x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508849
ჩრდილოეთ კორეა- ცივი ომის რელიქტი
შესავალი

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა, რომელიც დროს რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება. არაერთხელ გვსმენია, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელშიც მმართველობა დიქტატორული და კლანურია, უკიდურესადაა შეზღუდული ადამიანის ავტონომია და გამეფებულია პიროვნების კულტი. ჩრდილოეთ კორეის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მრავალჯერ ქცეულა მედიისა თუ პოლიტოლოგთა განხილვის საგნად. როგორია ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკა? აღნიშნულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაზე სამხ.კორეასთან, აშშ-სა და იაპონიასთან მიმართებაში, აგრეთვე მის ბირთვულ შეჯიბრში ჩაბმაზე. გაანალიზებულია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ჩრდილოეთ კორეის აგრესიული საგარეო პოლიტიკა.


კორეის ომი და თანამედროვე ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის


"არ ესროლოთ მანამ, სანამ არ გაარჩევთ მათი თვალების გუგის სითეთრეს..." ამ სიტყვებით მიმართა ვიცე-პოლკოვნიკმა სერ ენდრიუ აგნიუსმა "დეტინგენის ბრძოლის" წინ შოტლანდიელ ფუზელიორებს. სწორედ ასეთივე მიდგომა აქვთ ერთმანეთთან ორ მოწინააღმდეგეს - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეის ჩრდილოეთ ნაწილს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, სამხრეთს - აშშ. მათ ვერ შეძლეს მოლაპარაკება ქვეყნის გაერთიანების შესახებ, რამაც 1948 წელს ორი სხვადასხვა მთავრობა წარმოშვა, რომელთაგან თითოეული მთელი კორეის ნახევარკუნძულის კონტროლზე აცხადებდა პრეტენზიას. ჩრდ.კორეის არმიამ გადაკვეთა 38-ე პარალელი და დაიწყო "კორეის ომი". რომელიც 1953 წლის 25 ივლისამდე გაგრძელდა და რომელსაც გამარჯვებული არ გამოუვლენია. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდ.კორეა აგრესორად გამოაცხადა და მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, დახმარებოდნენ სამხრეთ კორეას. აშშ-ს გარდა საკუთარი შეიარაღებული ძალები კორეაში გაგზავნა ინგლისმა, თურქეთმა, ბელგიამ, საბერძნეთმა, კოლუმბიამ, ინდოეთმა, ტაილანდმა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები ცვალებადობით ხასიათდებოდა, თუმცა, უპირატესობა ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა და საბოლოოდ ნახევარკუნძული კვლავ გაყოფილი აღმოჩნდა. ამ მოვლენიდან დღემდე ეს ორი ქვეყანა "პასიური ომის" მდგომარეობაშია, თუმცა, ხანდახან შეტაკებებიც ხდება, რაც ძირითადად ჩრდ. კორეის პროვოკაციული ქმედებებითაა გამოწვეული. თუკი სამხრეთელები უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის აღმავლობაზე, ჩრდილოეთში რესურსების დიდი ნაწილი შეიარაღებაზე იხარჯება. ჩრდ. კორეის მიერ მთლიანი ნახევარკუნძულის დაპატრონების სურვილს განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეებს მართავს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წელს ჩრდ. კორეამ დაბომბა სამხრეთის კუთვნილი კუნძული, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო შეიარაღებული ძალების მიერ სასწავლო წვრთნების დაწყებამ ყვითელ ზღვაში კიდევ უფროდაძაბა ვითარება ქვეყნებს შორის. ამგვარი სიტუაცია კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ორივე კორეას, არამედ ცივილიზებულ სამყაროსაც კი.



