x
ფსიქოდრამა
ფსიქოდრამის ჩამოყალიბება იაკობ ლევი მორენოს სახელს უკავშირდება. ეს არის
მეთოდი, რომელშიც კლიენტი იყენებეს კრეატიულობას, სპონტანურ დრამატიზაციას, როლის თამაშსა და თეატრალურ თვითპრეზენტაციას, იმისათვის რომ გაზარდოს თავისი შორსმჭვრეტელობა.ის შეიცავს თეატრის ელემენტებს. სიტუაციის შექმნისა და გათამაშების მეშვეობით კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა შეაფასონ თავიანთი ქცევა და უფრო ღრმად ჩაწვდნენ ცხოვრების გარკვეულ სიტუაციებს. ფსიქოდრამა არ არის ჯგუფური თერაპია, ის ინდივიდუალური თერაპიაა, რომელიც ჯგუფში ხორციელდება. ფსიქოდრამის სესია იყოფა სამ ფაზად: მოთელვა, მოქმედება და დისკუსია. მოთელვის

ფაზაზე ხდება თემის არჩევა, მოქმედების ფაზაზე - როლის თამაში, დისკუსიაზე კი განხილვა, თუ რა მიიღო კლიენტმა ამ სესიით. ფსიქოდრამის სესიაზე ერთ-ერთი მონაწილე ხდება მთავარი პერსონაჟი და ფოკუსირდება კონკრეტულ სიტუაციაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს სცენაზე. მას საუკეთესოდ აწარმოებს მეთოდისთვის სპეციალურად მომზადებული ადამიანი, რომელსაც ფსიქოდრამის ხელმძღვანელი, ფსიქოდრამის რეჟისორი ეწოდება.

image ფსიქოდრამის შემოქმედებითი პროცესის სამ სტადიას სპონტანურობა, კრეატიულობა და კონსერვაცია წარმოადგენს. პროცესის სპონტაურობა შეიძლება გავიგოთ, როგორც მთავარი იმპულსი, რომელიც შემოქმედებითი ენერგიისთვის აუცილებელია; კრეატიულობა აძლევს მას ფორმას და მიმართულებას, ხოლო კონსერვაცია უზრუნველყოფს მის შენახვას. ფსიქოდრამის შემთხვევაში, სცენის მოფიქრება და მისი შესრულება არის სპონტანურობა და კრეატიულობა, ხოლო ამ გამოცდილების შენახვა და შემდგომში გამოყენება- კონსერვაცია.

ფსიქოდრამა გამოიყენება კლინიკურ და არაკლინიკურ შემთხვევებში. არაკლინიკურ შემთხვევაში ის მოიცავს ბიზნესს, განათლებას და პროფესიულ ტრენინგს, კლინიკურ შემთხვევაში კი მას იყენებენ ემოციური ტრავმის ეფექტების შესამსუბუქებლად.
ეს მეთოდი იმითაა გასაკუთრებული, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია საკუთარი თავის აღმოჩენა, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობა, გამოსავლის პოვნა პიროვნებისათვის აქტუალური სიტუაციიდან, რაც მიიღწევა სხვადასხვა როლის გათამაშების გზით. ამ დროს ინდივიდი საკუთარ თავსა და პრობლემას სხვა გადასახედიდან აკვირდება და ასე ეძებს პრობლემის ეფექტურად გადაჭრის გზებს. ფსიქოდრამის მონაწილეს არანაირი საფრთხე არ ექმნება, რადგან არსებობს წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ყველანაირი ნეგატივის აღმოფხვრას.
ფსიქოდრამის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ის საშუალებას აძლევს ადამიანს არა მარტო ილაპარაკოს თავის პრობლემებზე, არამედ იმოქმედოს და ამით შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ფსიქოდრამის ძირითადი კომპონენტებია: სცენა - სადაც ხდება მოქმედება, ის წარმოადგენს მთავარი მოქმედი გმირის იგივე პროტაგონისტის ცხოვრებისეულ სივრცეს. საკმაოდ დიდია იმისათვის რომ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება პროტაგონისტმა, ანტაგონისტმა ("დამხმარე მე") და ფსიქოდრამის რეჟისორმა. ზოგადად სცენა ცარიელია და სიტუაციის შესაბამისად შესაძლებელია მისი შეცვლა.
რეჟისორი - არის პიროვნება, ჯგუფის მთავარი თერაპევტი, ვინც ხელს უწყობს და
წარმართავს ფსიქოდრამას. მას რამდენიმე როლი აქვს: პროდიუსერი (სცენარისტი), ფასილიტატორი (ხელშემწყობი) და დამკვირვებელი(გამაანალიზებელი). რეჟისორი ირჩევს მთავარ მოქმედ გმირს ჯგუფიდან და წყვეტს რომელი ტექნიკაა საუკეთესო პიროვნების პრობლემის საძიებლად. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯგუფის წევრების მოსათელად, აქცევს ყურადღებას იმას თუ რა განვითარდება დრამაში. ფასილიტატორია, იმიტომ რომ ასისტენტობას უწევს მთავარ მოქმედ გმირს რომ განვითარდეს სცენაში და ეხმარება მას გამოხატოს გრძნობები და ემოციები. ბოლოს კი რეჟისორი თერაპიულ ინტერპრეტაციას აკეთებს და ეხმარება მთავარ მოქმედ გმირს (პროტაგონისტს) პრობლემის ახლებურად დანახვაში.


