x
image
beko777
Mediator image
საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება
imageკავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტის ბესიკ ჩუბინიძის რეფერატი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება


შესავალი
„სახელმწიფოთა პრივილეგირებული მდგომარეობა გარკვეულწილად
სხვათა მუდმივ ჩაგვრაზეა დამოკიდებული.“
ირის მარიონ იანგი.
თქვენ დემოკრატიული საზოგადოების პარტნიორი ხართ! თქვენ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით! ღირსნი ხართ „ოქროს ბილეთისა, “ თქვენ მონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია და საერთაშორისო საზოგადოება მადლობას გიხდით ამისათვის! დემოკრატია, დემოკრატია - დემოკრატია ის არ არის რაც ჩვენს ხალხს სურს და მითუმეტეს ის არ არის რაც მათ სჭირდებათ. როგორი რთულია გაიხსენო თარიღი, როდესაც დასავლურ საზოგადოებას/სახელმწიფოს ქართველი ხალხისათვის რეალურად, რაიმე კარგი გაეკეთებინოთ. არც ერთი ჩვენი მთავრობა მადლობებს არ იშურებდა და არ იშურებს აშშ-დმი, დასავლეთ ევროპისადმი, დაძაბულობების დროს მათგან დიპლომატიური შეშფოთების გამოხატვისათვის. ამის საპასუხოდ ერის უმრავლესობა, რომელთაც 300 წელზე მეტია თეორიულ მხარდაჭერას აღუთქვამენ (და სხვადასხვა ნაკლებ ეფექტურუნარიანი ხელშეკრულებებით დროებით აჩუმებენ, რომ მათ სახელმწიფოს არ დაუვარდეს რეიტინგი სხვა ერებში, ამ შემთხვევაში კი ქართველებში) გახდა უპირველესად პროდასავლელი და შემდგომ პროქართველი, რიგ შემთხვევებში კი მხოლოდ პროდასავლელი. ზოგნი ამბობენ, რომ ქართველთათვის დაიწყო გადაშენების ეპოქა, ზოგნიც ივსებიან იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს მიგვიღებენ „დასავლურ ოჯახში“ და ხალხისთვის გაიხსნება „ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა“ და „ევროკავშირის“ კარი, რომ ისინი რუსული თავდასხმის აცილების და ჩვენი უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს. მე ვფიქრობ ერი მზად არის გადაიხადოს 100 დოლარი ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისათვის და 100 000 შემდგომში მათგან თავის დასაღწევად. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ეროვნული ნიადაგი ხშირად დემოკრატიისა და ლიბერალიზმის ნიღბით ასხმული, განიცდის სერიოზულ ძვრებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თვითონ ქართველთა უმრავლესობა) ქართულ ტრადიციებს, საუკუნეების განვმალობაში ქრისტიანული რელიგიისათვის ნაწამებ სულისკვეთებას, წინაპართა ღირსებას და დამსახურებებს, თვლიან, რომ თავი უნდა შევწიროთ წამყვან სახელმწიფოებს საერთაშორისო მშვიდობის სახელით, როგორიც არის ავღანეთში მიმდინარე “IშAF-ის” სამშვიდობო მისია და რომელიც რეალურად არის ამერიკის შეერთებული შტატების ომი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნუთუ საუკეთესო დროა იმისათვის, რომ უპირველესყოვლისა გავხდეთ პროდასავლელები?! რადგან „ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი, გარეთ მხდალი შინ ძლიერი, არგამტანი და ცბიერი ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“ ვფიქრობ არადემოკრატიული, წამყვანი, განვითარებული, საუკუნოვანი ტრადიციებით და კონსერვატიული იდეებით შემკული სახელმწიფოს კარგ მაგალითს გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს, რომელმაც ხალხთა ერთიანობით შეძლო არ აჰყოლოდა არაპროგნოზირებად ამბიციებსა და ინტეგრაციებს. იმედი მაქვს მკითხველი არ ჩამთვლის ჩვენი ძვირფასი ქვეყნის მოღალატედ, ამ ყველაფერს, რომ ვწერ, ამას კი ვამბობ იმიტომ, რომ ქმედებები გვიჩვენებს ყველაფერს და, რომ სიტყვას თანდათან ფასი ეკარგება. ასევე არ მსურს მკითხველმა ჩამთვალოს უაღრეს პესიმისტად, რადგანაც ყველაფერს აქვს ორი მხარე: უარყოფითი და დადებითი, თუმცა კი ეს უკანასკნელი იმდენად მწირია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენთვის, რომ არ ვთვლი საჭიროდ ხაზი გაუსვა მას შესავალში.


