საქართველო, თბილისი, 2001 წლის 11 აპრილი
როცა რაღაც დიდი საქმის ბოლო აკორდი დასრულდება, შემდგომ მას ყოველთვის ანალიზი, განხილვა და შედეგების გამოქვეყნება სდევს ხოლმე თან, რა თქმა უნდა, ამაში უდიდეს როლს პრესა თამაშობს, რადიო და ტელევიზია, მიუხედავად ყველაფრისა, ბევრი რამე სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რას დაწერს, რა კომენტარს გაუკეთებს მომხდარს პრესა. ამჯერად ჟურნალი „ვარსკვლავები” სწორედ შედეგების შემჯამებლის როლში მოგევლინებათ და მთელი ამ ეიფორიული კასკადის, რასაც „მეგა-2001” ჰქვია, განხილვას და ანალიზს შემოგთავაზებთ.
ყველა-ყველა და ამის მამამთავარი, სხვა თუ არაფერი, სწორედ რომ ჩვენი რედაქტორია, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულიად დამოუკიდებელი „ვარსკვლავებისგან” და მთლიანად დამოკიდებული „მეგაზე”.
თავდაპირველად მას მოვუსმინოთ, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრს, ძალიან დიდი სიხარული აჩუქა.
ბესიკ ჩუბინიძე – ეს ერთი და სხვა მრავალი!
– უპირველეს ყოვლისა, როგორი განწყობა გაქვს?
– სიმართლე გითხრა, გარდა საშინელი გადაღლილობისა, ვერაფერს ვგრძნობ.
– ვერც გამარჯვების სასიამოვნო სიოს?
– (ეღიმება) თუ დამიჯერებ, ვერა.
– რატომ, ამისთანა წარმატებაზე ოცნებობს ხალხი.
– გმადლობ კომპლიმენტისათვის, მაგრამ მე, ალბათ, უფრო ჩემი მისიის რაღაც ნაწილი შევასრულე და ამით უფრო ვარ კმაყოფილი.
– კარგი, ბესო, მოდი ცოტა თავში გადავინაცვლოთ და კიდევ ერთხელ გავარკვიოთ შენი ჟურნალის...
– ... ჩვენი ჟურნალის! (ეღიმება)
– ასე იყოს, ჩვენი ჟურნალის მკითხველი იმაში, თუ რატომ მოხდა „მეგას” და „ვერცხლის ვარსკვლავის” გაერთიანება?
– მოხდა უბრალოდ აბრევიატურათა გაერთიანება და სხვა არაფერი, ჩვენ ვაპირებდით გაგვეკეთებინა საშემოდგომო ფესტივალი „ვერცხლის ვარსკვლავი”, მაგრამ თავი ვერ მოვაბი...
– შენ თავი ვერ მოაბი რაიმეს?
– (ეღიმება) ხო, ასეც ხდება, ალბათ, იმიტომ, რომ უაღრესად გადატვირთული სამუშაო შემოდგომა გვქონდა, შენ კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ, ფაქტიურად ყოველდღე გამოდიოდა, ჩვენი რომელიმე გამოცემა, ეს კი კოლოსალური შრომის შედეგია, ბოლო-ბოლო, არც ჩვენ ვართ რობოტები და ვეღარ შევძელით.
– გასაგებია და დარჩა ეს ორი სათაური, „მეგა – ვერცხლის ვარსკვლავი”?
– (ეღიმება) დარჩა, მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ ეს იუმორის დონეზეა, თორემ ცერემონიალს „მეგას” დაჯილდოება ჰქვია.
– მომსწრე ვარ იმისა, თუ რა ხდებოდა იმ დღეებში, სანამ 11 აპრილი მოახლოვდებოდა, ისე, ძალიან ნერვიულობდი?
– როგორ გითხრა, ვნერვიულობდი – არა, უფრო ზედმეტი, მომატებული პრობლემების გადაწყვეტით ვიყავი დაკავებული.
– ხატია შამუგიასთან „ლაივ-შოუში” მეტად აღელვებული საუბრობდი...
– ხო, სიმართლე გითხრა, რეებს მივედ-მოვედე, მე თვითონ აღარ მახსოვს, რადგან რადიოში შესვლამდე კიდევ ერთი პრობლემის მოგვარებით ვიყავი დაკავებული, ამჯერად ტელეფონზე და აღელვებულიც ამიტომ ვჩანდი, ალბათ.
– რაიმე კონკრეტული იყო?
