x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
გრემ ჰანტერის წიგნიდან: როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში "რამ შექმნა მესი" ნაწილი პირველი
კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად ვნახე მესის თამაში. ერთ-ერთი ჩვენგანი აშკარად არ იყო ფორმაში. იქიდან წამოსული ვფიქრობდი, რომ იმ პოზიციაზე მოთამაშე ჟუან ვერდუმ, რომელიც დღედღეობით მესისთვის ყველაზე ორგანულ ადგილად მიგვაჩნია, აშკარად დაჯაბნა იგი და რომ ჩვენი დროის უდიდეს ფეხბურთელად მიჩნეული გენიოსი რამდენადმე კაპასი ტიპიც კი იყო.

2003 წლის შემოდგომა იდგა და თამაში "კამპ ნოუდან" რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარე "ბარსას" მომცრო, "მინი-ესტადიდ" წოდებულ 17-ათასიან სტადიონზე ჩატარდა. ჩემმა მეგობარმა, რობ მურმა მთხოვა, ამ თამაშს იმისთვის დავსწრებოდით, რომ "ბარსას" B გუნდის კაპიტანი, არნაუ რიერა გვენახა, რადგან მის აგენტობას აპირებდა. ამ დროს უკვე ბევრი ხმა დადიოდა მესის სახელის გარშემო, ოღონდ იმ დღეს ის 4-2-3-1 სისტემით მოთამაშე გუნდში მარცხენა ფრთაზე დააყენეს და, მიუხედავად თითო-ოროლა ბრწყინვალე გარღვევისა, ერთობ ტლანქი და ნაკლებ საინტერესო მომეჩვენა.

მეორედ 2005 წლის გაზაფხულზე "კამპ ნოუზე" ვნახე, როცა "ალბასეტესთან" მატჩის დროს "ბარსელონას" შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. იმ საღამოს, მაყურებელთა შორის არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელის გამოჩენის მომსწრენი ვიყავით.

მესი 17 წლისაა და ლა-ლიგაში სულ 69 წუთი აქვს ნათამაშები 6 თვის წინ "ესპანიოლთან" სადებიუტო მატჩის დროს. ის ეტოოს ნაცვლად გამოდის და ამ მომენტიდან 107 წამის შემდეგ ბურთს კარის ბადეში ათავსებს. რონალდინიო მოხდენილად მოიცილებს ორ მცველს და მესის მისამართით ჩაჰკიდებს. არგენტინელი ბიჭუნა ბურთს მიიღებს და კოხტად გადაუგდებს თავზე მეკარეს.


მსაჯები შეცდომით თამაშგარე მდგომარეობას აფიქსირებენ და გოლი არ ითვლება. "ალბასეტეს" მეკარე, რაულ ვალბუენა ქედმაღლურად უტყაპუნებს მესის თავზე ხელს: "იღბალმა გიმტყუნა პატარავ". 800000-კაციანი სტადიონი ღრიალებს, აღშფოთებული უსამართლო გადაწყვეტილებით, რომელმაც მას ბრწყინვალე გოლი "მოჰპარა". ძირითადი დროის ამოწურვამდე 18 წამია დარჩენილი. ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ბრაზილიელმა ბომბარდირმა და მისმა ნორჩმა შეგირდმა ახალი ჯადოქრობა ჩაიდინონ.

ჩაუთვლელი გოლის გატანიდან 30 წამში რონალდინიომ მარცხენა ფლანგზე გაიყვანა მესი, რომლის ჩაწოდებაც ინიესტამ კინაღამ გოლად აქცია. ამ დროისთვის მესის მინდორზე მხოლოდ ორწუთ-ნახევარი ჰქონდა გატარებული. "ალბასეტე" თავდაუზოგავად იბრძოდა ანგარიშის გასათანაბრებლად. მაგრამ ამის ნაცვლად, ბურთი დეკომ გამჭოლი დარტყმით მესისკენ გაგზავნა. თინეიჯერმა ბურთს თავი დაახვედრა, თავის მეურვეს არ დაანება და რონალდინიოს გადაულოცა, რომელმაც იმავე ილეთით რაც წინა ეპიზოდში, ბურთს ქვემოდან ფეხი ამოჰკრა და გასპარტ გალვეცს თავზე "გადაუტარა". მესიმ ბურთს მიწაზე დაცემა დააცადა და უკვე მეორედ თავზე გადაუგდო ვალბუენას.

