x
image
მანჩო 777
"ქუთაისქალაქობა" ანუ ''ორმაისობა'' - დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები

ქუთაისი რომ ყველაზე ქართული ქალაქია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რომ არა ქუთაისი, დღევანდელი თბილისი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის. იქნებოდა სხვაგვარი, უკეთესი ან უარესი, მაგრამ აუცილებლად სხვანაირი. ალბათ ყველა ქართველს თავისი ქუთაისი აქვს მკერდზე ამოტვიფრული. მცხეთასთან ერთად ის ხომ ყველაზე ძველი ქართული ქალაქია. ჩვენ წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულიდან იწყება მისი ისტორია: იქედან, როცა ჩემ ქუთაისს ქუთაია ან უბრალოდ აია ერქვა. მას შემდეგ მყარად დგას ქართული სიტყვისა და ზოგადად, ყოველივე ეროვნულის სადარაჯოზე თავისი ბაგრატითა და გელათით, ოქროს ჩარდახითა და სათაფლიით, რიონითა და საფიჩხიით, ბალახვნითა და "ზასტავით... დგას და ამაყად იწონებს თავს განუმეორებელი ხიბლითა და ეშხით.



image


1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქუთაისში ყოველწლიურად 2 მაისს იმართება ტრადიციული სახალხო დღესასწაული გვირილობა ანუ ქუთაისობა, თუმცა ამ დღესასწაულს გაცილებით უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა.

გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.
"გვირილობა" ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილის ან მაისის დასაწყისში.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში 1908 წლის 1 მაისს.
გვირილობა ქუთაისში სულ პირველად 108 წლის წინ აღნიშნეს. ფოტოზე, რომელიც ეროვნულ არქივში ინახება, ქალაქის ცენტრალურ უბანში გამართული პირველი გვირილობის საზეიმო კადრია ასახული.




image



გვირილობას იმართებოდა დოღი, ორატორთა გამოსვლა, სახალხო სეირნობა და კონცერტები. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ტარდებოდა. ''გიმნაზისტკები'' და ''გიმნაზისტები'' ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..

ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე.. გადმოცემის მიხედვით, "გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ.

უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონს (ერთ-ერთი მათგანი გახლდათ საშა ჩიქოვანი, რომელსაც მიაწერენ გვირილობის დღესასწაულის დაარსების ინიციატივას) უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.

მშვენიერი ქალბატონი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვებულ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ჭლექიანთა დასახმარებლად გაანაწილებდა...

ეწყობოდა აგრეთვე სპორტული ღონისძიებები და
გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ბაბთიანი გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში...
ასე გრძელდებოდა 1919 წლამდე. ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლისთანავე "გვირილობის" დღესასწაული წარსულს ჩაბარდა და 60 წელი ის აღარავის გახსენებია...



image


მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია აღადგინა ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ: მუხნარის ტყეში იმართებოდა მასობრივი სეირნობა, შემოქმედებითი კოლექტივების გამოსვლები, ეწყობოდა ეთნოგრაფიული კუთხეები, სპორტული შეჯიბრებები... მაშინდელი კომუნისტურ-იდეოლოგიური ოფიციალური დღესასწაულების ფონზე, ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო, პოპულარული დღესასწაული იყო და ათასობით ადამიანი დილიდანვე სიხარულით მიაშურებდა ხოლმე მუხნარის ტყეს. მინდა გითხრათ, რომ სტუდენტობის პერიოდში თითქმის ყველა ორმაისობას დავსწრებივარ და სხვა სტანდარტული, ძალად თავსმოხვეული ეგერთწოდებული ''პრაზდნიკების''- 1 მაისისა და 7 ნოემბრისაგან განსხვავებით ორმაისობა ძალიან გვიყვარდა სტუდენტებს, ვნატრობდით, რომ 2 მაისს კარგი ამინდი ყოფილიყო და წვიმას არ ჩაეშალა ეს ლამაზი დღესასწაული. დილიდანვე სიხარულით მივიჩქაროდით მუხრანის ტყე-პარკში, რომელიც ორმაისობის ტრადიციუყლ ადგილად იყო მიჩნეული. ტყე-პარკში რამდენიმე სცენა იყო მოწყობილი: ერთგან ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები ანთებდნენ ცეცხლს სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, მეორეგან მომღერლები ცვლიდნენ ერთმანეთს, მესამეგან მოჭიდავეები ერკინებოდნენ ... ცოტა მოშორებით მწვადები იწვებოდა ღია ცის ქვეშ, იქეთ ხაჭაპური ცხვებოდა, ხინკალი იხარშებოდა და საერთოდ, ირგვლივ საოცრად თბილი განწყობა სუფევდა, ტრიალებდა საოცარი სურნელი, იყო უამრავი ყვავილი და ბედნიერი სახეები...



image



როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ორმაისობა ანუ ქუთაისქალაქობა თითქმის ყოველწლიურად აღინიშნებოდა. გამონაკლისი წლევანდელი წელი გახდა. სამწუხაროდ, ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო წლევანდელმა ორმა მაისმა ქუთაისში მშვიდად, ყოველგვარი დღესასწაულის, სახალხო სეირნობის, მუხნარის ტყეში გამართული საზეიმო ღონისძიებების და ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი ტრადიციული მოლხენის გარეშე ჩაიარა... და მაინც, არჩატარებული გვირილობის მიუხედავად, მინდა მივულოცო ჩემ ქუთაისს მისი სახელობის დღესასწაული და ვუსურვო კიდევ დიდხანს იდგას ასე ამაყად და ღირსეულად.


''ქუთაისო, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,

საქართველოს ბედნიერი, გემრიელი ქალაქი ხარ.''

0
383
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0