imageობიექტური მსაჯული თუ ძლიერთან მიტმასნების მცდელობა?

წარმატებულ სერბ ბიზნესმენსა და საერთაშორისო განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის პრეზიდენტს მილან დიმიტრევიჩს, თავის წიგნში „წვეთის ეფექტი, “ დაწერილი აქვს, რომ „დაე ყველაზე უარესი სცენარი იყოს პრობლემატური ხალხის განხილვის საგანი.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან გამომდინარე შეიმუშავა „პრევენციული ომის“ დოქტრინა, რაც იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებშიც ტერორისტები არიან ან მათ თავშესაფარს სთავაზობენ. ბოლო დროს სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში არც თუ ისე ცოტა ქართველი ფიგურირებს პანკისიდან, რომლებიც უსასტიკესი დაჯგუფების წევრები არიან, ერთ-ერთი მათგანი კი მეთაურია. შტატების პოზიცია ნათელია ზემოაღნიშნული დოქტრინიდანაც კი, ხოლო რა მოხდება თუ პრეზიდენტი ობამა ან მისი შემდეგი კოლეგა სირიელების „დახმარებისათვის“ „ბოროტების ღერძად“ თუ არა (როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა 2001 წელს ტერორისტულ ქვეყნებთან მიმართებაში) მონაწილედ მაინც ჩათვლის საქართველოს? ვფიქრობ პასუხი თქვენთვის ფარული დაპირისპირებით არის წარმოჩენილი. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? ჰეგემონის უახლესი ისტორია, ჰოლივუდურ ფილმებში, სერიალებსა და კომპიუტერულ თამაშებში ქართველების ტერორისტებად წარმოჩენა და ჩვენი ხალხისათვის ავად სახსენებელი 1990-იანი წლები, როდესაც 51-მა სპეცრაზმელმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით შტატებში ერთ-ერთ ბაზაზე საუკეთესო წვრთნა გაიარა და ნორმაზე გაცილებით მაღალი შედეგის ჩვენების გამო, აღნიშნულ სააგენტოში მუშაობის შემოთავაზება მიიღო, თუმცა კი 51-ვე ქართველმა უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ სამშობლოში იქმნებოდა ევროპაში საუკეთესო და თანაც ქართული სპეცდანიშნულების რაზმები „ალფა“ და „ომეგა, “ რომლებიც ამერიკულ ზღვის ლომებს უნდა გატოლებოდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათი სრული უმრავლესობა მოკლულად და დაკარგულად გამოცხადდა, რაზმები არ შეიქმნა, ხოლო ამერიკელი ჯაშუში ვუდროფი, რომლის ინიციატივაც იყო ამ რაზმების ქართველებთან ერთად შექმნა, მცხეთაში მოკლული იპოვეს. ოფიციალური დასკვნებით ის მცხეთელმა უსახლკარომ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა თავში გასროლით ადგილზე მოკლა. კავშირი ამ უცნაური მკვლელობის შინაარსსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მოკვლას შორის აშკარად არსებობს, ისე, როგორც ლი ჰარვი ოსვალდს არ მოუკლავს პრეზიდენტი, ისე არ უსვრია მცხეთელ უსახლკაროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტისათვის თავში. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში აშშ-ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დინ აჩესონმა განაცხადა, რომ „ამერიკელებმა დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობისაკენ და საომარი მოქმედებებისაკენ სწრაფვაში ევროპელთა წამქეზებელთა და დამხმარეთა პოზიცია დაიკავეს.“ აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვთქვათ ჯანსაღი ვარაუდი, რომ „ალფასა“ და „ომეგას“ შექმნა იყო დიდი დახმარება საქართველოსათვის, თუმცა კი ქართველების მიერ ამერიკელებზე უფრო კარგი შედეგების ჩვენების და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობის შესახებ უარის თქმის შემდეგ ისე მოიშორეს ქართველი ჯარისკაცები და საკუთარი კოლეგა ვუდროფი თავიდან, როგორც პრეზიდენტ კენედის ოჯახი.


imageჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, ყოველთვის უფრო მეტად კეთილგანწყობილი და ლმობიერი იყო ამერიკისადმი, ვიდრე ევროპისა თუ აღმოსავლეთის, რომელიმე სახელმწიფოსადმი, რადგან მისი მიმზიდველობა სათავეს იღებს ცხოვრების იმ სიცოცხლისმოყვარეობიდან, რომელსაც ის ქადაგებს და რომლის კარგი მაგალითია ამერიკული სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმების მიერ ადამიანთა გულების და მსოფლიო ბაზრის დაპყრობა. გამომდინარე ზემოაღნიშნული ინფორმაციებიდან თავად განსაჯოს მკითხველმა რამდენად ობიექტური მსაჯულია აშშ, რადგან „ევროკავშირში“ და „ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში“ ქართულ საზოგადოებას უპირველესად ესახება ამერიკა, ხოლო შემდგომ კი ევროპა.



საქართველოს ინტეგრაციის მცდელობა „ნატოსა“ და „ევროკავშირში“
მსოფლიოში ცნობილ პოლონელ პოლიტოლოგსა და სახელმწიფო მოღვაწეს ზბიგნევ ბჟეზინსკის თავის ბესტსელერში „დიდი საჭადრაკო დაფა, “ ეს უკანასკნელი შესავალშივე მოაზრებული აქვს, როგორც ევრაზიის კონტინენტი, მთავარი ფიგურები როგორც წამყვანი სახელმწიფოები, ხოლო პაიკები, როგორც განვითარებადი ქვეყნები, ანუ ისეთი როგორიც საქართველოა. მე ვერ დავეთანხმები ბატონ ბჟეზინსკის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა პაიკია, რადგან არსებულმა სიტუაციამ გვიბოძა ჭადრაკის საათის ბედი, რომელსაც მოთამაშეები ხელს ურტყამენ, ნებისმიერ დროს აჩერებენ და ამოძრავებენ.
წლებია საქართველოს მთავრობები ავღანეთის ერთ-ერთ ცხელ წერტილში „IშAF-ის” მისიის ფარგლებში მსხვერპლად წირავენ ქართველ ჯარისკაცებს, მაშინ, როდესაც მათ, საკუთარ სამშობლოში ე.წ. საზღვრებს უწესებენ და მავთულხლართებს უჭიმავენ.


შედეგი კი არის 2004 წლის „ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა“ და 2014 წლის „არსებითი პაკეტი.“ იმ ფონზე, როდესაც სიდიდით მეორე, ქართული კონტიგენტი მსახურობს უცხო ქვეყნის მიწაზე და 2008 წელს „მაპის“ გამო დაწყებული ომის საფუძველზე, რამდენად სამართლიანია „არსებითი პაკეტით“ შემოფარგვლა, რომელიც ითვალისწინებს გაღრმავებულ სამხედრო თანამშრომლობას? სრულიად შესაძლებელია მკითხველმა იფიქროს, რომ ჯარისკაცები იქ ანაზღაურების გამო მიდიან, რაშიც მას მე ნაწილობრივ დავეთანხმები, თუმცა კი არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტორი, რომ სამხედროები ბრძანებებს ასრულებენ, ბრძანება კი „IშAF-ის“ მისიაში ჩართვა იყო, თუმცა კი იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი შედგება მხოლოდ უარყოფითობით ან მხოლოდ დადებითობით, “IშAF-ის” მაგვარ მისიებში მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ქვეყანას უწევს სახელს, მაგრამ ეს სულაც ვერ დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას კარგ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა (რომელშიც ვგულისხმობ სამოქალაქო ჩართულობის უმაღლეს დონეს, ხალხის რეალურად მმართველობას, ადამიანის უფლებათა უნარიან დაცვით მექანიზმებს და თანასწორობას პრაქტიკულად და არა მხოლოდ თეორიულად, ბრწყინვალედ დაწერილ ხელშეკრულებებზე უფრო მეტად) და პროგრესში.


„ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში“ ინტეგრაციის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ აღნიშნული ორგანიზაციის 28-ვე წევრმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და ტერიტორია, აქ კი მკვეთრად უნდა გავუსვათ ხაზი წარსულის იმ მონაკვეთს, რომელშიც დასავლეთი რეალური მოქმედებით და არა დიპლომატიური შეშფოთებებით გვერდში ამოგვიდგა და დაგვიცვა მტრისაგან, (აღნიშვნის ღირსია 2008 წლის საომარი მოვლენების დროს თბილისში ჩამოსული ევროპის 5 სახელმწიფოს პრეზიდენტის მხარში ამოდგომა) ფაქტიურად 1783 წლიდან ჩვენს საჯარო დამპყრობლად, ითვლება რუსეთის ფედერაცია, რაც არაერთხელ დამტკიცებულა შემდგომ საუკუნეებში. რა მოხდება „ნატოში“ ინტეგრაციის შემდგომ, თუ ყველაზე უარესი სცენარით „გეორგიევსკის ტრაქტატი“ განმეორდება, მაგრამ ამჯერად დემოკრატიული ღირებულებებისა და ბუნებრივი აირის ფონზე, რადგან თუ დღევანდელმა და ყველაზე ცნობილმა მოწინააღმდეგემ ექსპანსიითა თუ არტილერიით შემოგვიტია ინტეგრაციის შემდგომ, მე ვფიქრობ ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის ძლიერი საწინდარი - ჩრდილოეთი სამხედრო კამპანიით უპირისპირდება დასავლეთს, ხოლო ეს უკანასკნელი ერთვება ბრძოლაში, „ნატოს“ წევრ ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა, ყველა წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის პუნქტის ამოქმედებით, საქართველოს გამო?! ეს არის უტოპიური ჯომოლუნგმა. ნუთუ ბუნებრვი აირის, მსოფლიოს უდიდეს მწარმოებელ რუსულ კომპანია „გაზპრომთან, “ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის გამო აირევს ურთიერთობებს დასავლეთ ევროპა და მთლიანად „ევროკავშირი, “ რომელიც გაზის საკუთარი მარაგის 25%-ს „გაზპრომიდან იღებს?“ ვფიქრობ, რეალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე „დასავლურ ოჯახში“ ინტეგრაცია შორეულ მომავალშიც კი მცდელობად დარჩება.