– კი, კონკრეტული, რადგან ზოგადი პრობლემა არ არსებობს, ხომ იცი, თბილისში ვერავინ შეგუებოდა იმ აზრს, რომ ტარდებოდა მართლა ნამდვილი (!) დაჯილდოების ცერემონიალი და არა ჩაწყობით, სატელეფონო ზარებით და საქმეში „ქურდების” ჩარევით, როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე (ეცინება).
– ხოო, მე არაფერი ვიცოდი?!
– (ეღიმება) რა საჭირო იყო.
– ახლა მაინც არ განმარტავ?
– საქმე რაშია, იცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო იმდენად მოულოდნელი ყველასათვის, რომ თავად ნაკლებად იჯერებდნენ.
– ეს, რა?
– ის, რომ არცერთმა მომღერალმა არ იცოდა, ვინ რა ნომინაციის მფლობელი იყო, ან იყო თუ არა საერთოდ და ა.შ.
– ლელა წურწუმიას აბსოლუტური ტრიუმფი ჰქონდა იმ დღეს...
– დაიმსახურა კიდეც, მეუღლე ეხუმრებოდა – რა იყო „ტიტანიკი” ხარ თუ „გლადიატორიო”.
– ნაწყენი დარჩა ვინმე?
– უამრავი, მაგრამ მე რა ვქნა? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ყველაფერ ამის ორგანიზატორი ვარ, მთავარი კი ამ საქმეში ის ანკეტები და ხალხის ხმაა, რომელსაც მე, სხვათაშორის, შვილივით ვუფრთხილდები და რომელსაც ზოგიერთი გამოკითხვის პროცესში არასერიოზულად ეკიდებოდა.
– ბესო, „მეგას” დიპლომანტობა ერთგვარი კომპენსაცია ხომ არ იყო იმისათვის, რომ ვინმე ნაწყენი არ დაგრჩენოდა?
– არავინ დაიჯეროს, რომ ან ილონა ასლანიშვილი, ან თამთა გოგუაძე ან იაკო ჩანტლაძე ჩვენზე ნაწყენი არ დარჩენილან, აბსურდია ეს! მაგრამ ისინი გახდნენ დიპლომანტები ერთი კონკრეტული სიმღერისთვის და ეს მომავალ წელსაც ასე იქნება და იმის შემდეგაც და იმის შემდეგაც, ასე რომ, თავად განსაჯე და წარმოიდგინე ის, ვინც დიპლომანტიც კი ვერ გახდა.
– სპონსორი მართლა არა ჰყოლია „მეგას”?
– დაუჯერებელია, არა? არ ჰყავდა და მე ამით ძალიან ვამაყობ, რადგან კიდევ მერამდენედ ვუმტკიცებ საკუთარ თავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძლიერები! და თუ მაინცდამაინც აინტერესებს ვინმეს ეს სამზარეულო, არც ამაზე დავიხევ უკან – ვალით გაკეთდა ყველაფერი და დავაბრუნეთ ეს ვალი უკან.
– კმაყოფილი ხარ?
– გააჩნია, რითი.
– „მეგას” შედეგებით.
– კმაყოფილი ვარ და კიდევ გაოგნებული იმით, თუ რამდენი ბოღმა დევს ამ ერთ მუჭა ვარსკვლავებში.
11 აპრილი 2001 წელი
უნდა ითქვას, რომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც შესანიშნავად იყო ორგანიზებული ფილარმონიაში „მეგას” დაჯილდოების ცერემონიალისთვის, ალბათ, ერთი ჯილდო - საუკეთესო დაცვისთვის იმდღევანდელ დაცვასაც ეკუთვნოდა, რომლებსაც, რომ იტყვიან, ჩიტიც კი არ შემოეპარებოდათ ფილარმონიაში ბილეთის ან სიების გარეშე. მე პირადად ასეთი შეუვალი და გაუტეხავი, თავისი საქმის ხუთიანზე შემსრულებელი დაცვა პირველად ვნახე, რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი დღით ადრე გაყიდული ბილეთები სალაროსთან შეგეძლოთ 20-25 ლარად მაინც გეშოვნათ, გამორიცხული იყო, რომ რამენაირად მოხვედრილიყავით „მეგაზე”.
