x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
შირაზის ბაღში

imageმე პოეტი ვარ და კალმით მინდა
გამოუთქმელი ხვაშიადი სიტყვებად დავწნა,
ჩემს გულის ფსკერზე დალექილი სევდა და დარდი
სულ ერთიანად ამოვუშვა, ვასიტყვო, გავთქვა.
მე მარტოსული ადამის ძე ვარ,
ცივი სამყაროს უსასრულო ტრამალებიდან.
მიწის მტვრისა და თიხისაგან მოზელილი ვარ,
თუმც შევიძულე მისი სუსხი გაშმაგებისგან.
მე პოეტი ვარ, გეგონოთ შლეგი!
თუკიღა ჯუფთი ვერა ვპოვე ამოდენ ხალხში...
მე თვისტომს ვეძებ, ჩემებრ მარტოსულს
და არა ქანდაკს, ქვისგულიანს, მოკაზმულს ფარსით.
ეს მძაფრი სული გამოზარდა სპარს პოეტთ დასმა,
ჰაფეზმა მასვა ტკბილი ღვინო, მღერა მასწავლა,
ბალხელმა რუმმა ხორასანში აქლემზე შემსვა,
შირაზის ბაღში შემიყვანა, ვარდებში ჩამსვა.
ვარდის სურნელმა მე ბუნებით ტკბობა მასწავლა,
გული გამიხსნა და ჩემს სულში სითბო ჩაღვარა;
სასხლავით ხელში, მე იქ ვნახე ბრმა ბერიკაცი,
ჯერ ვარდს ეფერა, ეჩურჩულა, ლექსი ახარა.
იმ მებაღეში რუდაქი ვცანი,
სიტყვა შევკადრე პოეტური და მანაც მიცნო,
ჯოხს ხელი უშვა, აღაპყრო ხელნი,
ლექსით იმღერა, ლექსი რაა, გალობა იყო.
გამოხდა ხანი... ზნე იცვალა კაცთა ბუნებამ,
მანქანურ გონმა მთლად მოიცვა ხალხთა გუნება,
ადამიანი გარდაიქმნა უგულო დაზგად -
გრძნობადახშული რომ მუშაობს და ფულს რომ ჩარხავს.
მომხვეჭელობა გადაიქცა საგმირო ამბად,
ასკეტურობა და უგრძნობლობა - ღირსების საგნად,
დღეს უზნეობამ გაიკეთა ტრფობის ნიღაბი,
ამ თვალთმაქცობას ვით ვუმზირო, რუდაქ, მითხარი!
თქვენც იცით ძმებო, ვარ მოჭრილი მე სულ სხვა თარგზე,
სასომიხდილმა მივაშურე შირაზის ბაღებს...
იქ, სადაც ოდეს ბრმა რუდაქი ვარდებსა რწყავდა,
ვარდივით ტურფა, თვალწარმტაცი მე ქალი ვნახე.
იგი თვალებით ჩამოჰგავდა ველურ ავაზას,
გამჭოლი მზერით შებოჭვაში ტოლი რომ არ ჰყავს;
როს იგი ადგა, ჩაუარა შირაზის ბაღნარს,
მეგონა ლომი მოაპობდა დაბურულ შამბნარს.
მაშინვე მივხვდი, სულ არ ჰგავდა დანარჩენ ქალებს,
რომ სულის სიღრმით მოიცავდა მთელ ოკეანეთს
და მისი გულის სიმხურვალე ადნობდა კლდეებს,
ლავად აქცევდა და ჰბუგავდა უსიერ ტყეებს.
გუმანით იგრძნო, გულით ცხელმა, თვალად გოროზმა,
რომ განვიცადე მისი ხილვით მეტამორფოზა;
წარბი შეიკრა, არ ეამა იქ ჩემი მოსვლა.
არ შემიბრალა, სასიკვდილოდ ჰოროლი მტყორცნა.
მკერდშელეწილი მე დავემხე მის წინ, მუხლებზე
და მყისვე ვიგრძენ გულის სისხლი ჩემსვე ტუჩებზე...
მხოლოდ ეს ვუთხარ: დაგეძებდი ათასი წელი...
აჰა, გიპოვე -- ჩემი სატრფო და ჩემი მკვლელი!

3
152
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
152
  
2013, 17 ოქტომბერი, 13:16
აღფრთოვანებული ვარ ისეთი კარგია :) ვერ გადმოვცემ...
2012, 22 მაისი, 11:34
ჩემი მეგობრის ლექსია. თვითონაა ირანიდან და... მადლობა რომ მოგეწონა და ასე კარგად აღიქვამ სილამაზეს, თორე ისე გადაგვარდა ხალხი და ისეთი სტატიები იდება რომ....
2012, 19 მაისი, 15:17
სასიამოვნოა, რომ ირანის კულტურას ასე კარგად იცნობ...
0 1 3