდა ხმები ჯაჯანიძემ მირჩია და ა.შ. ჩემი დარიგებული მოქმედება ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც უნდა წასულიყო. შემდეგ დავინტერესდი, დავიწყე ჩანაწერების გაკეთება.. ქვეყნად კეთილ ადამიანებს რა დალევს, თან მე ყოველთვის კეთილი ადამიანები მხვდებიან, იმიტომ რომ არ ვაძლევ სიბოროტის საშუალებას, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ახლოს არავისთან შევდივარ ურთიერთობაში, თუ სასწაულად ახლოს მოგიშვი და ვართ მუდამ ერთად, ადამიანები ვართ და თუ მიბოროტებ, ჩემ თავს დავადანაშაულებ. კეთილ ადამიანებს რა დალევს მეთქი და ერთმა ოჯახმა წამიყვანა ამერიკაში, სადაც ვესწრებოდი ლექციებს „ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცნობა და ფსიქოკოდირება“... ბევრჯერ ვიყავი ჩასული, მაქვს სერთიფიკატები და დავიწყე კერძო პრაქტიკა. ეს საქართველოა და დაიწყეს - ჯაჯანიძეს დიპლომი არ აქვს და ა.შ. არ მივაქციე ყურადღება და ორმოცი, თუ ორმოცდაორი წლის ასაკში(ზუსტად არ მახსოვს) ჩავაბარე უნივერსიტეტში ფილოსოფიურზე. ძალიან გთხოვ დაწერე, რომ პაციენტებს აღარ ვიღებ, დროის უქონლობიდან გამომდინარე, თორემ ატყდება ამბავი... რაც შეეხება რჩევას, არასოდეს ცუდი შედეგი არ გამოუღია, რადგან ადამიანთან, რომელთანაც ვერ დავამყარებ კონტაქტს არც ვურჩევ.
- ასევე ცნობილია თქვენი მკითხაობის შესახებ. კიდევ მკითხაობთ?
- მე თვითონ მისაუბრია ამ თემაზე. იმ პერიოდში მოდაში იყო ყავის ჭიქის გადაბრუნება. ამ ბოლო დროს რაღაც არც დამინახავს. გადაატრიალებდნენ და მე ვმკითხაობდი. ეს იყო ჩემი დიდი ლოგიკიდან გამომდინარე. ადამიანის სახე ჩემთვის მრავლისმთქმელია. მე ძალიან ადვილად ვხვდები ქალი გასათხოვარია, გაუთხოვარი, ქალიშვილი, ახლადქალწულობა დაკარგული და ა.შ. აბა ჭიქაში როგორ უნდა დამენახა საქალწულე აპკი, ერთი მითხარი? ან კიდევ:- უიმე, წუხელ სექსი გქონდა? ვთამაშობდი.
- შეგიძლიათ ახლა მე მიმკითხაოთ?
- არა. აღარ ვმკითხაობ. მერე ხალხმა შემაწუხა, იძახდნენ ის მკითხავი, მჩხიბავი, სიყვარულის წამალს აკეთებს, ჯადოებს. დედა, როგორ განვიცდიდი, ღამეები არ მეძინა. 1993 წელს ვეზიარე, ვიმარხულე და მის მერე არ მიმკითხავებია.
image- ამბობთ, რომ იმარხულეთ ეზიარეთ. რამდენად ეკლესიური ხართ?
- არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. დღეს ძალიან მოდურია - ვმარხულობ, მოძღვარი მყავს. აი, ყოფილა შემთხვევა ვიცავ მარხვას და ვამბობ, რომ არ ვმარხულობ. ყველაზე საშინელებაა, როცა ისეთი ადამიანი გიკითხავს მორალს, ვისი ცხოვრებაც იცი. სხვათაშორის სულ ვამბიობ ამას: - ხანში რომ შედიხარ, მერე პატიოსნებაზეც ბევრს ლაპარაკობ და ხარ ძაან მაგარი, იმიტომ რომ ბებერი ხარ და დამთავრდა... მე ჩემ თავზე ვამბობ ამას.