"კამპ ნოუ" აფეთქდა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ უკვე რამდენად ძლიერ ეთაყვანებოდა კეთილშობილი რონალდინიო მესის, მაგრამ საიდუმლოს გასაღები სწორედ აქ იყო დამალული: ოსტატმა ახალწვეულს ორი ისეთი პასი მიაწოდა, რომელმაც მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. გახარბულმა რონალდინიომ უმცროსი მეგობარი ზურგზე შემოისვა და ამით მაყურებელს თითქოს მისი აღფრთოვანების ობიექტთან მიახლოებაში დაეხმარა.

image

ორიოდე კვირის შემდეგ მესიმ მომხდართან დაკავშირებით თქვა: "უცნაურია, რომ მესმოდა, როგორ სკანდირებდა 80000 კაცი ჩემს სახელს, მაგრამ ჩემ წინ ყველაფერს ბინდი ჰქონდა გადაკრული. შესაძლოა, გულის წასვლის მაგვარი რამ მჭირდა ან "კამპ ნოუზე" გატანილი პირველი გოლით მოგვრილმა ემოციამ დამარეტიანა, მაგრამ ნამდვილად ვერაფერს ვხედავდი".

მაშინ ვერავინ იტყოდა, თუ რა დიდ ფენომენად ჩამოყალიბდა მესი, თუმცა ნებისმიერი კაცი, ვინც იმ საღამოს მისი თამაში ნახა, მიხვდებოდა, რომ "ბარსელონაში" ნაადრევად დამწიფებული, სავსებით დაღვინებული, ახალი ტალანტი გამოჩნდა.

"მინი-ესტალიაზე" ჩემ მიერ გამოტანილი დასკვნის გახსენებამ უსიამოვნო ჩხვლეტასავით დამიარა ტანში. ნუთუ ერთადერთი ვიყავი, ვისაც მესის თამაში ადრე უნახავს და მის ნიჭიერებას ვერ ჩასწვდა?! ამიტომაც ვყვებოდი ხოლმე გამუდმებით იმ შემთხვევის შესახებ, ვიდრე ამ წიგნზე მუშაობას შევუდგებოდი.

იმ მატჩის შესახებ საუბრისას რიერამ მითხრა, რომ უკვე მაშინ მესი იმდენად ესწრაფვოდა "ბარსას" B გუნდიდან გადმოსვლას და იმდენად უნდოდა ეთამაშა ნებისმიერ სხვა პოზიციაზე, გარდა მარცხენა ფლანგისა, რომ დროდადრო, მინდორზე "ხეტიალს" იწყებდა. თუმცა არ იბუტებოდა, მაგრამ არც მისთვის ჩვეულ ენერგიას იჩენდა.

"გუნდში მისი მოსვლის დღიდან ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ის ჩვენთან დიდხანს არ გაჩერდებოდა, - მითხრა არნაუმ. - ის საუცხოო თანაგუნდელი იყო და დანარჩენებთან ერთად შესანიშნავად ვარჯიშობდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ 16 წლის ასაკში უკვე მზად იყო პირველ გუნდში სათამაშოდ და არც მარცხენა ფლანგზე გაყინვა ხიბლავდა".

მესი საკმაოდ მშვიდ დღეს მოვიხელთე. ის იმედიანად გამოიყურებოდა.

მითხრა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მარჯვენა ფლანგზე თამაში და, მით უფრო, ძველებურად მარცხენაზე, როცა ფრენკ რიკაარდმა პირველ გუნდში გადმოიყვანა, თუმცა მესი კვლავაც ადასტურებს, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზ ეგამორცეული ცენტრფორვარდის - სამუელ ეტოოს გვერდით თამაში, რადგან ამის შედეგად ბევრი რამის სწავლა შეეძლო.

მისი კარიერის იმ ადრეულ საფეხურზე, ერთადერთი როდი ვიყავი, ვინც სათანადოდ ვერ შეაფასა მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. სწორედ მსგავსი მცდარი შეფასებების გამო, ის კინაღამ "ბარსას" მიღმა დარჩა.

არგენტინაში, ნუენოს-აირესის მახლობლად მდებარე ქალაქ როსარიოში 1987 წელს დაბადებულ ლიონელ მესის თანდაყოლილი ფორმონული დეფიციტი საბოლოოდ, ნორმალურ სიმაღლემდე გაზრდას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ თვით ზრდის პროცესს იმდენად აფერხებდა, რომ პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას ვერ გაიკეთებდა. მაგრამ მესის ფიზიკური მონაცემების გამო "ბარსაში" გაჩენილი ეჭვები და მასზე ზრუნვის საკითხისადმი ფრთხილი დამოკიდებულება ცალკე, საგანგებოდ მოსაყოლი ამბავია.

