მოგზაურობა ღვთაებრივი ადგილი მაროკოში - ზურმუხტისფერი ქალაქი შეიფშაუნი 2014, 18 ივლისი, 21:49 ეგზოტიკური ქვეყანა მაროკო ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს ტურისტების ინტერესის საგანს. ყოველწლიურად აქ ათასობით მოგზაური და ტურისტი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა დატკბნენ ამ ქვეყნის ულამაზესი ქალაქების და უძველესი კულტურის ძეგლების ხილვით. მაროკოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სხვადასხვა ფერის ქალაქები. ლამაზ ფერებად სახლების შეღებვა უძველესი დროიდან იღებს ტრადიციას, ხოლო მაროკოელები ტრადიციების მკაცრი მიმდევრები არიან და დღესაც ტკბება თვალი წითელი თუ ყვითელი, მწვანე თუ ზურმუხტისფერი ქალაქების ხილვით. მოდით, ვირტუალური მოგზაურობა მოვაწყოთ ერთ-ერთ ასეთ ულამაზეს ქალაქ შეიფშაუნში.
პატარა ქალაქი შეიფშაუნი, რომელიც მთების ფერდობებზეა გაშენებული, ყველაზე ცნობილი და განსაკუთრებულია ფერადოვანი ქალაქებიდან. მას არაერთი სახელი შეარქვეს სილამაზის გამო: ზურმუხტისფერი ქალაქი, ქალაქი-ღრუბელი, ცისფერი მხარე, ცისფერი ქალაქი და კიდევ მრავალი სხვა. აქ ყველაფერი შერწყმულია ლაჟვარდოვან ზეცასთან: სახლების კედლები, კარებები, ღობეები, გაზონები, ფანჯრის რაფები.... შეიფშაუნი-მიმზიდველი და თვალსასეირო მხარეა ტურისტებისათვის, მაგრამ მას ერთი უარყოფითი მხარე აქვს: აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყიდიან და ეწევიან მარიხუანას. ქალაქის შემოგარენი მარიხუანის პლანტაციებითაა სავსე. შეიფშაუნს გააჩნია თავისი ისტორია: XV საუკუნეში ის გახდა თავშესაფარი ებრაელებისა, რომლებიც ესპანურ ექსპანსიას გამოექცნენ. მათ აქ ცოტაოდენი ხანი დაჰყვეს, მაგრამ თავიანთ სამახსოვროდ სახლები, სადაც კი ცხოვრობდნენ, ცისფრად შეღებეს. მართალია, რომ შემდგომში ბევრი ებრაელი აქ სამუდამოდ საცხოვრებლად დარჩა, მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ცისფერ ქალაქში. ადგილობრივ მოსახლეობას მოეწონა ებრაელების იდეა და სიამოვნებით გააგრძელეს დაწყებული საქმე: მათაც დაიწყეს სახლების შეღებვა ცისფრად, მითუმეტეს, რომ ეს ფერი ღმერთსა და მასთან სიახლოვეს აღნიშნავდა მათ წარმოდგენაში. ძველი წყაროები გვამცნობს, რომ სახლებს აქ ძველად ღია ცისფერი შეფერილობა ჰქონდა, შემდეგ საუკუნეებში ფერი უფრო მკვეთრი გახდა ტურისტების მისაზიდად. ქალაქ შეიფშაუნის ხილვისას გვექმნება წარმოდგენა, თითქოს ის ციდან დაეშვა მთების კალთებზე. ის განსაკუთრებით შთამბეჭდავად მაშინ გამოყურება, როცა ღრუბლებშია გახვეული. თუ რომელიმე თქვენთაგანს ცისფერი ოცნება გაგაჩნიათ, მაშინ იცოდეთ, რომ მისი ახდენა იდუმალ და ულამაზეს ქალაქ შეიფშაუნში შეიძლება. 259 7-ს მოსწონს
|