პროფილაქტიკა საღეჭი რეზინი პირის ღრუში ბაქტერიებს სპობს: რა აჩვენა ექსპერიმენტმა 2015, 26 იანვარი, 13:07 ჰოლანდიელი ექიმების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის საშუალებით დადგინდა, რომ საღეჭი რეზინი პირის ღრუში ბაქტერიებს აშორებს. საღეჭი რეზინის ერთ ფირფიტას 10 წუთში შეუძლია მოაშოროს დაახლოებით 100 მილიონი ბაქტერია, რაც საშუალოდ ნერწყვში არსებული მიკროორგანიზმების დაახლოებით 10%-ს წარმოადგენს. კვლევის მიმდინარეობა და შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში PLoS One.
ექსპერიმენტის დროს თითოეული მოხალისის პირის ღრუში შეიყვანეს გარკვეული რაოდენობის ბაქტერია, შემდეგ კი მისცეს საღეჭი რეზინა, რომელიც 10 წუთის მანძილზე უნდა ეღეჭათ. გაირკვა, რომ თითოეულ რეზინზე 100 მილიონამდე ბაქტერია დარჩა. ""დაჭერილი" ბაქტერიები ელექტრონული მიკროსკოპით სკანირების შედეგად მიღებულ გამოსახულებაზე გამოჩნდა." - ნათქვამია სტატიაში. აღსანიშნავია, რომ ასეთი დადებითი ეფექტი მხოლოდ უშაქრო საღეჭ რეზინს აქვს, რადგან ტკბილი ნივთიერებები პირიქით, ასაზრდოებს პირის ღრუსა და კბილებზე არსებულ მიკრობებს. ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ისეთი საღეჭი რეზინის შექმნას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სახეობის მავნე ბაქტერიებს მოაშორებს. 136 8-ს მოსწონს
|