სხვა როგორ გადამალეს ფრანგებმა ლუვრის შედევრები მეორე მსოფლიო ომის დროს 2015, 9 იანვარი, 16:35 პარიზის ლუვრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმდიდრესი მუზეუმია მსოფლიოში. მის ფონდებში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის, ცივილიზაციის და კულტურის მხატვრული და ისტორიული რელიკვიები. ამიტომ, როდესაც 1939 წელს მსოფლიო ომის საშიშროება გაჩნდა და უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი გერმანიის აგრესიაში, ლუვრის დირექტორმა ჟაკ ჟიჟარმა, გულმხურვალე პატრიოტმა და ლუვრის სიძველეებზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ადამიანმა, ამოცანად დაისახა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შეენარჩუნებინა მსოფლიო ცივილიზაციის შეუფასებელი განძეული. ომის დაწყებამდე ათი დღით ადრე მან ორგანიზება გაუკეთა საიდუმლო ევაკუაციის პროცესს მუზეუმის ექსპონატებისა, რომელთა შორის იყო "მონა ლიზა", ნიკეს ანტიკური ქანდაკება და მრავალი სხვა ფასდაუდებელი საუნჯე.
მუსიე ჟაკმა ლუვრი 1939 წლის 25 აგვისტოს დაკეტა, როგორც ოფიციალური საინფორმაციო წყაროები იუწყებოდნენ -"სარემონტო სამუშაოების გამო". ამ სამი დღის განმავლობაში მუზეუმის და უნივერმაღ Grands Magasins -ის ასობით თანამშრომელი გულმოდგინედ და სათუთად ფუთავდა და აწყობდა მუყაოს თეთრ ყუთებში ლუვრის საგანძურს. 1939 წლის 28 აგვისტოს წყაალგაუმტარი ქაღალდის მრავალ შრეში შეფუთულმა "მონა ლიზამ" ლუვრი საიდუმლოდ დატოვა. თავდაპირველად ის გაამგზავრეს შამბორის ციხესიმაგრეში, რომელიც ლუარაზე მდებარეობდა, შემდეგ კი ომის მიმდინარების დროს რამოდენიმეჯერმე შეუცვალეს სამალავი ადგილი. ისე როგორც "მონა ლიზა", ხელოვნების ასეულობით სხვა ნაწარმოებიც, საგულდაგულოდ შეფუთული და ჩაწყობილი თეთრი მუყაოს ყუთებში, გაუყენეს გზას. ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, ფაქიზად შეხვეული თეთრ კარკასში, დააბინავეს ვალანსში მდებარე ციხესიმაგრეში. კულტურული ფასეულობების სამალავ ადგილად ამორჩეული იქნა შატო- საომარი სტრატეგიულო მიზნებისაგან დაშორებული წყნარი სოფელი, რომელიც ყველანირად იყო დაცული დაბომბვის საფრთხისაგან. ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ, თუ როგორ ამზადებენ ვენერა მილოსელს ტრანსპორტირებისათვის. გერმანიის ფაშისტურმა ხელისუფლებამ, რომელიც ცდილობდა პარიზისათვის მსოფლიო კულტურული ცენტრის სახელი დაებრუნებინა, ხელმეორედ გახსნა ლუვრის მუზეუმი 1940 წლის სექტემბერში, თუმცა აქ უნიკალური ექსპონატებიდან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდში გერმანელებმა დაიტაცეს ლუვრის მუზეუმის გალერეებში დარჩენილი ხელოვნების ნიმუშები, მათი განსაკუთრებული ინტერესი ახლა აღმოსავლეთის კულტურის ნიმუშებმა გამოიწვია. ფაშისტებმა თითქმის დააცარიელეს გალერეა, სადაც გამოფენილი იყო ეს ექსპონატები. ამ ფოტოზე აღბეჭდილია ლუვრის ცარიელი საგამოფენო ოთახები. ფოტო გადაღებულია 1942 წელს. ომის შემდეგ მოხდა ლუვრის მუზეუმის რეკონსტრუქცია და მისი საგამოფენო ოთახები თანდათანობით გაიხსნა საზოგადოებისათვის 1945-1947 წლების განმავლობაში. იმ ადამიანების წყალობით, ვინც პასუხისმგებლობა აიღო გადაერჩინა ლუვრის საგანძური, ყველა ძირითადი მნიშვნელოვანი შედევრი თავის ადგილს უვნებელი და დაუზიანებელი დაუბრუნდა. P.S. დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ მცირე ფოტორეპორტაჟი დღევანდელი ლუვრის მუზეუმიდან. ფოტოები გადაღებულია ჩემი ვაჟის მიერ, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება საკუთარი თვალით ეხილა ეს სილამაზე (თეთრი შურით მშურს მისი). 225 10-ს მოსწონს
|