- რას იტყვით საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე? ამ შემთხვევაში გეი-აღლუმს ვგულისხმობ, საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
- მე ვფიქრობ, რომ გეი-აღლუმი საქართველოში არ შედგება. სულ 3 თუ 5 ადამიანი ამბობს ხმამაღლა, რომ გეია. სამკაციანი პარადი სად გინახავს, გეხვეწები... მორალის საკითხავად არ გამოვდგები, ჩემი ცოდვები მეყოფა და ვერავის ვერ მოვუწოდებ ვერაფერს. ქართულ ხასიათში უფრო იცი რა დავინახე? მომხრეები და მოწინააღმდეგეები კი არა, ქართული ხასიათი, როგორ აიტაცეს თემა და როგორ გაჰქონდათ და გამოჰქონდათ და რაც ხდება ხოლმე, ისეთი ვიღაცეები ლანძღავდნენ ამ პირებს, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ. ან კიდევ, იმ მღვდლებს, ხომ ეყოლებათ მრევლი, რომლებიც აღსარებაზე ეტყოდნენ, რატომ იქვე არ ჩასცხეს. ჩემთვის ყველაფერი ადამიანურია, არაადამიანურიც კი ადამიანურია. ამიტომ ჩვეულებრივია ეს ყველაფერი...
- თქვენ მაია ასათიანის გადაცემა „პროფილში“ გაიკეთეთ ბოტოქსი. მეორე დღეს, თქვენთან სტუდიაში მყოფ ლევან ღვინჯილიას უთხარით, რომ არ გაგიკეთებიათ, რის გამოც თქვენსა და მაიას შორის მოხდა დაპირისპირება, თუ გაუგებრობა. ეს დაპირისპირება თქვენი აგორებული სკანდალი ხომ არ იყო?
- სიმართლე უნდა გითხრათ რა მოხდა.მივედი შოუში, თავიდან რომ მითხრეს გაიკეთეო, გადავირიე არა მეთქი. მერე მითხრეს, დროებითია, რა მოხდა და დავთანხმდი. ავდექი და გავიკეთე.ოღონდ არაფერი არ მეტყობოდა. ფოტოები ხომ არსებობს, რომ მე დიდი ტუჩებით არსად არ ვარ... - რაღაც პერიოდის შემდეგ, მირეკავს ჟურნალისტი. ეს საუბარი როგორ მოხდა იცი? ვლაპარაკობ რაღაც ფილოსოფიურ, ბრტყელ-ბრტყელ საკითხებზე და უცებ ჟურნალისტი მირეკავს და რათქმაუნდა პროვოცირებულად მეკითხება:- ტუჩები მართლა დაიბერეთ? ჩავვარდი აგრესიაში და ვეუბნები:- როგორ ფიქრობთ, მე ტუჩებს დავიბერავდი? ან ტუჩს თუ იბერავ, რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეს და ამას როგორ გავაკეთებდი მეთქი. ამ ჟურნალისტზე ვიყავი ისეთი გაცეცხლებული, რომ მტრისას... მან გადაურეკა მაია ასათიანს, მაიამ დამირეკა მე და ატყდა ამბავი ისეთი, როგორიც ჟურნალისტს უნდოდა. სკანდალებს მე არ ვდგამ, თავისთავად ხდება. იცი, კიდევ რა არის? იცი ჟურნალისტს რაც უნდა. ახლა ზუსტად ვიცი, რა ფრაზებსაც ამოკრეფ. მე ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. ზოგჯერ შეიძლება გამეპაროს და წამომცდეს რაღაც, მაგრამ ეს ჩემი ბრალია. არცერთ ჟურნალისტს არ ვადანაშაულებ. რომ იციან ასე არ მითქვამს, კონტექსტიდან ამოიღო. ნუ იტყვი და იმასაც არ ამოიღებს. რაც გინდა ის დამიწერე (იცინის)...იმ გოგოზე რატომ გავბრაზდი იცი? გაბოროტებული აკეთებდა.
