1944 წლის 20 მაისს შეფილდში, ინგლისში, ჯო კოკერი მოევლინა ქვეყანას. მამამისი საჯარო სამსახურში გახლდათ დასაქმებული. ჯო ოჯახის ყველაზე პატრა წევრი გახლდათ. 17 წლის იყო, როდესაც მთელი დღის მანძილზე გაზის შემკეთებლის თანაშემწედ მუშაობდა, საღამოობით კი ბარებსა და ლუდხანებში მღეროდა. ხრინწინი და ყველასაგან გამორჩეული ხმა მომრერლის სავიზიტო ბარათად იქცა. ჯო გრემის ჯილდოს მფლობელია - 1983 წლის სიმღერისათვის “Up Where We Belong”. დღესდღეობით კი "როლინგ სტოუნის" ყველა დროის საუკეთესო მომღერლების რეიტინგში მას 97-ე პოზიცია უკავია. ჯოს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთანაც, რამაც მისი კარიერული წინსვლაც შეაფერხა, მომღერალი ახალ სიმღერებს აღარ წერდა. ჯო ციხეშიც კი მოხვდა სხვისი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ბრალდებით. "წამალი იყო ყველგან და მეც მოვეშვი. როდესაც ამ დაღმავალ სპირალს მიუყვები, ძნელი ხდება მისგან თავის დაღწევა. მე დამჭირდა წლები, რათა ამ ყველაფრისთვის წერტილი დამესვა"-გვიამბობდა ჯო.
ჯო კოკერი ცნობილია არაერთი ქავერ-ვერსიით, განსაკუთრებით კი ბითლზის სიმღერების ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. "When The Night Comes", "N'oubliez jamais", "Unchain My Heart" მომღერლის ყველაზე პოპულარული ჰიტებია.
70 წლის ასაკში, 2014 წლის 22 დეკემბერს ჯო კოკერი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია "BBC"-მ გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა. გარდაცვალების ფაქტი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. "ის უბრალოდ უნიკალური იყო, შეუძლებელია რამემ შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც მან ჩვენს გულებში დატოვა"-განაცხადა მისმა აგენტმა. მუსიკოსის გარდაცვალებამ, არა მარტო მის ფანებს, არმედ მთელ მსოფლიოს დასწყვიტა გული.