რა არის გიგასის კოდექსი და რატომ ეძახიან ,,ეშმაკის ბიბლიას'' ამ უზარმაზარ წიგნს?!
გიგასის კოდექსი, ცნობილი როგორც ეშმაკის წიგნი არის ყველაზე დიდი და საიდუმლოებით მოცული ხელნაწერი წიგნი მსოფლიოში. იგი იწონის 74.8 კილოგრამს. ხისგან დამზადებულ ყდაში ჩასმული 310 ფურცელი დამზადებულია 160 ვირის ტყავისაგან.
მე-17 საუკუნეში, 1648 წელს შვედმა მებრძოლებმა წიგნი პრაღიდან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში წაიღეს და შვედეთის მეფეს ძღვენის სახით მიართვეს. დღესდღეობით იგი სტოკჰოლმში, შვედეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.ეს იდუმალი წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმას, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრების აღწერილობებს, მონასტრის კანონებს, ყველაფერს, სამკურნალო რჩევებს, მაგიურ ფორმულებს და ოკულტურ შელოცვებსაც კი. თუმცა საინტერესოა ისაა, თუ რატომ არის “ბიბლიაში'' ლუციფერის განსაცვიფრებელი ილუსტრაცია. როგორც ვიცით მე–13 საუკუნეში, როდესაც ხელნაწერი შეიქმნა, ჩვეულებრივ ხელნაწერი ნებისმიერი წიგნის შექმნაში მონაწილეობდა რამდენიმე გადამწერი, მხატვარი, ამკინძავი და ეს პროცესი თვეების და წლების განმავლობაშიც კი იწელებოდა, მაშ რა არის ასეთი გასაოცარი და იდუმალი ამ წიგნში, რის გამოც იგი უკვე წლებია, მსოფლიოს და მეცნიერების ყურადღების ქვეშ ექცევა.
არსებობს ლეგენდა ამ წიგნის, გიგასის ქოდექსის შექმნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მე–13 საუკუნეში ბოჰემიის ბენედიქტის მონასტრის ერთ–ერთ განდეგილ ბერს – ჰერმანს მიესაჯა სიკვდილით დასჯა. მღვდელი იძულებული იყო რამე მოეფიქრებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდნენ. ბოლოს იგი შეევედრა წინამძღვარს და აღუთქვა, რომ თუ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ მეორე დღის გათენებისას დაწერილი ექნებოდა წიგნი, რომელიც მათ მონასტერს საქვეყნოდ ცნობილს გახდიდა. მას ნება დართეს და ბერი წერას შეუდგა. ცოტა ხანში ბერი მიხვდა, რომ დადებული პირობის შესრულება შეუძლებელი იყო და მაშინ დაიწყო ლოცვა არა ღმერთის, არამედ ლუციფერის, ეშმაკის მიმართ. შესაძლოა ეს ლეგენდაა, თუმცა შემდეგი ფაქტი კი სინამდვილეს შეეფერება და მეცნიერთა დასკვნებზეა დაფუძნებული:
მეცნიერთა ჯგუფმა შეისწავლა ხელნაწერი და აღმოჩნდა, რომ იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით. მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი მექანიკური და ორთოგრაფიული შეცდომა, არსადაა შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხაზულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ერთგვაროვანია, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, ანუ გამოდის, რომ მთელი წიგნი მართლაც ერთი პიროვნების მიერ არის შექმნილი. თუმცა, ასეთი მასიური წიგნის დაწერას ათწლეულები დასჭირდებოდა. ამ დროის მანძილზე დამწერს აუცილებლად უნდა შეცვლოდა კალიგრაფია, სახსრების ტკივილისა და ხელის კანკალისგან ასოებიც უნდა შეცვლილიყვნენ, დაქვეითებოდა მხედველობა, მაგრამ არა! ხელნაწერს ამგვარი არაფერი ეტყობა. აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ წიგნი ერთმა ადამიანმა დაწერა, მან ეს საოცრად მოკლე დროში მოახერხა. მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა ჩვენ დღემდე არ ვიცით ამ წიგნის იდუმალებით მოცული ისტორია და კითხვა - ვინ დაწერა გიგასის კოდექსი, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.