- ბ-ნო გია, ცოლებზე მინდა გკითხოთ. თქვენ სამი ცოლი გყავდათ. სამივეს დასცილდით... ყოველთვის ამბობთ, რომ თქვენ იყავით დამნაშავე სამივესთან. იქნებ თქვათ ის შინაგანი, ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ვერცერთთან ვერ გაჩერდით?
- (იცინის) ეგრე არ იყო და თუნდაც ახლა გამოვიყენებ შანსს და ვიტყვი... ადამიანებთან ურთიერთობაში ვარ ძალიან კარგი, კომფორტული, თბილი, დამთმობი. 17 წლის ვიყავი პირველი ცოლი რომ შევირთე. როცა მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგებოდა, ისე მოვიქეცი, რომ ჩვენი დაშორება არ ყოფილიყო ჩემი მიზეზით. მიხვდი ხო? როცა ქალს ტოვებ, ის ქალი არის გაბოროტებული, უბედური, მიტოვებული, გახელებული... არ ვიცი, ეს საიდან ვიცოდი, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ თვითონ მითხრა დავცილდეთო. მე რათქმაუნდა ვუთხარი: არა, იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა მეთქი და თან მეშინოდა ეთქვა: ჰო, კარგიო. ასე იყო სამივე შემთხვევაში და დღემდე სამივესთან მაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა.
- როგორი ქმარი იყავით? არამგონია ტიპიური ქართველი ქმარი ყოფილიყავით?
- ყვავილები, სერენადები, ასეთი რაღაცეები არ გამიკეთებია, ან რა მამღერებს, სმენა არ მაქვს. ჩვეულებრივი ყურადღებიანი, სიურპრიზები არ მიყვარს. მეც არ მიყვარს, როცა მიკეთებენ. ერთ რაღაცას გიამბობთ:- უშუქობის პერიოდში, როცა ნავთიც არ იშოვებოდა, ჩემი მეგობარი მჩუქნიდა ყოველ ათ დღეში ათ ლიტრ ნავთს. როგორ უნდა გამენაწილებინა? სამივე ცოლი შვილებით წავიყვანე ჩემთან სახლში, მაშინ მუხიანში ვცხოვრობდი, ვიყავით ყველა ერთად და ვიყავით მეგობრები.
- ალბათ დამეთანხმებით, რომ ამას ყველა ვერ გააკეთებსა. როგორ ახერხებთ ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას?
- რაში დავრწმუნდი იცი? ყველაზე მთავარი არის ადამიანური სითბო. ყველაზე წინ ვაყენებ ამას.. თუ ადამიანი არ ხარ, ვერაფრით ვერ მხიბლავ, ვერც გარეგნობით, ვერც ჩაცმულობით, ვერც საჩუქრებით...
- ბ-ნო გია, თავდავიწყებამდე გყვარებიათ?
- საკუთარ თავზე მეტად არავინ არ მიყვარს. ვგიჟდები ჩემ თავზე. ყველას სიყვარული იყო კონტროლით... თავისთავად იყო ეს ჩემში. სადაც იმას ვაკონტროლებდი, რომ ვიღაცისთვის გული არ მეტკინა და ისე წასულიყო ჩემგან, ამას ვერ მოვახერხებდი?
- თქვენს კარიერულ სიახლეზე ბევრი გვესაუბრეთ, მაგრამ პირადზე არაფერი გითქვამთ. რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში, არის ვინმე, თუ მარტო ხართ?
- იყო ხოლმე... გატაცებები მაქვს, ფლირტი მიყვარს და არ შევდივარ ღრმად ურთიერთობაში, არ მინდა გული ეტკინოს. ცოლი რომ მოვიყვანო ამის შანსი არ არის, ახლა, რომ ახალმა ქალმა ირბინოს ჩემთან სახლში ხომ გავგიჟდი :)



ესაუბრა ხათუნა კორთხონჯია

0
310
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0