დარბაზი მთლიანად გადაჭედილი იყო, აღარ მოვყვები იმ ხალხის ჩამოთვლას, ვინც იმ დღეს ან ნომინანტთა სიაში იყო, ანდა სტუმარ-მაყურებელთა, იქ იყო ფაქტიურად ყველა, ვინც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან უდიდესი იყო ინტრიგა იმისა, თუ ვინ იყო ქართულ შოუბიზნესში. ძირითადად კი მე-3, 4 რიგები დაეკავებინათ მომღერლებს, ავტოგრაფის მსურველთა შემოსევისაგან კი აქაც დაცვის ორგანიზებულმა მუშაობამ გამოიღო შედეგი.
ცერემონიალი პირველი სასიამოვნო მოულოდნელობით გაიხსნა, სცენაზე ყოფილი „სეთელი“ თიკა ფაცაცია წარდგა თავისი მშვენიერი სოლო სიმღერით და სწორედ იგი იყო „მეგა-2001”-ის ოფიციალური სტუმარი (შარშან ეს ტვირთი თამთა გოგუაძეს ხვდა წილად). ამის შემდეგ დარბაზიდან მშვენივრად მოწყობილ სცენაზე წამყვანები დიტო და ლევანი გამოჩნდნენ, რომლებიც მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოზე მეტად ღელავდნენ, თუმცა გარე თვალისთვის ეს არცთუ ისე ადვილი შესამჩნევი იყო. წამყვანებმა სცენაზე ბაჩოს სიმღერის „შენ” ტექსტის ავტორი, მომღერალი მანჩო გამოიძახეს, რომელმაც სულ ახალი, დათო ფორჩხიძის სიმღერა შეასრულა, აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ „მეგა”-სთვის მომზადდა და შესრულდა რამდენიმე ახალი სიმღერა მომღერალთა რეპერტუარიდან. ამის შემდგომ გამოცხადდა „მეგას” პირველი დიპლომანტი ჰიტისთვის „წვიმა ცრის” ილონა ასლანიშვილი და აქვე მოხდა პირველი კურიოზიც: ილონამ სცენაზე აბსოლუტურად სხვა სიმღერა – გურული კრიმანჭულის რემიქსული ვარიანტი შეასრულა (სხვათაშორის, მაღალპროფესიონალურად), არადა, საზოგადოება და თავად წამყვანებიც კი სწორედ „წვიმა ცრის” ელოდნენ. შემდეგ დასახელდა მეორე დიპლომანტი – თამთა გოგუაძე ჰიტისთვის „ერთი პატარა ამბავი”, ამჯერად ყველაფერმა ლოგიკურად ჩაიარა და, ცოტა არ იყოს, მოწყენილსახიანი თამთა პარტერში დაბრუნდა, სცენაზე ადგილი კი ია ჩანტლაძეს დაუთმო, რომელიც ასევე „მეგას” დიპლომანტი გახდა ჰიტისთვის „არ მიყვარხარ”, მშვენიერმა ქალბატონმა კიდევ ერთხელ უმღერა „ვიღაცას” არ მიყვარხარო, თავისზე გაცილებით დიდი დათუნა სცენაზე ჩაიხუტა და დიტოს კომენტარით – „ეს ყველაზე არასასიყვარულო სიმღერისთვის” სცენა დატოვა.
შემდეგ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გამოიძახეს სცენაზე. ბესიკ ჩუბინიძემ კიდევ ერთი მეგობრული ჟესტი გაუკეთა საკუთარ კოლეგებს და ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებიც რატომღაც ყოველთვის ავიწყდებათ ხოლმე. ქართული შოუ-ბიზნესის ტელე-პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვდნენ ირმა სოხაძე (პირველი არხი, გადაცემა „მუსიკალური ოქტაგონი”) და გია გუმბერიძე (მე-2 არხი, გადაცემა „შვიდეული”), ქართული შოუ-ბიზნესის რადიო-პოპულარიზაციისათვის დაჯილდოვდნენ მამუკა ბერიკა და რადიო „ფორტუნას” სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე, რომლის მაგივრად სცენაზე აჩი ფურცელაძე ამოვიდა და ირინეს იქ არყოფნა ასე ახსნა – ირინე ბესოზე გაბრაზებულია და მის მაგივრად მე მოვედიო (?!). აქაც ერთი კურიოზი მოხდა და ირინეს არარსებობით დაბნეულმა წამყვანმა აჩი ფურცელაძე ხალხის წინაშე როგორც აჩი მეფარიძე, ისე წარადგინა. ქართული შოუ-ბიზნესის პრესით პოპულარიზაციისათვის კი გაზეთ „ახალი თაობის” ჟურნალისტი ეკა ირემაშვილი დააჯილდოვეს, აქ კი ყველა ელოდა, რომ მეორე აუცილებლად თავად ბესო ჩუბინიძე იქნებოდა, რადგან რეალურად „ვარსკვლავები” თავად ქართული შოუ-ბიზნესია, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, მას საკუთარი თავისთვის ჯილდო არ გადაუცია.
