x
მეტი
  • 26.01.2025
  • სტატია:139633
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512856
ქართველი მხატვარი ქალები
საქართველოში ხელოვანი ქალების სახელები მხოლოდ XX საუკუნიდანაა ცნობილი. რაც შეეხება შუა საუკუნეებს, ამ პერიოდში მხატვარი, რომელიც ფრესკას ან ხატს ასრულებდა, უმეტესწილად საერთოდ არ აწერდა მას ხელს, რადგანაც ქრისტიანული წესით ითვლებოდა, რომ გამოსახულებას სულიწმინდა ქმნის, მხატვარი კი იარაღია მის ხელში. ამიტომ მრავალსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში ხელოვანთა სახელები თითქმის არ შემოგვრჩენია და იყვნენ თუ არა მათ შორის ქალი მხატვრები, მეცნიერებისთვის ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები - ნაქარგები, ხალიჩები, ქსოვილები - სწორედ ქალების მიერ სრულდებოდა.

ევროპაში შუა საუკუნეების შემდეგ დადგა რენესანსის ხანა, პირობითი რელიგიური ხელოვნება რეალისტურმა მანერამ შეცვალა. მაგრამ საქართველოში, არსებული ისტორიული პირობების გამო, შუა საუკუნეების ეპოქა მეთვრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა, შესაბამისად ჩვენთან ახალი ხელოვნებაც გაცილებით უფრო გვიან შემოდის, ვიდრე ევროპაში.

საქართველოში რეალისტური ხელოვნება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში იწყებს ჩამოყალიბებას. ჩნდება ახალი ჟანრები, თანდათან მოღვაწეობას იწყებენ პროფესიული სამხატვრო განათლების მქონე ხელოვანები. მაგრამ პირველი ქალი მხატვრები XX საუკუნის 20-იან წლებში გამოდიან ასპარეზზე - ესენი არიან პეიზაჟისტი ელენე ახვლედიანი და პორტრეტისტი ქეთევან მაღალაშვილი.


ე.ახვლედიანი "პარიზი"



ე.ახვლედიანი - ძველი თბილისი,  ბაზარი


პეიზაჟის ჟანრმა შემდგომი განვითარება ჰპოვა აგრეთვე რუსუდან ჟავრიშვილის, ნატალია ფალავანდიშვილის, ეთერი ანდრონიკაშვილის და სხვათა ნამუშევრებში.


რ.ჯავრიშვილი - "აგარაკი ბორჯომის ხეობაში",  1963წ


რაც შეეხება პორტრეტულ ჟანრს, აღსანიშნავია, რომ ქართველ მხატვართა ნამუშევრებს ესთეტიკურის გარდა, ისტორიული მნიშვნელობაც აქვთ: ქეთევან მაღალაშვილის, ნათელა იანქოშვილის და სხვათა პორტრეტებზე ქართველ მოღვაწეთა მთელი გალერეა წარმოგვიდგება.


ქ. მაღალაშვილი "ნატო ვაჩნაძე"


ნ.იანქოშვილი "ნინო ჭავჭავაძე" 1958წ


კიდევ ერთი ჟანრი, რომელიც ქართულ ხელოვნებაში ახალ ეპოქაში გაჩნდა, არის ნატურმორტი.


ქ.მაღალაშვილი,  ნატურმორტი,  1959


აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვარი ქალების შემოქმედებაში ფართოდაა წარმოდგენილი ყოფითი და ისტორიული ჟანრებიც, წიგნის ილუსტრაცია და თეატრის მხატვრობა.


ე.ბაღდავაძე " გიორგი სააკაძე ოჯახთან"





0
1381
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გოგაძე
ნინო გოგაძე
1381