საქმე იქამდე მივიდა, რომ "ბარსას" იმდროინდელი პრეზიდენტის, ჟუან გასპარტის საფეხბურთო მრჩეველს, კარლეს რესაკს მოუხდა, საიდუმლოდ გაეცა საკუთარი დაპირება, რომ საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტს გააფორმებდა და ეს საბუთი "პომპეის" საჩოგბურთო კლუბში ჩვეულებრივ ხელსახოცზე შედგინა, მესის მამასაც დააწერინა "ბარსელონას" ხელმძღვანელობის სახელზე დაჟინებული თხოვნა, ეცნობებინათ მისთვის როდის აპირებდნენ, მისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, რადგან არგენტინიდან ბარსელონაში ჩამოსულებს საარსებო სახსარიც კი ელეოდათ.

მესის ფიზიოლოგიური მდგომარეობის საკითხი ამ ამბის განუყოფელი ნაწილია, თუ როგორ აღმოაჩინა იგი "ბარსელონამ".

მისი პირველი ექიმი არგენტინაში დოქტორი დიეგო შვარცშტაინი იგონებს: "ჩემთან მოვიდა რამდენიმე კაცი საფეხბურთო კლუბიდან (ნიუელს ოლდ ბოიზ, რომელშიც მესი ვარჯიშობდა) და მითხრა: "ერთი პატარა ბიჭი გვყავს, რომელიც ნამდვილი ფენომენია, მაგრამ ზრდაში დახმარება სჭირდება". მას აკლდა ჰორმონი, რომლის გამომუშავების გააქტიურებაც შესაძლებელია და ორგანიზმს ზუსტად იმ ნივთიერებით უზრუნველყოფს, რომელიც ყველაზე მეტად ესაჭიროება. ერთადერთი პრობლემა- სიძვირეა".

მესი რვა წლის იყო, როცა პრობლემამ თავი იჩინა, მაგრამ ოჯახი მიხვდა, რომ მისი შვილი განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული და ჰორმონული ინიექციებისთვის საჭირო ფული იშოვა. თუმცა პრობლემას მხოლოდ სიძვირე როდი წარმოადგენდა. მკურნალობა ასეთ პატარა ბიჭისთვის საკმაოდ მძიმე პროცედურასთან იყო დაკავშირებული.

მიუხედავად ამისა, მან ახლობლებისა და ოჯახის წევრების დახმარებაზე უარი თქვა. "კარგად მახსოვს ის ღამეები, როცა საწოლზე ჩამომჯდარი, ჩემი ხელით ორივე ფეხში ნემსს ვიკეთებდი, - ჰყვებოდა იგი მოგვიანებით. - დამიჯერეთ, ეს სულაც არ იყო იოლი, მაგრამ ვიცოდი- ამას შევძლებდი და აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. არადა, მკურნალობა იმდენად ძვირი ჯდებოდა, ჩემი მშობლების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად ხარჯებს დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდით".

ერთ-ერთი უფროსი ძმა, მატიას მესი აზუსტებს: " ის თავად იმზადებდა საჭირო ნივთებს, შპრიცს წამლით ავსებდა და ნემსს იკეთებდა. ოჯახისთვის ეს ძალზე მძიმე საყურებელი იყო, თუმცა ის არასდროს წუწუნებდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ ყოველღამე ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდა, ეს პროცედურა უნდა ჩაეტარებინა, რაც მისი ასაკითვის საკმაოდ ძნელი გადასატანი იყო".


მისი ქალაქის გარეუბნის ადგილობრივ გუნდს "გრანდოლი" ერქვა. მაშინ ლეოს მამამისი, ხორხე წვრთნიდა, პირველად იქ მისმა აწ გარდაცვლილმა ბებიამ მიიყვანა, როცა ხუთი წლის იყო, ხოლო პირველმა თამაშმა მაშინ მოუწია, როცა ერთ-ერთ გუნდს ფეხბურტელი დააკლდა და მან სეამდგენლობა შეავსო. ეს სწორედ ის ბებია -სელია გახლდათ, რომელსაც ის დღემდე ყველა გოლს უძღვნის, როცა ჩვეული ჟესტით ორივე ხელს ზე აღაპყრობს ხოლმე.

კლუბი მესის სახლიდან 4 კმ-ში მდებარეობდა, "კალე ესტადო ისრაელში" და თუ ვინმე მანქანით არ წაიყვანდა, ფეხით ერთი საათი უნდა ევლო, რადგან ავტობუსი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ცოტა ხანში იმდენად გამოიჩინა თავი, რომ "ნიუელს ოლდ ბოიზმა" თავის ახალგაზრდულ გუნდში მიიწვია. მესის თქმით, მაშინ ის ფიქრობდა რომ მტელ კარიერას ამ კლუბში გაატარებდა.

მათი სტადიონი სახლიდან 6 კმ-ში მდებარეობდა და როცა მესი გუნდის მოზარდთა თამაშს დაესწრო, თავი სამოთხეში ეგონა.

