საზოგადოება, ფართო გაგებით, მთელი კაცობრიობაა. ესაა ადამიანთა ერთობა აღიარებული ნორმებითა და ღირებულებებით, როლებითა და ინსტიტუტებით, რაც საერთო კულტურის საფუძველს ქმნის. კულტურის შემსწავლელი მეცნიერებები უამრავ საერთო ტერმინს იყენებენ - კულტურისა და საზოგადოების ცნებები კი მათ შორის ყველაზე პრიორიტეტულია. პრიორიტეტულობის გარდა ისინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირითაც ხასიათდება - არ არსებობს კულტურა საზოგადოების და საზოგადოება - კულტურის გარეშე, რადგან საზოგადოება ურთიერთქმედების სისტემაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საერთო კულტურის მქონე ინდივიდებს.
"კულტურა" ლათინური წარმოშობის სიტყვაა და წარმოქმნილია პოლისემანტიკური colere-დან (ლათ.: დასახლება, კულტივირება, მფარველობა).
ამ ცნების საფუძვლად სხვადასხვა მოვლენას განიხილავენ: სოციალური მემკვიდრეობა, იდეები, ყველაზე ხშირად კი კულტურას ეთნოსის შემქმნელ ადამიანთა ერთობლიობას უკავშირებენ. კულტურაში მოიაზრება ფენომენი, რომელიც აერთიანებს და დაშლისაგან იცავს საზოგადოებას. მასში, თანამედროვე გაგებით, იგულისხმება ადამიანის ხელით შექმნილი არა მართო მატერიალური ობიექტები, არამედ ადამიანური მოღვაწეობის სულიერი პროდუქტებიც.
კულტურის შესახებ საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს ამ თემასთან ასოცირებული ძირითადი ტერმინები:
კულტურული უნივერსალია - ღირებულებები და ქცევები, რომლებიც ყველა ადამიანურ კულტურას ახასიათებს.
ეთნოცენტრიზმი - სხვა კულტურის იდეებისა და პრაქტიკების აღქმა საკუთარი კულტურის ტერმინებით.
კულტურული რელატივიზმი - სხვა კულტურის იდეებისა და პრაქტიკების აღქმა ისე, როგორც მას აღიქვამენ ამ კულტურის წევრები.
დომინანტი კულტურა - საზოგადოების უმრავლესი წევრების კულტურა.
სუბკულტურა - მდიდარი კულტურის მქონე, ერთმანეთთან დაკავშირებული მყარი ჯგუფები, რომლებიც იმ ღირებულებების, ენის, ცოდნისა და სიმბოლოების ირგვლივ კონცენტრირდება, რომლებსაც იყენებენ დომინანტი კულტურისგან გამიჯვნის მიზნით და რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ კულტურული უმცირესობის წარმომადგენლები.
კონტრკულტურა - სუბკულტურა, რომლის მიზანია დომინანტი კულტურის შეცვლა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. კალჰუნი ქ., ლაითი დ., კელერი ს., სოციოლოგია, ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008
2. სვიდლერი ე., კულტურა მოქმედებაში: სიმბოლოები და სტრატეგიები, 1986
3. სურმანიძე ლ. კულტურა - ძირითადი ცნებები და ტერმინები, ლექსიკონი