22 და 23 წლის ადამიანები მინისტრებად ინიშნებოდნენ და ჩემი თანაშემწე გახდა პრობლემა? - ზუგდიდის გამგებელი მომხიბლავ თანაშემწეს იცავს
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას მრჩეველად 22 წლის ყოფილი კრუპიე, თაკო ლაშხია დაინიშნა. რა კრიტერიუმით მოხდა მისი ამ თანამდებობაზე დაწინაურება, ამის გარკვევა თავად ზუგდიდის გამგებელთან ვცადეთ:
- თაკოს გარშემო უაზროდ აგორდა აჟიოტაჟი. ის ჩემ მრჩევლად არ დანიშნულა, ის არის გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი. 2 თვის განმავლობაში იქნება ამ თანამდებობაზე, მანამ ვიდრე გამოცდები ჩატარდება.
- რა კრიტერიუმით მოხდა მისი დანიშვნა თუნდაც 2 თვით?
- რა მნიშვნელობა აქვს?! განცხადება იყო შემოსული და დაკმაყოფილდა. ის არის ეკონომისტი, უმუშავია ბუღალტრად. თაკო არის ახალგაზრდა გოგო, რომელსაც აქვს ეკონომისტად მუშაობის გამოცდილება. აქ რაიმე ნათესაურ და მეგობრულ კავშირს არ ჰქონია ადგილი.
- ხომ არ აჯობებდა უფრო გამოცდილი კადრის დანიშვნა?
- 22 და 23 წლის ადამიანები მინისტრებად ინიშნებოდნენ და მაგაზე არ ქონდა არავის პრობლემა და ჩემი თანაშემწე გახდა პრობლემა?
- ამაზე პრობლემა არ ქონდა წინა ხელისუფლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ მაშინ ამას აპროტესტებდით...
- ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. წლოვანებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, პროფესიონალი არის თუ არა ადამიანი. ახალგაზრდების დანიშვნა თანამდებობაზე პრობლემა არ არის, მთავარია, მერე როგორ მოიქცევა ამ თანამდებობაზე. თანაც გაითვალისწინეთ, რომ თაკო ლაშხია გამოკვეთილად თანაშემწეც არაა, ის უნდა იყოს მისაღებში და მეტი არაფერი.
- ანუ მდივანია?
- შეიძლება ასეც ითქვას.
- ზუგდიდელები საუბრობენ რომ ის კრუპიედ მუშაობდა კაზინოში...
- ეს არის ბოროტი ხალხის მოგონილი ტყუილი. ის რომ შეკვეთილში მუშაობდა ბუღალტრად, ამას ვადასტურებ.
- შეკვეთილში ბუღალტრად მუშაობა საკმარისია ამ თანამდებობისათვის?
- რა მნიშვნელობა აქვს?! ყველა ხომ საიდანღაც იწყებს, პირდაპირ ამ თანამდებობაზე ხომ არ დაინიშნებოდა?! მესმის, გასაკვირი იქნებოდა მისი აქ დანიშვნა, ის რომ იყოს მრჩეველი ან რაიმე სამსახურის უფროსი, მაგრამ ის არის უბრალოდ თანაშემწე.
- თუმცა თანაშემწესაც საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს.
- თითქმის არანაირი ფუნქცია არ აქვს.
- თუ ასეთი უფუნქციოა, რატომ არ აუქმებთ ამ შტატს?
- იყო ასეთი შტატი და ჩვენც დავნიშნეთ ამ ვაკანსიაზე ვიღაც, თორემ ადრე რომ იყო მრჩევლები და სხვ. ასეთი ბევრი ფუნქცია მას აღარ აქვს. ბუნებრივია, აქვს გარკვეული ფუნქცია, მაგრამ ბევრი არა. არც ხელფასია განსაკუთრებული
ლადო გოგოლაძე