ჩრდილოეთ კორეა - იაპონიის ურთიერთობები


ჩრდილოეთ კორეას არც იაპონიასთან აქვს მეგობრული ურთიერთობები. ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან ის ამ უკანასკნელის კოლონია იყო 35 წლის განმავლობაში. ჩრდ. კორეის ექსპანსია დასრულდა 1945 წელს, როდესაც იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ამას თან დაერთო სამშვიდობო ხელშერულება კორეასა და იაპონიას შორის. თითქოს 70 წლის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის არ უნდა არსებობდეს რაიმე დაძაბულობა, მაგრამ დღევანდელი რეალობა სულ სხვას ასახავს. მათი დიპლომატიური ურთიერთობები არაერთხელ შესულა ჩიხში XX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც იაპონიამ ჩრდ. კორეას დააკისრა ეკონომიკური სანქციები სამხრეთ კორეაზე ტერორისტული აქტების განხორციელების გამო. ამავე დროს იაპონიის მთავრობა ითხოვდა ჩრდ. კორეისგან 50 მლნ დოლარის ოდენობის ვალის დაბრუნებას და მათ მიერ გატაცებული ათეულობით იაპონელის გახმაურებული საქმეების გამოძიებას. ბოლო 10 წლის განმავლობაში სოციალისტურმა კორეამ იაპონიას რამდენჯერმე მოუწყო პროვოკაცია, მეტიც, ის გახდა ტერორისტული დაჯგუფების "იაპონიის წითელი არმიის" თავშესაფარი. ამ უკანასკნელმა ფაქტმა ძალზე აღაშფოთა იაპონიის მთავრობა. თუმცა, დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმატა ბოლო 5 წლის მანძილზე., რისი მიზეზიც გახდა იაპონიის და აშშ-ს დაახლოება სამხედრო და პოლიტიკურ მისიებში. KCNA-მ 2013 წელს გაააფრთხილა ოფიციალური ტოკიო, რომ თუ ის გააგრძელებდა შეთქმულებას აშშ-თან, მას მოელოდა საშინელი დარტყმა. ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილების მორიგი მიზეზი გახდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს განცხადება კონსტიტუციაში რამდენიმე პუნქტის შეცვლის თაობაზე.ცვლილებების შედეგად იაპონიას უნდა მიეცეს საშუალება ჩაებას კოლექტიურ უსაფრთხოებაში. თუმცა, იაპონიის მთავრობა გამორიცხავს საზღვრებს გარეთ რაიმე სახით სამხედრო კონფლიქტში ჩარევას. ყოველივე ეს ჩრდ. კორეამ შეაფასა როგორც იაპონიის მიდრეკილება მსოფლიო ექსპანსიისკენ. აშკარაა, რომ იაპონიისა და ჩრდ. კორეის დიპლომატიური ურთიერთობები ბუნდოვანია და ცალსახაა რომ არცერთი ქვეყნის მთავრობა არ აპირებს დათმობას.


ბირთვული ცდები


2005 წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ გამოაცხადა, ერთ წელიწადში კი პირველი ატომური ცდა განახორციელა. განსაკუთრებული შეშფოთება ამ ფაქტმა აშშ-ში გამოიწვია, რომელსაც ჩრდ. კორეა თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. 2006 წელს აშშ-ს გეოლოგიურმა კვლევითმა ცენტრმა გამაცხადა, რომ ბირთვული იარაღი იყო 1 კილოტონზე ნაკლები ზომის, რაც კითხვებს ბადებდა მისი ეფექტურობისა და დახვეწილობის შესახებ. გაერომ ჩრდ. კორეას დაუწესა ეკონომიკური და სამხედრო სანქციები. ჩინეთმა და რუსეთმა კი, რომლებიც ხშირად ეხმარებოდნენ კორეას ამჯერად დასავლეთს დაუჭირეს მხარი და ეს ტესტირება შეაფასეს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების აზრის "უხეში და საშინელი" დარღვევა. 2007 წლის თებერვალში ფხენიანი დიპლომატიური დათმობების სანაცვლოდ დასთანხმდა იანგბიონის მთავარი ბირთვული რეაქტორის დახურვას. მაგრამ 6-მხრივი მოლაპარაკებები შეჩერდა, რადგანაც ჩრდ. კორეამ დაადანაშაულა მოლაპარაკებების პარტნიორები ვალდებულების შეუთანხმებლობაში. ერთი თვის შემდეგ, კი მან განახორციელა მეორე მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა, რაც პირველზე უფრო ძლიერი იყო.ამას მოჰყვა შორსმომქმედი რაკეტის გამოცდა, რომელიც აზიას დაემუქრა და აშშ-თვისაც შეეძლო მიეღწია. ამის საპასუხოდ გაერომ გამოსცა რეზოლუცია, რომლითაც დაგმო ბირთვული ცდა და სანქციები გაამკაცრა. ხოლო, მას შემდეგ, რაც აშშ-მა 2009 წ. აგვისტოში მკაცრი სანქციები დაუწეა, კიმ ჩენ ირმა თქვა, რომ მზად იყო ბირთვული მოლაპარაკების განსაახლებლად. თუმცა, არც ამას მოჰყოლია შედეგი. რადგან 2013 წლის 12 თებერვალს, გამთენიისას, უჩვეულო სეისმური აქტივობა დაფიქსირდა პუნგიერის მიწისქვესა ატომური სადგურის გარშემო. ამას მოჰყვა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსგან დასტური, რომ ჩრდ. კორეამ წარმატებით განახორციელა მოწყობილობის შემოწმება. ფხენიანის საბოლოო მიზანია, საკმარისად მცირე, "მინიატურული" მოწყობილობის წარმოება, რათა მორგოს შორსმოქმედ რაკეტას.


