x
მეტი
  • 09.08.2024
  • სტატია:136436
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510708
კონფლიქტების როლი საზოგადოებაში
კონფლიქტის თემა - ერთ-ერთი აქტუალურია სოციოლოგიაში. შეიძლება ითქვას, რომ ის ინოვაციისა და სოციალური ცვლილებების წყაროა. არ არსებობს ამ საკითხისადმი გულგრილი სოციალური მეცნიერება. კონფლიქტი არის სოციალური ურთიერთქმედების ნაირსახეობა, როდესაც მხარეები აცნობიერებენ არსებულ დაპირისპირებას და მასთან საკუთარ მიმართებას.

დაპირისპირება და წინააღმდეგობა თავს იჩენს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური, სულიერი, ამიტომ, სოციოლოგთა უმეტესობა თითქმის თანხმდება, რომ არ არსებობს საზოგადოება კონფლიქტის გარეშე, რადგან კონფლიქტი ყოფის განუყოფელი ნაწილია, საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების წყაროა. ძველმა ბერძნებმა მთელი რიგი მოძღვრებები შექმნეს დაპირისპირებულთა როლის შესახებ საგნების წარმოშობაში. XX საუკუნის მოაზროვნეებისათვის ცხადი იყო, რომ კონფლიქტი რეალობაა, აუცილებელი მოვლენაა საზოგადოების ისტორიაში, რომ ის სტიმულია მისი განვითარებისთვის. როგორც ზიმელი ამბობდა - "კონფლიქტი ჰაერს ასუფთავებს."

ნებისმიერი საზოგადოება მუდმივ სოციალურ ცვალებადობაშია და ეს ცვალებადობა მისთვის მუდმივი სოციალური კონფლიქტებია. სოციალური კონფლიქტების ჩასახვისა და განვითარების მიზეზია ინტერესების კონფლიქტი. კონფლიქტები საზოგადოებაში უამრავია. ისინი განსხვავდებიან მასშტაბებით, მონაწილეთა შემადგენლობებით, მიზეზებით, მიზნებით, შედეგებით. კონფლიქტები არ აძლევენ საზოგადოებას უძრაობის ეტაპით ხანგრძლივი ნებივრობის უფლებას, რადგან მუდმივად ქმნიან სოციალურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. თანამედროვე საზოგადოებაში შესაძლებელია და აუცილებელია სოციალური კონფლიქტების რეგულირება.

კონფლიქტის ერთ-ერთი პოზიტიური ფუნქციაა კომუნიკაციურობა. ამ ფუნქციის ძალით კონფლიქტის მონაწილეები აცნობიერებენ თავიანთ და დაპირისპირებულთა ინტერესებს, წინ წამოწევენ საერთო პრობლემებს და იწყება ურთიერთშეგუების მცდელობა.


ზოგიერთი თვალსაზრისის თანახმად, პირველ ადგილზე დგას

საზოგადოებისთვის დამახასიათებელი წესრიგი და ჰარმონია, მაგრამ აუცილებელია ხაზი გაესვას სოციალური კონფლიქტის სიღრმისეულ ბუნებას, რადგან, რეალურად საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის დამახასიათებელია ინტერესთა დანაწევრება, დაძაბულობა და ბრძოლა. ამიტომ მტკიცება, რომ ადამიანები მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მიდრეკილების მქონე არსებები არიან, მცდარია.

დიდ ყურადღებას უთმობდა კონფლიქტებს იტალიელი მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლო მაკიაველი. მისი აზრით, საზოგადოებაში ინტერესებისა და ღირებულებების მიხედვით გათიშვა იწვევს სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს, რაც სოციალური ცხოვრების ნაკლი კი არაა, არამედ დადებითი მომენტია. რადგან კონფლიქტისა და დაპირისპირების გარეშე არაა მოძრაობა, ხოლო საზოგადოება ისეთი ყოფიერებაა, რომელიც მუდმივ მოძრაობაში იმყოფება. საზოგადოებაში წონასწორობა და წესრიგიც არსებობს, მაგრამ ის მომენტალურია, კონფლიქტი კი მარადიული.









ავტორი: თინათინ კანტიძე

1
132
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ კანტიძე
თინათინ კანტიძე
132
  
2014, 16 სექტემბერი, 1:52
ძალიან საინტერესო სტატიაა..
0 1 1