"ნიუელსის" ბავშვთა საწვრთნელი სკოლა - "ინსტალაციონეს მალვინას" მის სახლთან გაცილებით ახლოს იყო ასევე გაცილებით სოლიდური გახლდათ. მესიმ იქ უმალ გამოიჩინა თავი, მაგრამ ვერც ეს გუნდი და ვერც "რივერ პლეიტი", რომელსაც მისი გადაბირება სურდა, ვერ გამოჰყოფდა თვეში 1.000 დოლარამდე ორი წლის განმავლობაში, რომელიც მესის ჰორმონული მკურნალობისთვის იყო საჭირო, არადა, უამისოდ ვერც სათანადო სიმაღლეს მიაღწევდა და ვერც ნორმალურად განვითარდებოდა.

ხორხე მესიმ თავისი დამქირავებელი და ზოგიერთი ადგილობრივი საქმოსანი მკურნალობისთვის საჭირო საწყისი ხარჯების გაღებაზე დაითანხმა, მაგრამ ორი წლის შემდეგ, არგენტინის ეკონომიკაში მომხდარი კრიზისის გამო, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.


2000 წელს პატარა სასწაული მოხდა. 12 წლის ბიჭუნა "ბარსელონას" მხედველობის არეში მოხვდა, მსოფლიოს მეორე მხარეს გადაბარგდა, მკურნალობა გააგრძელა, "კამპ ნოუს" ზოგიერთი მესვეურის ეჭვები გაფანტა და საბოლოოდ ყველა დროის ფეხბურთელებს შორის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც გახდა.

ბუენოს-აირესში მყოფი ორი არგენტინელი შუამავლის ყურამდე მიაღწია ამბავმა საოცარი ბიჭუნას შესახებ, რომელიც ფიზიკურად სათანადოდ ვერ ვითარდებოდა. ისინი დაუკავშირდნენ ბარსელონაში თავიანთ საკონტაქტო პირს, ჰორაციო გაჯიოლის, რომელმაც საქმეში მტავარი ფიგურა- "ბარსელონას" თანამედროვე ისტორიაში უნიკალური ყოვლისშემძლე პიროვნება, სრულიად გამორჩეული კაცი-ხოსეპ მარია მინგელა ჩართო.

მინგელა "ბარსელონაში" 1970 წელს ინგლისელი მწვრთნელის, ვიკ ბუკინგემის თარჯიმნად მიიწვიეს. მერე ჯერ მწვრთნელად, შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ჭაბუკთა გუნდი ხელმძღვანელად, სკაუტად და საფეხბურთო აგენტად მუშაობდა. თავის დროზე სწორედ მან მიიყვანა "კამპ ნოუზე" დიეგო მარადონა, რომარიო, სტოიჩკოვი და, ბოლოს. ლეო მესი.

მინგელა ზედმიწევნით ზუსტად იხსენებს იმ პროცესს, რომლის დროსაც მესის ნიჭიერებაში ჯერ თავად რწმუნდებოდა და შემდეგ სხვებს არწმუნებდა. "მესის შემთხვევა გაცილებით რთული იყო ვიდრე მარადონასი, -აღნიშნავს ის. - პირველად რომ ვნახე, 12 წლის იყო და საკმაოდ ტანმორჩილი გახლდათ. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ძალზე ძნელი სათქმელი იყო, რომ ევროპაში მისგან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა, მაგრამ როცა მისი თამაშის ამსახველი ვიდეოჩანაწერები ვნახე, გული გამინათდა, მჯერა, რომ ლეო რაღაც საოცარი პლანეტიდან ჩამოვიდა, ისეთიდან, რომელიც გამოცენილ ადამიანებს- ვთქვათ მევიოლინეებს, არქიტექტორებს და ექიმებს შობს. ერთი სიტყვით - რცეულ ადამიანებს.

ის იმთავითვე მარადონას ჰგავდა. მარცხენა ფეხით თამაშობდა N10 იყო, ისეთივე გონიერებით გამოირჩეოდა. ყველა ბიჭუნას მსგავსად, ოცნებობდა პლეიმეიკერობაზე, ჰბაძავდა მარადონას, მაგრამ ვიცოდი რომ დიდ შესაძლებლობასთან ერთად არანაკლებ სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

ისევე როგორც ადრე, "ბარსა" დიდ ინტერესს როდი გამოხატავდა. მისი მესვეურები ამბობდნენ: " 10 თუ 12 წელიწადი გავა, ვიდრე ის სარგებელს მოგვიტანს". მე კი ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა, ამიტომ მასსა და მამამისს ესპანეთამდე სამგზავროდ ბილეთებიც ვუყიდე და "პლაზა ესპანიას" სასტუმროში დავაბინავე.


0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0