ვერც ირმა სოხაძე, არც გია გუმბერიძე, მამუკა ბერიკა, აჩი ფურცელაძე და ეკა ირემაშვილი იმ დღისით სცენაზე მოხვედრას ვერანაირად ვერ იფიქრებდნენ, მაგრამ... მათ საკუთარი დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადეს და, ალბათ, საწყენია, რომ ეს პირველი სხვამ არ გააკეთა და კოლეგამ იტვირთა პირველობის ტვირთი.
სასიამოვნო მოულოდნელობას შემდგომი მოულოდნელობა მოჰყვა, „ახალგაზრდობის ყველაზე საყვარელი ადამიანის” ნომინაციაში გამოსაცხადებლად სცენაზე დათო და გია მოიწვიეს, რომლებსაც ვერც გამოცვლა მოესწროთ და ვერც მაკიაჟი, იმის გამო, რომ 10 წუთის გამოსულნი იყვნენ პროფილაქტიკიდან. ბიჭებმა ჩვეული იუმორით გახსნეს კონცერტი და როცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ერთ-ერთ ნომინანტს ჩვენს რედაქტორს, მეორედ მოუწევდა სცენაზე გამოსვლა, დათო გოგიჩაიშვილმა გამარჯვებული სერგი გვარჯალაძე გამოიძახა. დაბნეული ნამდვილად არ ჩანდა სერგი, მაგრამ სიხარული კი ნამდვილად ეტყობოდა ხმაში და ორი სიტყვის მერე გამაროჯვების ეიფორიით ჩავიდა პარტერში.
შემდეგ იყო პირველი ნომინაცია „წლის გოგონათა ჯგუფი” და, რა თქმა უნდა, „სეთი”. ისინი მთელი თავისი მშვენიერებით სცენაზე წარსდგნენ.
შემდეგ ჯგუფ „სფინქსის” ე.წ. გაცილებაც ამცნეს წამყვანებმა ფილარმონიაში შეკრებილ ხალხს და დიდი ოვაციებით მოიხმეს სცენიდან ერთ დროს თინეიჯერების კერპი ჯგუფი „სფინქსი”. მათ შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ბაჩოსთვან ჩაწერილი დუეტი „ერთი ციდა” და სწორედ ამ სიმღერით გამოჩნდა პატარა ბაჩო სცენაზე. სხვათაშორის, იგი 11 აპრილს სიცხიანი მივიდა „მეგაზე” და პროგრამაშიც ერთ-ერთ პუნქტად ასე ეწერა „ბაჩოს გამოსვლა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ფილარმონიაში იქნა”...
სიცხიანმა პატარამ არც მაყურებელს დასწყვიტა გული, არც „სფინქსის” ბიჭებს და არც თავის პატარა ფანებს, რომლებიც სპეციალურად მის სანახავად შეკრებილიყვნენ იმ დღისით ფილარმონიაში.
