ჯანმრთელი კვება რატომ ვიმატებთ წონაში? დიეტები, დიეტები და კიდევ ერთხელ დიეტები? 2014, 16 ოქტომბერი, 18:37 რამდენი დაწერილა სიმსუქნესა და სიგამხდრეზე, იმაზე, რომ სიმსუქნის მიზეზი უამრავია, რომ მის გამო თავის მოკვლა არ ღირს, ისეთი უნდა გიყვარდეს თავი, როგორიც ხარ. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ქალის გონებაში იბადება აზრი: როგორი ბედნიერები არიან გამხდრები და როგორი უბედურები არიან მსუქანი ადამიანები. განსაკუთრებით, თუ ქალი რაიმე აბსტრაქტულზე კი არ ფიქრობს, არამედ საკუთარ თავზე – ერთადერთსა და განუმეორებელზე. მის გამხდარ ახლობელ-მეგობრებს ხომ მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ: მათ ყველაფერი უხდებათ, მომხიბვლელები და გრაციოზულები არიან, შეუძლიათ ყველაფრის ჭამა და არ იმატებენ, ისინი უფრო მეტად მოსწონთ მამაკაცებს, მათთვის უფრო ადვილია მოხდენილი ტანსაცმლის ყიდვა, და, საერთოდ, უფრო მარტივად ცხოვრობენ და პირად ცხოვრებაშიც ნაკლები პრობლემები აქვთ. კეტლეს ინდექსი სპეციალისტებმა შეიმუშავეს სხეულის მასის ინდექსი (კეტლეს ინდექსი). იგი მარტივი გამოსათვლელია და შენგან არ ითხოვს უმაღლესი მათემატიკის ცოდნას. სხეულის მასის ინდექსი უტოლდება შენს წონას კილოგრამებში, გაყოფილს შენს სიმაღლეზე მეტრებში, აყვანილს კვადრატში. მაგალითად: შენი წონაა 85 კგ-ია, სიმაღლე – 165 სმ. სხეულის მასის ინდექსი =85 (1, 65 X 1, 65)=31, 2. ახლა კი ვნახოთ, რას აღნიშნავს მიღებული რიცხვი. * 20-ზე ნაკლები – შენ მცირე წონა გაქვს: როგორც ჩანს, ცოტას ჭამ და ვერ კმაყოფილდები. * 20-დან 24, 9 – ნორმალური წონაა. * 25-დან 29, 9 – მოჭარბებული წონაა; საჭიროა დიეტა! * 30-დან 39, 9 – ეს უკვე სიმსუქნეა: ჯანმრთელობის გაუარესების რისკი საშუალოა, მაგრამ ექიმის გარეშე ვერ გაძლებთ. * 40-ზე მეტი – მკვეთრად გამოხატიული გაცხიმიანებაა: გართულებების წარმოქმნის რისკი მაღალია. საჭიროა წონის სასწრაფოდ „დაგდება”. იმედი გვაქვს, ნათელი გახდა თქვენთვის, რომ სიმსუქნე და მოჭარბებული წონა ერთი და იგივე არ არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტი წონის მქონეები უნდა დამშვიდნენ. ჭარბი კილოგრამების დაგროვება იმდენად ადვილია, რომ შეიძლება ვერც შენიშნო, როგორ გადასცდები საზღვარს სასიამოვნო ჩაპუტკუნებასა და ჯანმრთელობისათვის საშიშ გაცხიმიანებას შორის. საიდან გროვდებიან ზედმეტი კილოგრამები? ეს მხოლოდ ჩვენ გვეჩვენება ასე, რომ ისინი თავისით გროვდებიან. ზედმეტ წონას და, მითუმეტეს, სიმსუქნეს ყოველთვის აქვს თავისი მიზეზი, ხანდახან კი რამდენიმე ერთად. არასწორი კვება: მხედველობაში გვაქვს ბავშვობიდან გამოყოლილი გადაჭარბებული კვება, მომატებული მადა მენსტრუაციული ციკლის უკანასკნელ მე-3 – მე-4 დღეებში ან სტრესის გამო. აგრეთვე რაციონში ნახირწყლების ჭარბი რაოდენობა შემდეგი დევიზით: „ისედაც არ მიმართლებს, შოკოლადით მაინც გავინებივრებ თავს”. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არასწორი კვებისაკენ ქალები 10-ჯერ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, ვიდრე მამაკაცები, უფრო სწორად, მამაკაცები სტრესის მოსახსნელად საჭმელს არ ეძალებიან, სხვა საშუალებებს ამჯობინებენ. ჰიპოდნამია: მჯდომარე სამუშაო, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ავტომანქანით გადაადგილება და სპორტული ვარჯიშების შეწყვეტა. ცხიმების 90 პროცენტის დაწვა ხდება კუნთების მუშაობის დროს და იმდენად, რამდენადაც ისინი ზარმაცობენ, შენც კილოგრამები გემატება. მემკვიდრეობითობა: არიან ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილნი სიმსუქნისაკენ. მემკვიდრეობით მიდრეკილებას ექიმები საზღვრავენ იმით, რომ ადამიანი ჩვეულებრივი დოზით კვების დროსაც იმატებს წონაში, მაგრამ თუ კონტროლი და ძალისხმევა საკმარისი აქვს ადამიანს, მას იმ შემთხვევაშიც შეუძლია თავიდან აიცილოს ზედმეტი წონა, თუ სახლში ყველანი მსუქნები არიან! ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება: ამ დროს ქალის ორგანიზმში აღარ ხდება ცხიმების წვა და ინტენსიურად გროვდება. ამიტომ თუ სიმსუქნისკენ მიდრეკილია ორგანიზმი, წონის მომატება გარანტირებულია. ენდოკრინული და გინეკოლოგიური დაავადებები: ასეთი დაავადებების სიმპტომად გვევლინება წონის მკვეთრი მომატება და უეცარი გასუქება სახეზე, მუცელზე, მკერდზე, აგრეთვე მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ყველა გასახდომი საშუალება კარგია? შიმშილობა არ არის სასარგებლო იმიტომ, რომ იგი სტრესია ორგანიზმისთვის. შიმშილობა იწვევს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებების უკმარისობას. ამას ემატება სისუსტე, გარეგნული მხარის გაუარესება, იმუნიტეტის დაქვეითება. დიეტები * ჩინური. დიეტაში მხოლოდ ბრინჯის, ხილის და ბოსტნეულის წვენების მიღებაა რეკომენდებული. მაგრამ იგი ერთფეროვანია და არასაკმარისად შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს. * ინგლისურ დიეტაში 1 კალორია 1 ქულას უდრის. დღეში 1500 ქულაზე მეტის მოგროვება არ შეიძლება. ასე რომ, მთელი დღე ცხრილებსა და კალკულატორში ჩაფლულმა უნდა გაატარო. * მონოდიეტა. ერთი დღე – ხორცი, მეორე – კეფირი, მესამე – ვაშლი, მეოთხე – თევზი და ა.შ. მისი ნაკლი ისაა, რომ ცუდად იღებს ორგანიზმი და არც შედეგია დიდად ეფექტური. მადის დამქვეითებელი პრეპარატები ყველა მათგანი თავის ტვინის ცენტრში იწვევს მადის დაქვეითებას, რაც უკუჩვენებებსაც განაპირობებს: სისხლის წნევას ზემოთ სწევს, სისხლში იზრდება შაქრის დონე, ჩქარდება პულსი, ცუდად მოქმედებს ღვიძლზე, თირკმელებზე. შეიპინგი სამწუხაროდ, არც იგი გახლავთ პანაცეა. კვირაში 2-3-ჯერ 1-საათიანი ვარჯიში მხოლოდ დიეტასთან ერთადაა ეფექტური. ზედმეტი წონის თავიდან ასაცილებლად ყველაზე სასარგებლოა ნაკლებსაინტერესო, ხანგრძლივი გასეირნება ფეხით, ცურვა, სირბილი, ტანვარჯიში, ცეკვა. როგორ ვიკვებით სწორად? * ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: რას, ვისთან და რატომ ჭამ მოცემულ მომენტში. * იყავი წინდახედული: შეარჩიე სასარგებლო საკვები – ხილი, ბოსტნეული, თევზი, ქათამი კანის გარეშე, რძის უცხიმო პროდუქტები, ლობიო, ბარდა. მეხსიერებიდან ამოშალე შებოლილი პროდუქტები, შოკოლადის ბატონჩიკები, ჩიპსები. * შეამცირე ცხიმის მიღება დღეში 50 გრამამდე. დაიმახსოვრე: კარაქის, კრემების, არაჟნის მსგავსად ცხიმი ბევრია ძეხვში, ღორის ხორცში, მაიონეზში, მარგარინში. თუ ცხიმის შემცველობა მაღალი არ არის საკვებში, ადამიანი არ მოიმატებს წონაში მაშინაც კი, თუ ფუნთუშებს, მაკარონსა და ნახშირწყლებით მდიდარ სხვა პროდუქტებს შეექცევა. * განტვირთვის დღეები დააწესე და მხოლოდ ხილზე, ბოსტნეულზე, მინერალურ წყალსა და მჟავე რძის პროდუქტებზე გადადი. * დალიე უშაქრო ჩაი და ყავა. * ჭამე ცოტა, მაგრამ ხშირად – არანაკლებ დღეში 4-ჯერ. * ნუ შეჭამ საჭმელს ტელევიზორის ყურებისას, ასევე გადარბენაზე, როცა სადმე გეჩქარება. * შენს განზრახვას ნუ გაანდობ ნურც შენს რჩეულს, ნურც დაქალებს. უბრალოდ, მშვიდად გააკეთე შენი საქმე. * გახდომისას იხელმძღვანელე გონებით და არა ფანატიზმით. შენი მიზანია თანდათანობითი, მაგრამ მუდმივი შეცვლა... არა, წონის კი არა, შენი ცხოვრების წესის. 598 1-ს მოსწონს
|