x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
დიდი ჯახი მიუნხენში. ბაიერნი თუ ჩელსი
image19 მაისის საღამოს მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიუნხენისკენ იქნება მიმართული. "ალიანს არენაზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის"დაუპირისპირდება. ამ მატჩის შესახებ ბევრი იწერება, ყველა ცდილობს გამოიცნოს თუ ვინ იქნება ტრიუმფატორი. ორივე გუნდს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებდე, მცირე სტატისტიკა: ბაიერნი და ჩელსი ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთის პირისპირ ორჯერ დადგნენ, 2004-2005 წლების სეზონში. პირველი მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში გერმანელებმა გაიმარჯვეს 3:2 თუმცა ორი თამაშის ჯამით, შემდეგ ეტაპზე "ჩელსი" გავიდა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, "ბაიერნმა" ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად გაიარა, მან "მანჩესტერ სიტისა" და "ნაპოლის" აჯობა და ჯგუფიდან პირველის სტატუსით გავიდა, მერვედფინალში "ბაზელი" დაამარცხა, შემდეგ "მარსელი", ნახევარფინალში კი თერთმეტმეტრიანების სერიაში "რეალი" დაამწუხრა. გერმანელებმა "რეალი" ორივე შეხვედრაში დაჩაგრეს და ფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ. "ჩელსის" ჯგუფი საკმაოდ ადვილი შეხვდა, მაგრამ მერვედფინალში ძალიან გაუჭირდა, თუმცა იტალიის "ნაპოლისთან" დრამატულ დაპირისპირებაში საწადელს მაინც მიაღწია, შემდეგ "ბენფიკა" გაუშვა სახლში, ხოლო ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონასთან" ათი კაცით, დიდი წვალებით გაიმარჯვა. ასე მოვიდნენ გუნდები ფინალამდე, უამრავი ბრძოლით დაღლილები, მაგრამ უკიდურესად მოტივირებულნი. ორივე მათგანს ეიმედებათ თავიანთი "კოზირების" და ორივეს აქვს გარკვეული ხარვეზები. ალბათ უპრიანი იქნება თუ მათ პლუსებსა და მინუსებზე საუბრით გავაგრძელებ თხრობას.

დავიწყოთ "ბაიერნით", აქ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გერმანელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, არ უწევთ დამღლელი მგზავრობა, უცხო გარემოსთან შეგუება და რაც მთავარია, სტადიონზე და მის შემოგარენში "ჩელსიზე" მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ. მათ ამ უპირატესობაზე "ჩელსის" მეკარემ, პეტერ ჩეხმა ისაუბრა და არ დაუმალავს, რომ მასპინძლის ფაქტორის გამო ფავორიტად მოწინააღმდეგეს თვლის. ძნელია არ დაეთანხმო. "ბაიერნის" შემდეგი უპირატესობა ბრწყინვალე ნახევარდაცვა გახლავთ, ჩემი აზრით სწორედ ამ კომპონენტით აჯობეს მადრიდის "რეალს." ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან საიმედო მეკარე-მანუელ ნოიერი და სამი "ჯოკერი": რობენი, რიბერი, გომესი. რაც შეეხება სისუსტეებს, აქ უპირველესად დაცვა უნდა ვახსენოთ, დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ბადშტუბერი ვერ დაეხმარება, ამავე მიზეზით არ იქნებიან დაცვითი ფუნქციების კარგად შემსრულებელი ნახევარმცველები: ლუის გუსტავო და დავიდ ალაბა.

ორიოდ სიტყვა ჩელსიზეც ვთქვათ, ინგლისელთა ნომერ პირველ ძლიერ მხარედ მწვრთნელი, დი მატეო მიმაჩნია, მან მოსვლის შემდეგ ძალიან გამოასწორა გუნდის თამაში, ბოლოს და ბოლოს დაუმარცხებელი "ბარსელონას" შეჩერება მოახერხა და აქვე უნდა ითქვას, რომ იგი არც უიღბლობას უჩივის. ლონდონელთა შემდეგი იმედი დიდიე დროგბა და ფრენკ ლამპარდი არიან, თავიანთი უდიდესი გამოცდილებით, კარგი სათამაშო ფორმითა და შესაშური ბრძოლისუნარიანობით. ცალკე თემაა, მეკარე პეტერ ჩეხი, მას დღეს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. ახლა კი პრობლემებზე, რომლებიც "ჩელსის" მრავლად აქვს, ესაა კაპიტანი, დაცვის ბურჯი, ჯონ ტერი, იგი გუნდს ნახევარფინალში მიღებული წითელი ბარათის გამო დააკლდება, ამავე მიზეზით ტრიბუნაზე ჯდომა მოუწევთ ივანოვიჩს, ობი მიკელს, რაულ მეირელეშსა და რამირესს. კარგი იქნება თუ გუნდების მოტივაციაზეც ვიტყვით რაიმეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მეტი მოტივაცია რაღა უნდა იყოს, მეგრამ ჩვენს შემთხვევაში განსაკუთრებული ბრძოლისთვის დამატებითი მიზეზებიც არსებობს, "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე არაფერს დათმობს, "რეკორდმაისტერს" ფანების თვალში რეაბილიტაცია სჭირდება, რადგანაც ბუნდესლიგა და გერმანიის თასი დორტმუნდის "ბორუსიას" დაუთმო, იმედად ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა დარჩათ. გერმანელები ძალიან შეეცდებიან 2010 წლის ფინალში დაშვებული შეცდომები არ გაიმეორონ და სანუკვარ თასს მეხუთედ დაეუფლონ. მეორე მხრივ, კარგად მოგეხსენებათ თუ როგორ სურს ლიგის მოგება "ჩელსის" და მის მფლობელ რომან აბრამოვიჩს. განსაკუთრებული ჟინით ითამაშებენ ვეტერანები: დროგბა, ლამპარდი, კოული და ესიენი, ისინი კარიერის ბოლოს უახლოვდებიან და მეტად ასეთი შანსი შეიძლება აღარც მიეცეთ. სწორედ მათ უფრთხის "ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკენსი, დი მატეოს, კი ყველაზე მეტად მათი იმედი აქვს.

ფინალის შესახებ ხალხის აზრი შეიძლება ითქვას, 50/50-ზეა. ტოტალიზატორები, კი ფავორიტად "ბაიერნს" მიიჩნევენ. ვერავინ იტყვის დაზუსტებით თუ ვინ აწევს თასს, აი თამაშის სურათის შესახებ კი შეიძლება ვარაუდის გამოთქმა. ვფიქრობ "ბაიერნი" თავიდანვე აქტიურად შეუტევს, "ჩელსი" კი ნაცად ტაქტიკას მიმართავს(რომელმაც ბარსელონასთან ასე გაამართლა) და მეორე ნომრად ითამაშებს, კონტრშეტევებისა და დროგბას იმედად. თუ ვისი აჯობებს ამას მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გავიგებთ.


by dato1117


3
56
2-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
56
  
2012, 20 ივნისი, 12:45
ჩესლი მაგარია ♥
2012, 19 მაისი, 18:56
ბაიერნი ჩემი
2012, 18 მაისი, 6:50
ბავარია გახევს უეჭველი
0 1 3