პროზა სიკეთის მადლი 2012, 25 მარტი, 0:11
სიკეთის მადლი
(გახსენება)
ყველა ზღაპარი თითქმის ასე იწყება:
- იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, ჰყავდა ერთი შვილი. ცოლი მალე გარდაეცვალა და მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ძალიან ბოროტი გამოდგა. გერი შეიძულა. არაფერს აჭმევდა, დახეულ ტანსაცმელს აცმევდა და სულ ამუშავებდა. ჩემი ზღაპარი კი განსხვავებულად იწყება: - იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, სახელად ინდიკო. ცხოვრობდა რაჭაში, სოფელ ხიმშში. ჰყავდა ოთხი შვილი. ცოლი ახალგაზრდობაში გარდაეცვალა და მეორე ცოლი მოიყვანა - ლეილა. იგი ძალიან კეთილი ქალი გამოდგა, გერები გულწრფელად შეიყვარა. მათზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ქმარმაც ძალიან შეიყვარა და ცხოვრობდნენ შეხმატკბილებულად. მახსენდება ერთი ზღაპარი. "კაცი საიქიოს გაემგზავრა მეფის ბრძანების შესასრულებლად. გზად შეხვდა ცოლ-ქმარი. ხარის ტყავზე იწვნენ და მაინც ჩხუბობდნენ, ადგილი არა გვაქვსო. კაცს გაუკვირდა. მათ აუხსნეს ახალგაზრდოიბაში არ გვიყვარდა ერთმანეთი და ღმერთმა ასე დაგვსაჯაო. შემდეგ შეხვდა სხვა ცოლ-ქმარი, პატარა ცულის ტარზე იწვნენ და ადგილი კიდევ ჰქონდათ. მათ უთხრეს: ჩვენ ისე ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ახლაც ერთად ვართო." ლეილას და ინდიკოს სიყვარული სწორედ ცულის ტარზე მწოლიარე ცოლ-ქმრის ამბავს ჰგავს. ალბათ იკითხავთ, არ ჩხუბობდნენო? როგორ არა, ისე არც შეიძლება, მაგრამ ერთი რომ იჩხუბებდა, მეორე უთმობდა და ისეთ რამეს მოიგონებდა, რომ ორივეს ეცინებოდათ და გაბრაზებაც ავიწყდებოდათ. ერთ დღეს ლეილამ ლობიანები გამოაცხო. ინდიკო გაეხუმრა: - ლეილა, ეს რა სქელი ლობიანები დაგიცხვია? ლეილა გაბრაზდა, ჩაიცვა და გაიქცა, თვითონაც არ იცოდა სად. გარეთ ძალიან წვიმდა. ინდიკომაც ჩაიცვა, აიღო ხელში ძველი გახვრეტილი ქოლგა, რომელიც წვიმას ვერ იკავებდა და გაეკიდა. მეზობლებს გაუკვირდათ, ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახეს.მათ კითხვაზე ინდიკომ უპასუხა: - ლეილას უნდა გავასწრო, მდინარეზე ხიდი უნდა ავაფეთქო, რომ ვერ გადამასწროს. ეს რომ გაიგო ლეილამ, გაჩერდა და გაიცინა. სახლში ორივე კარგ გუნებაზე დაბრუნდა. ლეილა პროფესიით ვეტექიმი იყო. წამლები დაჰქონდა იმ ოჯახებში, ვისაც საქონელი ავად გაუხდებოდა. როდესაც ხალხი წამლების მისაღებად რიგში ჩადგებოდა, ლეილა გამოაცხადებდა: - ვისაც ფული გიჭირავთ ხელში, არ მომეკაროთო და უფასოდ არიგებდა წამლებს. მთელი რაჭის სოფლები შემოვლილი ჰქონდა. სადაც მანქანა ვერ ადიოდა, ფეხით მიდიოდა. სიცივესა და თოვლს არ ეპუებოდა, ოღონდ მიესწრო და გადაერჩინა პირუტყვი. ინდიკოც მასთან ერთად დადიოდა. აუცილებლად გვერდიგვერდ უნდა ევლოთ, წინ არ უნდა გაესწრო არცერთს. ლეილას ხელში ძველებური დიდი ქოლგა ეჭირა ხოლმე, რომელსაც ბოლოში დიდი კაუჭი ჰქონდა გაკეთებული. თუ ინდიკო გაუსწრებდა, გამოსდებდა ლეილა პალტოს საყელოში და ქაჩავდა. ინდიკომ ადგა და ჩუმად გადაუჭრა ქოლგა, კაუჭი ისევ ისე გაუკეთა და ლაქიც გადაუსვა, არაფერი ეტყობოდა. მეორე დღეს, როდესაც ლეილა ქოლგით ვეღარ მისწვდა, გაბრაზდა, ასე როგორ გამასწარიო? ინდიკომ ქოლგა აჩვენა და ამაზე ორივემ ძალიან ბევრი იცინა. ლეილას სოფელში ძალიან კარგი სახელი ჰქონდა. უსაზღვროდ კეთილსა და გულისხმიერს სხვისთვის თავგანწირვაც შეეძლო. ერთ დღეს ინდიკოს ძმისშვილს მანქანით მიჰყავდა ლეილა საქმეზე. უცებ მანქანა მოცურდა, ხრამისკენ გადაიწია და მძღოლმა ძლივს გააჩერა. იგი ეხვეწებოდა ლეილას, გადადი და მე კი იქნებ როგორმე მანქანა გადავარჩინოო, ლეილამ არ მიატოვა და ორივენი გადარჩნენ. ლეილა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინდიკოს თითქოს ცალი ფრთა მოსტეხესო, ისეთ მდგომარეობაში დარჩა. ვინ აღარ მოვიდა მის დაკრძალვაზე, ქალაქიდან თუ სოფლებიდან - მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი, ყველა მოდიოდა და ტიროდა. ყველას დასწყდა გული, ყველა თბილად იხსენიებდა. ერთმა მანდილოსანმა ისიც კი თქვა: "ეს ქალი კი არა მარტო გული იყო ფეხებგამობმულიო". ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ. თუმცა ალბათ, პირიქით უფალი იმიტომ კლავს ლეილასნაირ ადამიანებს, რომ სხვამ უფრო კარგად დაინახოს, თუ რა არის სიკეთე, სიყვარული, დაფიქრდეს და ასევე მოიქცეს. ღმერთმა გვიმრავლოს ლეილასნაირი ადამიანები და მაშინ ალბათ, ბოროტებაც თანდათან გაქრება და აღარ გადავშენდებით. ალექსანდრე 102 5-ს მოსწონს
|