„წლის ვაჟთა ჯგფის” დასახელებისას დარბაზი, რომ იტყვიან, მთლიანად გაირინდა და კონვერტის გახსნის შემდეგ წარმოთქმულმა ორმა სიტყვამ „ქუჩის ბიჭები” ერთბაშად აახმაურა იქაურობა. ფაქტი იყო, რომ სხვას არც არავინ ელოდა. „წლის ყველაზე საყვარელი მომღერალი ქალბატონის” ნომინაციის გამოცხადებისას კი მე-3, მე-4 რიგში დიდი ვნებათაღელვა იგრძნობოდა, არავინ იცოდა, ვისი სახელი და გვარი ეწერა თეთრ კონვერტში. ლევანმა კონვერტი გახსნა და მთელი ხმით მიკროფონში ჩაჰყვირა – ნეკა სებისკვერაძე. უნდა გენახათ სიხარულისგან დაბნეული ნეკა, მოულოდნელობა მის თვალებში ვარსკვლავებივით თამაშობდა და მგონი, ცრემლებიც წამოუვიდა სიხარულით. სანამ სცენამდე მიაღწევდა, ათასმა კაცმა მიულოცა, იქ ასულმა კი მორჩილად თავი დახარა დარბაზის წინაშე და, დიდი მადლობაო, – მთელი გულით დააყოლა! ამის შემდეგ შესაბამისად „წლის ყველაზე საყვარელი მომღერალი მამაკაცი” უნდა გამოევლინათ, დიტომ და ლევანმა კონვერტის გასახსნელად სცენაზე ბაჩო მოიწვიეს, რომლის გამოჩენამ ზედმეტი პრობლემები შეუქმნა პარტერში პოზიციებზე განლაგებულ დაცვას. საკუთარმა ბიძამ (ლევანმა) პატარას კონვერტი მიაწოდა და მითითებები დაიწყო “ – გამომართვი, გახსენი, გაშალე, წაიკითხე”. ბაჩოც აკურატულად აკეთებდა ყველაფერს, ცოტა არ იყოს წაკითხვაზე შეყოვნდა, რადგან 5 წლის პატარამ ახლახანს ისწავლა ასო-ასო კითხვა და წაიკითხა – მ-ა-მ-უ-კ-ა ო-ნ-ა-შ-ვ-ი-ლ-ი! და მოხვდა თუ არა რაც ეწერა, ხმამაღლა ჩასძახა მიკროფონში – მამუკა ონაშვილი! ამ ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ეს ერთ-ერთი უბედნიერესი წუთები უნდა ყოფილიყო, რადგან იგი აბსოლუტურად დაბნეული წარსდგა მაყურებლის წინაშე, დაბნეული ჩაეკონა პატარა ბაჩოს და კუთვნილი „მეგაც” დიდრონ გულში ჩაიხუტა. შემდეგ კი მამუკამ მთელი დარბაზი ხელში აიყვანა უდიდესი ენერგიის წყალობით, პარტერშიც ჩავიდა, ხალხსაც მიეფერა, მიუხედავად დაცვის შეუვალობისა, ყველას ჩაეხუტა და სცენას დაუბრუნდა.
ვნებათაღელვა კვლავ გრძელდებოდა, ჯერი „წლის კომპოზიტორის” გამოცხადებაზე მიდგა და, რა თქმა უნდა, რუსუდან მორჩილაძე – ადამიანი, რომლის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტი გახდა და რომელიც უაღრესად ბედნიერი ჩანდა. წამყვანებმა რუსა მორჩილაძეს ანდეს კონვერტი, რომელსაც „საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცის” გამარჯვებული ნომინანტი უნდა გამოევლინა, კონვერტი გაიხსნა და – აჩიკო მეფარიძე (აჩი ამ დროს თურქეთში იმყოფებოდა და მისი კუთვნილი „მეგა” რუსას ჩაბარდა). „წლის საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონის” გამარჯვებული ლელა წურწუმია გახდა („მეგას” მიღების მომენტში მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ოთხჯერ მოუწევდა სცენაზე იმ დღისით ამოსვლა). ამის შემდეგ წამყვანებმა ხლაფორთით გახსნეს კონვერტი, რომელსაც ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული უნდა გამოევლინა, თითქოს ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ ნომინაციაში გამარჯვებული შალვა რამიშვილს დაასახელებდნენ და ამით ორგანიზატორი სამაგიეროს გადაუხდიდა მას ძველი ცოდვებისათვის, მაგრამ მოულოდნელად ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულად ლადო ბურდულის სახელი და გვარი გაისმა.
შემდგომ კონვერტს კი წლის ყველაზე სტაბილური ჯგუფი უნდა გამოევლინა, ეს სპეციალური ნომინაცია, სხვათაშორის, ძალზედ წაადგება 11 აპრილის შემდგომ ქართულ შოუ-ბიზნესს, რადგან ჯგუფები იშლებიან, წევრები აკლდებიან, დაემატებიან და არანაირი სტაბილურობის მოთხოვნილებაც კი არ გააჩნიათ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით „წლის ყველაზე სტაბილური ჯგუფის” ნომინაციაში დამსახურებულად გაიმარჯვა „ფლეშმა”.
„ყველაზე სექსუალური ქალბატონის” გამოცხადებას კი ზეაპლოდისმენტები მოჰყვა და ლელა წურწუმიას მეორედ მოუწია თავის რიგში მსხდომი ვარსკვლავების შეწუხება. იგი სამადლობელი სიტყვის გარეშე წარსდგა და ერთგვარად დამორცხვებულმა ჩაილაპარაკა – ამისთანა ნომინაციაში რომ იმარჯვებენ, მადლობის მეტს ვერაფერს ამბობენო და ტაშის გრიალში დატოვა სცენა. არც „ყველაზე სექსუალური მამაკაცის” გამოცხადებას მოჰყოლია ნაკლები ეიფორია და ტაში. „ქუჩის ბიჭების” ზურა ხაჩიძეს ამ ნომინაციაში დათო ხუჯაძე და კახა ცისკარიძე ეკონკურენტებოდნენ, მაგრამ ხმით უმრავლესობა პირველისკენ გადაიხარა.