imageდასავლური არჩევანის ობიექტური მიზეზები


ახალ თაობას, რომელიც ქრისტიანულ რელიგიასთან ერთად წარმოვადგენთ მთავარ ღერძს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და განვითარებაში, მეტად სერიოზული როლი გვაკისრია, ხოლო იმისათვის, რომ ცხოვრებისეულ სპექტაკლში ვითამაშოთ პროფესიონალურ დონეზე, უნდა ვიცოდეთ ყველაფერი - წარსული, აწმყო და მომავალი! რაშიც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ფილმები, გაზეთები, სიმღერები და მოდაც კი გვეხმარება. რთულია წარმოვიდგინოთ თანამედროვე საზოგადოება ტელევიზორის ან კომპიუტერის გარეშე, ავტომობილების, მობილურების და ჯინსების გარეშე, რომელსაც 1983 წლის 18 ნოემბერს თანამედროვე და თავისუფალ ცხოვრებას მოწყურებულმა 8 ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებით გასცა პასუხი, იმ იმედით, რომ იქნებოდნენ თავისუფალნი. უმეტეს შემთხვევაში, ახალ თაობებთან დაკავშირებული საკითხი ჩემს შემთხვევას ჰგავს, განეკუთვნებოდე სხვადასხვა თაობას და სრულიად განსხვავებული პრობლემებისა და მოთხნოვნილებების წინაშე იდგე, რაც გვაიძულებს საკუთარი, განსხვავებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მე ვფიქრობ მთავარი ობიექტური მიზეზი, რის გამოც ქართველი ხალხის სრული უმრავლესობა ირჩევს დასავლეთს, არის განვითარება და საუკუნეების განვმალობაში ნაწარმოები ბრძოლის შეწყვეტა გადარჩენისათვის. (რადგან ბევრისთვის დასავლეთი ნიშნავს, რომ გადარჩე) ვფიქრობ ჩვენს საზოგადოებაში ეკონომიკურ და ბუნებრივ რესურსებს (რომლის უდავო ლიდერია რუსეთის ფედერაცია) იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენადაც ჩრდილოეთიდან თავდასხმის აცილების სავარაუდო გარანტიას, პროდასავლობის ხარჯზე. გამომდინარე აქედან ეს არ არის არჩევანი ცივილიზებულობასთან დაკავშირებით, (რადგან არანაკლებ ცივილიზებულია რუსეთის ფედერაცია, როგორც მეცნიერულ-ტექნიკური ასევე სოციალური პროგრესით) არამედ ეს არის არჩევანი გადარჩენის იმედიანი მცდელობის სასარგებლოდ, როგორც ეს მოხდა 1783 წლის 24 ივლისს „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახით.


დასკვნა


გამომდინარე იქიდან, რომ „პოლიტიკაში არ არსებობს მეგობრობა და რომ არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები, “ დღევანდელი მსოფლიო არეულობის ფონზე, გვაქვს შანსი თვითგამორკვევისა. არც ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ისევე, როგორც დასავლეთი არ არის პროგნოზირებადი. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე. ვფიქრობ კარგი დროა უკვე ჩვენი არაპროგნოზირებადობისა საერთაშორისო საზოგადოების და მთლიანად მსოფლიოს მიმართ, რომ მოვძებნოთ საუკეთესო მმართველობის ფორმა ჩვენი ხალხისათვის და არ ჩავეციკლოთ მხოლოდ ერთს, ამ შემთხვევაში დემოკრატიას, რომლის პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებს მხოლოდ საუკუნეების შემდგომ თუ გაითავისებს ერი. არ უნდა ავჩქარდეთ და ობიექტურად შევაფასოთ მიმდინარე მოვლენები, დასავლეთ ევროპასთან ინტეგრაციის სიჩქარე, მსოფლიო პოლიტიკა და წამყვან სახელმწიფოთა ინტერესები. დავიცვათ ჩვენი საუკუნოვანი ბრწყინვალე კულტურა და ტრადიციები, არ დავცინოთ მას და არ უარვყოთ იგი, ავიღოთ გაერთიანებული სამეფოს გამოცდილება, რომელმაც ეს ყველაფერი საუკეთესოდ შეინარჩუნა და განვითარდა, დემოკრატიული იდეოლოგიის გარეშეც კი. უნდა ვეცადოთ, რომ შევანელოთ პროდასავლობისა თუ პროჩრდილოელობის ტემპი და ამბიციები, დავეხმაროთ ერთმანეთს, გარკვეულწილად გამოვიყენოთ კონსერვატიზმი და ავასრულოთ ჩვენი დიდი წინაპრების უკვდავი სურვილები - თვითგამორკვევა, ერთიანობა და თავისუფლება. „ნოვუს ორდო სეკლორუმ.“


12/12/2014

0
148
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0