x
ქალთა მიმართ ძალადობა - მითი თუ რეალობა
ძალადობა საერთაშორისო სენია, რომელმაც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მთელი მსოფლიო მოიცვა, საფიქრალი გაუჩინა სახელმწიფოებს, შიში მოჰგვარა და საგონებელში ჩააგდო საზოგადოება. საკმარისია თვალი შევავლოთ გარემოს, ფეხის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით ძალადობის ერთ შემთხვევას მაინც. რა განაპირობებს მას? რატომ ხდება ადამიანი მოძალადე? შეგვიძლია ძალადობის პრევენცია? რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ უღირსი ქცევის აღსაკვეთად? სად არის გზა ხსნისა?

ამ კითხვებზე პასუხს დაეძებს ყველა, ვინც ძალადობის ფენომენს საფრთხისშემცველად აღიქვამს. მაგრამ, სანამ საზოგადოება ყველა კითხვას გასცემდეს პასუხს, საჭიროა ძალადობის გამომწვევი ფაქტორების სრული ანალიზი. ფაქტორების შესახებ გადაჭრით ვერ ვისაუბრებთ, თუ არ შევისწავლით მოძალადის პიროვნებას ან იმ გარემოს, რომელშიც მას უწევს ცხოვრება და მოქმედება. აქედან გამომდინარე, ვხვდებით მოძალადის შემდეგ ტიპებს: ერთნი, რომლებიც ცდილობენ სხვებს დაუმტკიცონ საკუთარი ძალა და ამით ავტორიტეტი აიმაღლონ; მეორენი, როგორც ფროიდი იტყოდა, ანალურად გამომყოფი პიროვნების ტიპში ერთიანდებიან, ასეთ ადამინებს კი ახასიათებთ ნგრევისადმი მიდრეკილება და სადისტური დაუნდობლობა; ისინი ადამიანებს (განსაკუთრებით პარტნიორებს) აღიქვამენ როგორც ფლობის ობიექტებს. ზოგი ისეა ფრუსტრირებული, რომ შეკავებული გრძნობები გადააქვს ნაკლებად სახიფათო, სუსტ ობიექტზე და ძალადობს მასზე. ზოგი კი უბრალოდ ფსიქოპათია ან ე.წ. ლიმის სინდრომით შეპყრობილი, რომელსაც "მსხვერპლის" გარეშე არ შეუძლია ცხოვრება.

ძალადობა ხორციელდება ოჯახებში, სამუშაო ადგილებსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ძალადობენ როგორც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ისე ეკონომიკურად და სექსუალურად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მხრივ, გამოიკვეთა ძალადობის ერთი "ხაზი", კერძოდ, ძალადობა გენდერული ნიშნით.

გენდერული ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია ყოველთვის არსებობდა და არც დღეს კარგავს აქტუალობას. თანამედროვე სამყაროში ე.წ. სექსიზმი გვხვდება ყველგან, ყველა კულტურასა თუ სახელმწიფოში, მისი გავრცელების საფუძველი კი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული როლებია. გამომდინარე იქიდან რომ კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია, ქალები უფრო განიცდიან ამ ნიშნით დისკრიმინაციას. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მისი გამოვლენის აშკარა ნიშნებს ვხვდებით, განსაკუთრებით კი აზიის ქვეყნებში, სადაც ხშირია სელექციური აბორტები (ამ მხრივ, არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა) იმის გამო რომ მშობლების უმრავლესობას ურჩევნია ბიჭი ჰყავდეს, ვიდრე გოგო.


ქალი უძველესი დროიდან უუფლებო ადამიანს წარმოადგენდა, რომელსაც არ ჰქონდა განათლების მიღების, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის უფლება და მისი აქტიობები ოჯახური საქმეებით შემოიფარგლებოდა.

გავიდა დრო... ქალებმა "გაილაშქრეს" გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და დაიწყეს ბრძოლა საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად, რომელმაც განაპირობა ის, რომ მე-19 საუკუნის მიწურულისათვის მათ მოიპოვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ფემინისტური ორგანიზაციები აქტიურად იბრძოდნენ უფლებებისათვის, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სტერეოტიპების დასამსხვრევად. ქალი ისევ მიიჩნევა პასიური, სუსტი სქესის წარმომადგენლად, რომელზე ბატონობაც ყველას შეუძლია.