„ყველაზე ლამაზი ქალბატონის” ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად სცენაზე თავისი დროის ულამაზესი ქალბატონი ინგა ფერაძე გამოიძახეს, რომლის გამოჩენას დარბაზში არავინ მოელოდა და გაოცების ტაშის თანხლებით ქ-ნმა ინგამ სცენაზე გამარჯვებული ლელა წურწუმია გამოიძახა. ეს ლელას მესამე „მეგა” იყო, სწორედ ამ დროს არასასიამოვნო კურიოზი შეემთხვა მას და სცენაზე ასვლის მომენტში იგი უბრალოდ კიბეებზე დაეცა. თუმცა ოსტატურადვე გამოიყვანა საკუთარი თავი უხერხული სიტუაციიდან (ამ დღეს მას ალბათ ვიღაცის ბოროტი თვალი ეცა, ისე, როგორც ცისანა სეფიაშვილს, რომელსაც, რამდენადაც სასწაულად უნდა მოგეჩვენოთ, შუა ცერემონიალის დროს უმიზეზოდ თითზე გადაატყდა ოქროს ბეჭედი, რომ იტყვიან, ავი თვალი ეცაო).
სხვა დანარჩენ საინტერესო მოვლენებთან ერთად საინტერესო იყო „ყველაზე სიმპათიური მამაკაცის” გამოცხადების პროცესი. ორგანიზატორებმა, რაღა თქმა უნდა, იცოდნენ, ვისი სახელი და გვარი ეწერა კონვერტში და სცენაზე მის გამოსავლენად ჯგუფ "FLASH"-ის წევრი ჩიბო გამოიძახეს, კონვერტი გაიხსნა და ჩიბომ ხმამაღლა წაიკითხა – დათო ხუჯაძე. ეს ერთგვარი მოულოდნელობა იყო ყველასგან, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რაც მანამდე ამ ადამიანთა შორის არსებობდა. დათო ხუჯაძემ ღირსეული ჟესტით მადლობა გადაუხადა ღირსეული მანერის ჩიბოს და მეტი რა უნდა ვთქვა, გიმღერებთო! სიმღერით კი დათომ მთელი დარბაზი მაშინ გააოცა, როცა ბუბა კიკაბიძისეული „ჩიტო-გვრიტო” გადმოამღერა და მთელი დარბაზი „მიმინოს” ეიფორიაში ჩააგდო.
ჯერი „წლის აღმოჩენის” გამოვლენაზე მიდგა, სცენაზე ლუიზა შაკიაშვილი გამოიძახეს, რომელმაც აღიარა, რომ „ამდენი თინეიჯერის წრეში პირველად აღმოვჩნდი, ასეთი საპატიო მისიის შესრულების დავალებითო”. დარბაზი გაირინდა, ქ-ნმა ლუიზამ აუჩქარებლად გახსნა კონვერტი, იქიდან ფურცელი ამოიღო, ჯერ გაიღიმა, სათვალე შეისწორა და ომახიანად მიკროფონში დასჭექა – „წლის აღმოჩენა” – ბაჩოო!!! დარბაზს ტაშის გუგუნმა გადაუარა და დაცვას კიდევ ერთხელ მოუწია წინ წამოწეული თინეიჯერების შეჩერება. ბაჩო ლუიზა ბებიას გახარებული შემოეხვია და დიდი კაცივით ღირსეული მადლობაც გადაუხადა. წამყვანებმა შეახსენეს – ბაჩო შეგიძლია შენი სიმღერა იმღეროო, ვიცით, ახლა სიცხე გაქვს, ავადა ხარ, მაგრამ იქნებ შესძლო?.. თავად ამ შეკითხვის დასმამაც კი გააღიზიანა დარბაზი და „ბაჩო, ბაჩოს” შეძახილებით სიმღერას ითხოვდნენ. წლის აღმოჩენამ კი ვითომც აქ არაფერიო, ჯერ ლევანს ჰკითხა გაკვირვებულმა – „ლევანი, ლევანი მე გავიმარჯვეო?” და თანხმობა რომ მიიღო, გახარებულმა დაიძახა, ვიმღერებო! პატარა ვარსკვლავმა თავისზე დაკისრებული ყველა მისია იმ დღეს ხუთიანზე შეასრულა. როგორც შემდგომ გაირკვა, ამის შემდეგ იგი სახლში წაიყვანეს, რადგან მოულოდნელად მას სიცხემ მოუმატა (თუმცა დღეს იგი ჩიტივით გრძნობს თავს).
