
საზოგადოებრივი სუბკულტურები და იდენტობის პოლიტიკა 2015, 28 იანვარი, 23:41 სუბკულტურები მდიდარი კულტურის მქონე, ერთმანეთთან დაკავშირებული მყარი ჯგუფებია, რომლებიც იმ ღირებულებების, ნორმების, ენის, ცოდნისა და სიმბოლოების ირგვლივ კონცენტრირდება, რომლებსაც იყენებენ დომინანტი კულტურისგან გამიჯვნის მიზნით და რომლებსაც ერთმანეთს უზიარებენ კულტურული უმცირესობის წარმომადგენლები. სუბკულტურის არსებობისთვის აუცილებელია, ინდივიდები გარკვეულ ჯგუფებთან იდენტიფიცირდნენ, ერთმანეთთან ჰქონდეთ პირისპირ ან მასმედიის დახმარებით ურთიერთობის საშუალება.
მიგრანტთა ჯგუფები - იტალიელ-ამერიკელები, იაპონელ-ამერიკელები, აფროამერიკელები - სუბკულტურის მოდელის ნიმუშებია. თუმცა ყველა ეთნიკური ჯგუფი სუბკულტურად ვერ გარდაიქმნება. სუბკულტურის განვითარების დონეს დიდწილად განსაზღვრავს ის ფაქტორი, რამდენად განსხვავდება ამა თუ იმ ეთნიკური უმცირესობის კულტურა დომინანტი კულტურისაგან. მაგ.: ვიეტნამელებს, ინგლისიდან წამოსული მიგრანტებისგან განსხვავებით, თითქმის არანაირი კავშირი არ აქვთ ამერიკულ წამყვან კულტურასთან. მნიშვნელოვანია სტრუქტურული დამოუკიდებლობის ხარისხიც, ანუ რამდენად ინარჩუნებს უმცირესობა დომინანტი კულტურის ზეგავლენისგან ავტონომიურობასა და დამოუკიდებლობას - კორეელი მიგრანტები ყოველთვის იღვწიან საკუთარი ბიზნესის, მეზობლობისა და რელიგიური კონგრეგაციების გატარება-დაცვისთვის. სუბკულტურებს აყალიბებს დასაქმებული, საზოგადოებრივ-ეკონომიკური, ასაკობრივი ნიშნით გაერთიანებული ან სხვა ტიპის ჯგუფები. ახალგაზრდები ქმნიან ახალ სუბკულტურებს იმ მუსიკის, შეხვედრებისა და სხვათა საფუძველზე, რისი გამოცდილებაც თავად აქვთ. ტიპური სუბკულტურა თავს იჩენს მაშინ, როცა ერთგვაროვან სიტუაციაში აღმოჩენილი ხალხი თავს ძირითადი სამყაროსგან იზოლირებულად გრძნობს. ურთიერთშერევის პროცესში, სუბკულტურის წევრები, საკუთარ ჯგუფებთან იდენტობის პოვნასთან ერთად, დომინანტ კულტურასთან მიმართებით, დე-იდენტობით ხასიათდებიან. ამერიკაში მცხოვრები ჰომოსექსუალების აზრით, ამ ქვეყნის წამყვანი კულტურა ჰეტეროსექსუალურია (ისინი თავს კონტექსტიდან ამოვარდნილად მიიჩნევენ), ათეისტების აზრით, წამყვანი კულტურა რელიგიურია, შავკანიანი აფროამერიკელებისათვის დომინანტი დასავლელი თერთრკანიანების მემკვიდრეობით მიღებული კულტურაა, უსახლკაროებისათვის - საშუალო ფენის კულტურა. ზოგიერთი სუბკულტურა დომინანტი კულტურისგან გამიჯვნის გარდა, მისი გამოწვევისა და ხშირად შეცვლის მცდელობითაც გამოდის. ამ ტიპის კულტურებს კონტრკულტურები ეწოდება. არსებობს მაკრო და მიკრო ტიპის იდენტობის პოლიტიკა. პირველის თემაა ეთნიკური ჯგუფები, რომელთა "ეროვნებებად" გამოცხადების ირგვლივ კამათი არ ცხრება (ბოსნიელები, ქურთები), მეორეს წარმომადგენელნი კი არიან ცალკეული პიროვნებები, ინდივიდები, მაგ.: არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პიროვნება. მიაყენებს თუ არა მას ჰომოსექსუალად აღიარება მატერიალურ ზარალს (სამსახურის დაკარგვა) ან ფსიქოლოგიურ სტრესს (საზოგადოებისგან გარიყვა). ამ შემთხვევაში საუბარია არა სწორსა და არასწორზე, არამედ იმაზე, ვინ იმსახურებს კულტურულ აღიარებას. ხალხი ყოველთვის ბოლომდე არ ჯდება საკუთარი სუბკულტურის საზღვრებში. ადამიანი ერთდროულად შესაძლებელია, შავკანიანიც იყოს და ჰომოსექსუალიც. გარკვეულ შემთხვევებში, ორიდან ერთი იდენტობა წინა პლანზე წამოიწევს. ზოგჯერ ეს პოლიტიკური გარემოებითაც არის განპირობებული. აუცილებელია თუ არა შავკანიანი ქალები მხოლოდ რასობრივ ან გენდერულ იდენტობაზე ფოკუსირდნენ? ბევრი შავკანიანი აქტივისტის აზრით, რასაზე გენდერის წინ დაყენება - ღალატია. სხვათა აზრით, ორივეს შერწყმა შავკანიან ფემინისტურ ცნობიერებაში სავსებით შესაძლებელია. გამოყენებული ლიტერატურა: ქ. კალჰუნი, დ. ლაითი, ს. კელერი, სოციოლოგია, ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008 141 შეფასება არ არის
|