ლიდერის როლი


ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ლიდერის როლს. მას შემდეგ რაც 69 წლის კიმ ჩენ ირი "ფიზიკური და გონებრივი მუშაობისგან" გარდაიცვალა, მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი "დიდ მემკვიდრედ" გამოაცხადეს. ახალი ლიდერის არჩევიდან თითქმის 2 თვეში, 2012 წლის 29 თებერვალს მიღწეული შეთანხმებით ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის ტესტირება, ურანის გამდიდრება და გრძელი დისტანციის რაკეტების გაშვება უნდა შეეწყვიტა, ქვეყანა საერთაშორისო ინსპექტორების მიერ მთვარაი რეაქტორის მონიტორინგზეც კი დათანხმდა.ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი შეთანხმება იზოლირებულ სახელმწიფოსთან პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნია საერთაშორისო საზოგადოებამ.ისმის კითხვები არის თუ არა კიმ ჩენ ინის სათავეში მოსვლა გარღვევა განდგომილი სახელმწიფოს ურთიერთობებში დასავლეთთან. სკეპტიკოსთა აზრით, ფხენიანის ნაბიჯი მხოლოდ მოკლე ვადაზე გათვლილი მცდელობაა საკვების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ჩრდ. კორეაში მოსახლეობის გამოკვება 1990-იანი წლების შიმშილობის შემდეგ სერიოზულ პრობლემად რჩება. ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის თემა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ვაჭრობის ობიექტის გარდა, პოლიტიკური გადარჩენის ინსტრუმენტია. კიმ ჩენ ინის მსგავსად, მამამისმც, კიმ ჩენ ირმა, 1994 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეაჩერა პროგრამა, რომელიც 2002 წელს ისევ გააგრძელა.როგორც აღვნიშნეთ, ბირთვული განიარაღების შესახებ მხარეები 2006 წელსაც მორიგდნენ, თუმცა, 3 წლის შემდეგ ფხენიანმა საერთაშორისო ინსპექტორები იანბიონის მთავარი ბირთვული რეაქტორიდან გამოაძევა. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია ახალმა ლიედრმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე, რადგან ამით საკუთარ პოზიციებს დაისუსტებს. სავარაუდოა, რომ ფხენიანი მათ გამოყენებას დასავლეთიდან სარგებლის მიღების ფორმით გააგრძელებს. ჩრდ. კორეა თითქმის მეორე ათწლეულია ბირთვულ შანტაჟს წარმატებით ახერხებს. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის მიზანი ქვეყნის სრული ბირთვული განიარაღებაა.არსებული ვითარება მხოლოდ რეჟიმის დამხობის შემდეგ თუ შეიცვლება, რომელსაც, სავარაუდოდ, საგრძნობი ადამიანური და ფინანსური დანაკლისი მოჰყვება. კიევ ერთი პრაქტიკული გამოსავალია აშშ-ს მიერ ბირთვული კომუნისტური სახელმწიფოს არსებობასთან შეგუება და ლოდინი, სანამ რეჟიმს საკუთარი არაეფექტურობა შეიწირავს.


დასკვნა


ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ პოსტკორეული ომის პერიოდშია ჩარჩენილი და მუდმივად ამტკიცებს, რომ ცივი ომის რელიქტს წარმოადგენს. გასაკვირი არცაა, რომ ჩრდ. კორეას დაძაბული ურთიერთობები აქვს როგორც აშშ-თან ისე სამხრეთ კორეასთან.ვითარებას ართულებს ისიც, რომ ქვეყანა უკვე ბირთვულ შეჯიბრშია ჩაბმული და ნელ-ნელა ავითარებს ატომურ და სარაკეტო პროგრამებს. მას მხოლოდ კორეის ნახ. კუნძულზე კი არ უნდა გავლენის მოპოვება, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე, რაც კონფლიქტს იწვევს იაპონიასთანაც. საბოლოო ჯამში, ადვილი გამოსაცნობია, რომ ჩრდ კორეა გაააგრძელებს სხვა ქვეყნების ბირთვულ დაშინებას და პროვოცირებას მათგან დივიდენდების მიღების იმედით.

0
399
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლომსაძე
სალომე ლომსაძე
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0