„საუკეთესო პროდიუსერის” გამოსავლენად კი სცენაზე დათო დოიაშვილი წარსდგა, რომელმაც აუღელვებლად კი გახსნა კონვერტი, მაგრამ აშკარა ემოციურობით გამოცხადდა წლის პროდიუსერი ნატო დუმბაძე, „ქუჩის ბიჭების” ყოფილი და ამჟამად დათო ხუჯაძის პროდიუსერი. მან თავისთავად სცენიდან მადლობა მოუხადა თითოეულ მათგანს და „მეგათი” ხელდამშვენებული დაუბრუნდა კუთვნილ ადგილს პარტერში.
„ყველაზე ორიგინალური ქალბატონის” გამოცხადებას დარბაზში სიხარულის ტაში მოჰყვა და მშვენიერ ფორმაში მყოფი თამუნა ამონაშვილი სცენაზე ავიდა. არც მას დაურღვევია ტრადიცია, სამადლობელი დაარიგა და ერთი სიმღერა შეუსრულა მაყურებელს.
„ყველაზე ორიგინალური მამაკაცის” ნომინაციაში კი კახა ცისკარიძე დაასახელეს გამარჯვებულად და, ალბათ, თქმა აღარ უნდა, რა ამბავი ატყდებოდა დარბაზში. სცენისკენ დაშვებული გოგონები სწორედ მაშინ დაირაზმნენ ავტოგრაფისთვის, ხოლო მაშინ, როცა სცენიდან კახუჩელას პლაკატების წვიმა წამოვიდა, იქ ამბავი ატყდა, დედაშვილს არ აიყვანდა. ზედმეტი თავსატეხი მან დაცვასაც გაუჩინა, როცა პარტერში ჩავიდა და ერთ-ერთი რიგის სკამზე შემხტარი განაგრძობდა სიმღერას.
„ყველაზე ექსტრავაგანტული ქალბატონი” ბაკურ ბაკურაძემ გამოავლინა და თითქოს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ავიდა სცენაზე, რაღაც წამებში გახსნა კონვერტი, რაღაც წამებში გაიღიმა, რაღაც წამებში გამოაცხადა გამარჯვებული – ბასა ფოცხიშვილი და რაღაც წამებში გაუჩინარდა პარტერში.
„ექსტრავაგანტული მამაკაცის” გამოცხადებების კი კიდევ ერთხელ შეფათურდა დარბაზი და სცენისკენ დაძრული გამარჯვებული სტეფანეს ფანები მიყვნენ, უჩვეულოდ წარსდგა იგი მაყურებლის წინაშე – შავი სათვალე და ოდნავ მოშვებული წვერი სხვა იერს მატებდა და უფრო მეტად ამართლებდა ამ კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებას. სტეფანემ ერთი თავისი სიმღერა შეასრულა და შემდგომ თამუნა ამონაშვილთან ერთად ახალ სიმღერის პრემიერა შესთავაზა მსმენელს.
„საუკეთესო იმიჯის მქონე მამაკაცის” ნომინაციაში გამარჯვებულად მსმენელთა კატეგორია უცნობს მოიაზრებდა, მეორე კატეგორია – დათო გომართელს, ამჯერად ვარსკვლავებმა ამ უკანასკნელს გაუღიმეს და გამარჯვებული დათო გომართელი თავდახრილი მადლობით წარსდგა მსმენელთა წინაშე.
„საუკეთესო იმიჯის მქონე ქალბატონად” კი ლელა წურწუმია დაასახელეს და მას მეოთხედ მოუხდა სცენაზე ამოსვლა. ამჯერად იგი დაცვის თანხლებით ავიდა – აღარ ვიცი, რა ვთქვა, – გახარებულმა ჩაილაპარაკა და სცენიდან მეგობრებს და განსაკუთრებით თავის „მამულიჩას” მოეფერა (რომელმაც, სხვათაშორის, ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ბესო ჩუბინიძეს მტრების მომრავლება უწინასწარმეტყველა თურმე).
