სხვა რჩევები მათთვის, ვისაც გარუჯული სხეული ხიბლავთ 2014, 2 ივნისი, 21:15 გარუჯული სხეულის ხიბლი იმდენად დიდია, რომ ხშირ შემთხვევაში სულაც არ ვფიქრობთ იმ დაავადებებზე, რომლებიც შესაძლოა მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამ გამოიწვიოს. არადა, ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას უფრო მეტად ახდენს, ვიდრე დადებითს. ვიცით, რომ მზის სინათლე აუცილებელია D ვიტამინის წარმოსაქმნელად, მაგრამ პოტენციური საფრთხე, რომელსაც შეიცავს მისი ულტრაიისფერი სხივები, განურჩევლად იმისა, ზღვის სანაპიროზე მივიღებთ მზის აბაზანებს თუ მთაში, ძალიან დიდია. პირველი, რაც შეიძლება გამოიწვიოს მზეზე დიდხანს ყოფნამ, არის სითბური და მზის დაკვრა. შესაძლოა, განვითარდეს დამწვრობაც. გარდა ამისა, მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით კანი დეჰიდრატაციას განიცდის, ეშვება, მცირდება მისი ტურგორი (შიდა ჰიდროსტატიკური წნევა). მზეზე სისტემატიური და ხანგრძლივი ყოფნა იწვევს უჯრედების ნაადრევ დაბერებას, რასაც ვერავითარი კოსმეტოლოგიური საშუალება, მეზოთერაპია იქნება ეს თუ სხვა, ვეღარ შეაბრუნებს. ქალებმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, თუმცა, იმის აკრძალვაც, რომ მათ უარი თქვან ნამზეურის სიამოვნებაზე, წარმოუდგენელია - ზღვაზე რომც არ დავისვენოთ, მზეს მაინც ვერ დავემალებით. თითოეულმა ადამიანმა კარგად იცის საკუთარი კანის პრობლემები და თავისებურებანი, იცის, რა უხდება და რა - არა. ლაქებითა და ხალებით უხვად დამშვენებულებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისაგან დამცავი საცხი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას ასუსტებს. ჩვეულებრივად კი, მზეს აქტიურ საათებში უსათუოდ უნდა მოვერიდოთ. გარუჯვა რეკომენდებულია მხოლოდ დღის 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან. არასწორი ნამზეურის შედეგია კანის ნაადრევი გამოშრობა, ნაოჭები და ალერგიული რეაქციები. მზის მიმართ მომეტებული მგრძნობელობით გამოწვეული დაავადებების სია მრავალფეროვანია. რაც შეეხება, ზღვის და მზის სარგებლიანობას, ამაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა...უპირველესად კი, იმით შეგვიძლია დავიწყოთ, რომ მზე მეტად დადებითად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე - განსაკუთრებით, ჩვენს სტრესულ გარემოში. ყოველდღიურად მიღებული 15-წუთიანი მზის აბაზანები საჭირო რაოდენობის D ვიტამინით ამარაგებს ორგანიზმს, რაც ასე სჭირდება მას ზამთრის სუსხიანი დღეების განმავლობაში. ზღვის წყალი მდიდარია მინერალებით. იგი ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტებს და მატებს მათ ბზინვარებას. ზოგიერთი კანის დაავადების სამკურნალოდ - წყლისა და მზის სხივების დოზირებული პროცედურები აუცილებელია. დოზირებული მზე აუმჯობესებს კანის სისხლის მიმოქცევას, კვებავს მას და ზრდის მის დამცველობით-ბარიერულ ფუნქციას. ეს კი ხელს უწყობს კანის წინააღმდეგობის გაზრდას სხვადასხვა ინფექციის მიმართ. მზის ზემოქმედება კანის ფერზეცაა დამოკიდებული, რომელიც 4 ტიპის არსებობს. პირველი ტიპი ძალიან თეთრია, მან გარუჯვა 5 წუთიდან უნდა დაიწყოს. მუქი ფერის კანისთვის კი ეს 15 წუთიდან შეიძლება მოხდეს. მუქი ფერის კანი მიჩვეულია მელანოგენეზის გამომუშავებას, თვითდამცავი თვისებისაა და მზე ნაკლებად აგრესიულად მოქმედებს. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წყალი მზისგან დამცავ საშუალებას ჩამორეცხავს და წყლიდან ამოსვლისას საჭიროა მისი თავიდან წასმა. ასევე ორი საათის შემდგომ მზის დამცავი ყველა საშუალება იშლება, თვისებებს კარგავს, ამიტომ საჭიროა მისი განახლება. რუჯის მიღების დროს კანის ტიპს, გარკვეულწილად, მნიშვნელობა აქვს. ცხიმიანი კანი კარგად რეაგირებს მზის სხივებზე, ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მშრალი კანის ტიპის შემთვევაში კი, ეს პროცესი ცოტა ტრავმულია. კანი იქერცლება, იჭიმება და ადამიანს დისკომფორტი ექმნება. ამიტომ, თუ გაქვთ მშრალი კანი, გარუჯვის დროს ისეთი კრემები უნდა იხმაროთ, კანი ღრმად დაატენიანოს. კარგია, აგრეთვე, პერიოდულად გაიკეთოთ კოლაგენის ნიღბები. გარუჯვისას ნუ ისარგებლებთ დეზოდორანტებით და სუნამოებით - კოსმეტიკურ საშუალებებში არსებულმა ნახშირწყალბადებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (ძირითადად შეწითლებით ვლინდება) და დამატებითი პრობლემა შეგიქმნათ. და კიდევ - ტუჩის კანი არ გამოიმუშავებს მელანინს. შესაბამისად, ის განსაკუთრებით დაუცველია და აუცილებელია დამატენიანებელი საცხის წასმა. სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ აუცილებლად მიიღეთ გრილი შხაპი კანის დასამშვიდებლად, შემდეგ კი წაისვით გარუჯვისშემდგომი სპეციალური დამატენიანებელი, რომელშიც შედის ვიტამინები B5 და E - პირველი ხელს უწყობს მზის სხივების მიერ განადგურებული კანის უჯრედების აღდგენას, მეორე კი კანის სტრუქტურას აწესრიგებს. ამ პროცედურების შემდეგ ნარუჯი უფრო დიდხანს რჩება, რადგან კანი დაცულია აქერცვლისგან. იმისთვის, რომ მივიღოთ ლამაზი ფერის რუჯი, აუცილებელია, კანი თანდათანობით შევაჩვიოთ გარუჯვას. მზის აბაზანები იწყება 5-10 წუთიდან და ნელ-ნელა ემატება დრო. უმჯობესია, თუ თავიდანვე მზის აბაზანებს მოძრაობაში მიიღებთ. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გარუჯვის უარყოფითი შედეგები, სასურველია, რუჯი მზის დაბალი აქტიურობის პერიოდში მიიღოთ – დილით, 11 საათამდე და საღამოს, 16 საათის შემდეგ. 12-დან 15 საათამდე მზე ძალიან აქტიურია, ამიტომ, ამ პერიოდში გარუჯვა არაფრით არ შეიძლება. თუ მწოლიარე მდგომარეობაში ირუჯებით, აუცილებელია, თავი ოდნავ წამოწიოთ და ყოველ 10 წუთში ერთხელ შეიცვალოთ მდგომარეობა. მზეზე გასვლამდე, არ შეიძლება, გლიცერინის ან ვაზელინის შემცველი კრემების ხმარება, რადგან ამან შეიძლება, კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ასევე სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. ტუჩებზე სასურველია, ჰიგიენური პომადა წაისვათ. არ დაგავიწყდეთ, რომ მზეზე ორგანიზმი სწრაფად კარგავს ტენს, ამიტომ რეგულარულად დალიეთ წყალი, უკეთესია, თუ ლიმონიან წყალს მიიღებთ. იმისთვის, რომ რუჯი ლამაზი ფერის იყოს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: * დილით მიიღოთ სტაფილოს წვენი, ან მიირთვათ სტაფილოს სალათა ზეთთან ერთად. * მზეზე გასვლამდე არ გირჩევთ, სხეული საპნით დაიბანოთ, გაიწმინდოთ ლოსიონით, ან ოდეკოლონით, რადგან ეს საშუალებები იწვევს კანის გაუცხიმოვნებას, არღვევს მის დამცავ შრეს და კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ულტრაიისფერი სხივების მიმართ. * არ შეიძლება მშიერი გახვიდეთ მზეზე ან ჭამის შემდეგ ძალიან მალე. * მზის სხივები ორგანიზმში ამცირებს C ვიტამინის შემცველობას, ამიტომ მისი შევსება უნდა მოახდინოთ ხილით, ან ბოსტნეულით – ოხრახუშით, კივით, მოცხარით, ბულგარული წიწაკითა და ციტრუსებით. 127 1-ს მოსწონს
|