ყოველდღე, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით ქალია ძალადობის მსხვერპლი. ამ ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება, 2007-2011 წლის მონაცემებით ძალადობის 1025 ფაქტია დაფიქსირებული, მათ შორის 904 ქალია. ბოლო თვეების განმავლობაში კი 25 ქალი ძალადობრივად გამოასალმეს სიცოცხლეს, რაც, თავის მხრივ, ძალიან მაღალ ძალადობრივ მაჩვენებელზე მიუთითებს. თუკი ასე გაგრძელდა, ძალადობის შემთხვევების მხრივ, მოწინავე პოზიციებს უცილობლად დავიკავებთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

ქვეყანაში, რომელიც ოდითგანვე გამოირჩეოდა ქალისადმი პატივისცემით, სადაც ქალის "ხატი" არსებობდა, სადაც ქალებს ლექსებსა და სადღეგრძელოებს უძღვნიდნენ დღეს სრული განუკითხაობა სუფევს. ქართველი კაცი თავის მეუღლეს დაუნდობლად კლავს, შვილებს აობლებს და სამუდამოდ დაღდასმუთ, ბედის ანაბარად ტოვებს ამ მძიმე ცხოვრების გზაგასაყარზე. იმას კი არ ფიქრობს, რომ ბავშვებმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატარონ ის მწარე მოგონება, რომელიც საკუთარი მამის მიერ მშობელი დედის მკვლელობაა. რა ხდება ჩვენს თავს? "უწინ კაცი ამშვენებდა ცხენსაც და თოფსაც, ეხლა კი ცხენი და თოფი კაცს ამშვენებს"-წერდა ილია ჭავჭავაძე, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს და"წინასწარმეტყველებდა" ქართველთა დეგრადირებას. საქმე ისე მიდის, რომ თუ ასე გაგრძელდა ვერც "ცხენი" და ვერც "თოფი" ვეღარ გვიშველის.

ეს ყველაფერი შემაძრწუნებელია და სასწრაფოდ ზომებია მისაღები. მაგრამ რა უნდა მოვიმოქმედოთ? პასუხი ცალსახაა, პრობლემა თვითონ საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ და აქვე აღმოვფხვრათ, რადგან ის აყალიბებს სტერეოტიპებს და ასევე ძალადობის ფაქტების აღმოცენის შემთხვევაში, დროულად არ მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

უნდა გავითავისოთ, რომ ძალადობა არ არის ცალკეული პიროვნებების პრობლემა. ყველანი თანასწორნი დავიბადეთ და გვაქვს იმის უფლება, რომ ვიცხოვროთ მშვიდად, ყოველგვარი აკვიატებული შიშების გარეშე. უნდა გავითავისოთ, რომ ძალმომრეობა არ არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, მათი მოგვარება ცივილიზებულად, საუბრისა და მოლაპარაკების გზითაც შეიძლება. მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როცა არსებობს სოციალური მუშაკი, რომელსაც შეგვიძლია უკიდურეს შემთხვევაში მივმართოთ.

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო - უთქვამს შოთა რუსთაველს. თუკი ცოტაოდენ ჰუმანურობას გამოვიჩენთ ერთმანეთის მიმართ, შევინარჩუნებთ ადამიანურ სახეს და არ დავემსგავსებით ცხოველებს, რომლებიც ინსტინქტებით მოქმედებენ და "პრობლემებს" ერთმანეთის გლეჯვით წყვეტენ, კიდევ გვაქვს შანსი "გადარჩენისა".


გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ...


P.S.რა თქმა უნდა, საზოგადოების დაკნინება არ მიფიქრია, მაგრამ აშკარაა, ნამდვილად პრობლემის წინაშე ვართ."მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო"- ეს პრინციპი უდევს საფუძვლად ჩემს სტატიას.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0