ამის შემდეგ სცენაზე პატარა თიკა ჯამბურია გამოიძახეს, რომელიც ამასწინათ იყო „ვარსკვლავების” სტუმარი, მას კი ნომინაციაში „წლის საუკეთესო წამყვანის” გამარჯვებული აშკარად კმაყოფილსახიანი ბაკურ ბაკურაძე მოჰყვა, რის შემდეგაც სცენაზე თავად ბესო ჩუბინიძემ იტვირთა „ყველა თაობის საყვარელი მომღერლის” ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლინება, რომლის ღირსეული მფლობელიც ზურა დოიჯაშვილი გახდა! ნაკლებ აღელვებული და მოულოდნელი საჩუქრით ნაკლებ გახარებული არც ზურა ჩანდა. სცენიდან ყველას მადლობა გადაუხადა და თავისი სიმღერებით მოეფერა ყველას. ამის შემდეგ კი სცენაზე „წლის სიმპათია” დაასახელეს და სპეციალურად ამ ცერემონიალისთვის დაწერილი მუსიკის ფონზე, პარტერიდან სცენაზე ცისანა სეფიაშვილი გამოსხცადდა. როგორც გაირკვა, იგი წინა დღით სპეციალურად ჩამოუყვანია მოსკოვიდან ბესოს და ხვეწნაზე – ის მაინც მითხარი, რისი გულისთვის ჩამომიყვანეო, ბესოსგან ერთადერთ პასუხს ღებულობდა – მოიცდი და გაიგებო! ცისანამ მართლაც ყველაზე დიდხანს იცადა იმის გასაგებად, თუ რატომ ჩამოიყვანა იგი ორგანიზატორმა იმ დღისთვის. ორიგინალურ ფორმაში გამოწყობილმა ქალბატონმა თავისი სიმღერა შეასრულა, რის შემდეგაც სცენაზე „ქუჩის ბიჭები” მოიწვიეს, რათა „მეგა” სწორედ ჟურნალ „ვარსკვლავების” ჰიმნით „ლამაზი ღამე” დახურულიყო.
„მეგა-2001” დაჯილდოების ცერემონიალი ისევე ტრიუმფულად დამთავრდა, როგორც დაიწყო, რაც მთავარია, ბესო ჩუბინიძემ პირველმა შესძლო ის, რაც აქამდე ვერავინ მოახერხა – ყველანაირი წესის დაცვით, ყოველგვარი ნაცნობობისა და სხვა ქართული სიტუაციების გათვალდისწინებით. მან ყველას თავისი წილი სიხარული აჩუქა. გამარჯვება შედგა და მეორე დღიდანვე დაიწყო მზადება დაჯილდოების ცერემონიალისთვის – „მეგა-2002”.
ბესო ჩუბინიძე: – ალბათ რაღაცა შეცდომები რაღაც დოზით მეც დავუშვი, ვიცი, რომ ნაწყენიც ბევრი დამრჩა, მაგრამ მე ყოველთვის ერთი და იგივეს ვიმეორებ – რა დოზითაც დათესეს, იმ დოზით მოიმკეს, ასე რომ, ამას თუ ყველა გაითვალისწინებს „მეგა-2002”-სთვის უფრო გახარებულნი და გამარჯვებულნი იქნებიან. რაც შემეძლო და მინდოდა, მე მხოლოდ იმის ნახევარი გამომივიდა. რომი ხომ ერთბაშად არ აშენებულა და მჯერა, რომ თითოეული ნომინანტი თუ გამარჯვებული, რომელიც გამოვლინდა, დამეხმარება იმაში, რომ ქართულმა შოუბიზნესმა ისევე უცბად არ ჩაყვინთოს, როგორც ამოყვინთა. მათ უნდა ესმოდეთ ერთი რამ, რომ ისინი იმ კედლის რიგითი აგურები არიან, რომლითაც ჩვენ ქართული, ნამდვილი შოუბიზნესის კედელს ვაშენებთ. მათ დაინახეს ჩვენი უკომპრომისობა და სიმართლე, რადგან სწორედ ამ სიმართლის წყალობით შევიდნენ ისინი ისტორიაში. მე ყველას ვპირდები – თქვენ გაიმარჯვებთ, თუ დასძლევთ მანიას! თუ გეყვარებათ თქვენი სიმღერა და თუ გეყვარებათ თქვენს გვერდში მდგომნი!
მასალა მოამზადა - მაკა ლობჟანიძემ