პროტაგონისტი არის მთავარი მოქმედი გმირი, რომლის პრობლემასაც შევისწვლით. ის ირჩევს სცენას წარსულიდან ან მომავლიდან რეჟისორთან შეთანხმებით, რომელიც გათამაშდება აქ და ამჟამად. წარსულში მომხდარი მოქმედების გათამაშებისას არაა აუცილებელი გამოყენებული იყოს იგივე სიტყვები, მთავარია მათ მოვლენის არსი წარმოაჩინონ. პროტაგონისტს ესაჭიროება რეჟისორის დახმარება, რათა შექმნას ფსიქოდრამა. რეჟისორს კი როგორ კი შესაძლებლობა მიეცემა უნდა წაახალისოს მისი სპონტანურობა, რომელიც განისაზღვრება, როგორც ახალი "პასუხი" ძველ სიტუაციაზე ან ადეკვატური "პასუხი" ახალ სიტუაციაზე.
ანტაგონისტი - მნიშვნელოვანი სხვა პროტაგონისტის ცხოვრებაში. მასთან ერთად მოქმედებს და ასახიერებს ადამიანს, რომელიც მთავარი მოქმედი გმირის ცხოვრებაშია ჩართული. შეიძლება ითამაშოს ცხოველის ან თუნდაც საგნების როლი.
პროტაგონისტი თვითონ ირჩევს ანტაგონისტს ( "დამხმარე მე"). არჩევანი

image კეთდება მარტივად, მნიშველოვანი სხვის ჯგუფის წევრებთან შედარებით. რეჟისორი და პროტაგონისტი იღებენ საკუთარ თავზე მწვრთნელის ფუნქციას, რათა ასწავლონ ანტაგონისტს თუ როგორ უნდა შეასრულოს თავისი როლი. "დამხმარე მე"-მ შეიძლება შეასრულოს თავისი როლი ისე, როგორც პროტაგონისტი აღწერს ან თავისებურად, ინტუიტურად.
ჯგუფი - საშუალო სიდიდე 5-დან 15 წევრამდე. ჯგუფის წევრები არ ასრულებენ მთავარ როლს, მაგრამ ფსიქოდრამის მნიშველოვანი წევრები არიან.
ფსიქოდრამაში რეჟისორი იყენებს სხვადასხვა ტექნიკას, რომელსაც ყველაზე უფრო საჭიროდ მიიჩნევს მთავარი მოქმედი გმირის პრობლემიდან გამომდინარე. ხშირად გამოყენებადი ტექნიკებია: თვითპრეზენტაცია - ამ ტექნიკით პროტაგონისტი თავის პორტრეტს ქმნის სიტუაციის წარმოსადგენად. მაგ: როცა მშობელს სურს შეისწავლოს ურთიერთობა ქალიშილთან. რეჟისორი პროტაგონისტს (მშობლის როლი) აიყვას სცენაზე, პროტაგონისტი თავის მხრივ ანტაგონისტს (შვილის როლი) ირჩევს. იქმნება ფსიქოდრამა: პროტაგონისტი პრობლემას გადმოსცემს, რეჟისორი კი ეხმარება მას ნარატივი (მონათხრობი) გადაიტანოს მოქმედებაში. "მოგვიყევი ამის შესახებ" იცვლება "გვაჩვენე როგორ ურთიერთობა გაქვთ თქვენ და თქვენს ქალიშვილს".
როლური გაცვლა - ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად ფსიქოდრამაში. ამ დროს პროტაგონისტის როლს თამაშობს ჯგუფის სხვა წევრი. ეს კი მას ეხმარება სიტუაცია დაინახოს და განიცადოს სხვისი პოზიციიდან. ამ დროს ყალიბდება ემპათია სხვათა მიმართ.
ცარიელი სკამი - ამ ტექნიკას მორენომ დაუდო სათავე, მოგვიანებით გელშტალტფსიქოლოგიის ნაწილი გახდა. გამოიყენება მაშინ, როცა ფსიქოდრამის წევრი არ ესწრება მოქმედებას ან მკვდარია. ამ დროს ახლობელი ანაცვლებს მას და ირგებს მის როლს. მაგ: გარდაცვლილის შვილს ეუბნებიან დაჯდეს დედის სკამზე, "გახდეს" დედამისი და მოყვეს რაც მისგან მოუსმენია. ამ ტექნიკამ შეიძლება შეავსოს დაუმთავრებელი ემოციური სამუშაო.
სარკე - როცა პროტაგონისტი ამთავრებს მოქმედებას სხვა იმეორებს ზუსტად იგივეს. ეს საშუალებას აძლევს პროტაგონისტს დაინახოს საკუთარი თავი გვერდიდან და შეცვალოს ქცევა უკეთესობისაკენ.
მონოლოგი - პროტაგონისტი უყვება ფარულ აზრებსა და ემოციებს, როგორც საკუთარ თავს, ასევე აუდიტორიას.
ამ ტექნიკათა (და ზოგადად ფსიქოდრამის) მიზანია: საკუთარი თავის შეცნობა, რესურსების გააქტიურება, გრძნობების თავისუფლად გამოხატვა, კომპლექსებისგან გათავისუფლება, გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, აქტუალური სიტუაციიდან ეფექტური გამოსავლის ძიება და პრობლემების კონსტრუქციული გზით გადაჭრა.




0
361
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0