დედა ტერეზა დღესდღეობით კეთილის, გულმოწყალეს, ქველმოქმედისა და უანგაროს სინონიმია. თუმცა სამწუხაროდ, როგორც ფაქტები მიანიშნებენ, რეალური დედა ტერეზა იყო ავტორიტარული თაღლითი, რომელიც იმ პერიოდის ცნობილ კრიმინალებთან თანამშრომლობდა.
დედა ტერეზა ცნობილია, როგორც ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ალტრუისტი. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღარიბების დახმარებას, 1950-იანებში კალკუტაში დააარსა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები”, რასაც მოჰყვა მთელ მსოფლიოში მისი ასობით ფილიალის გახსნა. მან მალე მოიპოვა საზოგადოების ყურადღება და შედეგად მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარებებს იღებდა, რაც შემდეგ ხმარდებოდა მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია.
რეალობა სხვანაირი და გაცილებით სასტიკია. მოხალისეების მონაყოლი ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ აზრებს. მაგალითად, ხშირი იყო ურჩი ბავშვების საწოლზე დაბმა და ცემა, ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული მოწყობილობები არ იცვლებოდა, ჰაიტის მსგავს ქვეყნებში (სადაც შიდსის მაღალი დონეა), ერთსა და იმავე ნემსებს ბევრჯერ იყენებდნენ. ზოგჯერ იმდენჯერ, რომ წვერი ბლაგვდებოდა და გაკეთება ძალიან მტკივნეული ხდებოდა. ამას დამატებული უპირობო მორჩილება, გასაიდუმლოება და კონტროლი, რაც კულტის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.
ეს შეიძლება გაგვემართლებინა იმ შემთხვევაში, თუკი მისიონერები მთელ ძალისხმევას მოახმარდნენ ქველმოქმედებას, მაგრამ ასე არ ხდებოდა. 1991 წელს გერმანულმა გაზეთმა „შტერნმა” გამოააშკარავა, რომ ორგანიზაციის შემოწირულობების მხოლოდ 7% იხარჯებოდა მოწყალებაზე. თანხის დანარჩენი ნაწილი მიედინებოდა საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე ან ახალ მისიებზე. ცნობების მიხედვით, მისიებში მონაწილე ადამიანებისთვის ზოგჯერ საკვებსაც არ ყიდულობდნენ და მათ სხვისი დახმარების იმედზე ყოფნა უწევდათ.
ასევე საინტერესო საკითხია, საიდან მოდიოდა ეს შემოწირულობები? ნაწილი, ცხადია, ჩვეულებრივი, პატიოსანი ადამიანების მიერ გაღებული თანხა იყო. თუმცა უფრო მეტს ორგანიზაცია იღებდა ჟან-კლოდ დუვალიესგან – ჰაიტის ფსიქოპათი პრეზიდენტისგან, რომელიც ერთ-ერთი უბოროტესი ადამიანია ისტორიაში. უფრო მეტიც, 1980 წელს დედა ტერეზა ჰაიტიში ჩავიდა და პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ განცვიფრებულ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დუვალიეების ოჯახის ურთიერთობა რიგით მოქალაქეებთან მისთვის სამაგალითო იყო.
1990-იანებში თაღლითმა ჩარლზ კიტინგმა „ქველმოქმედების მისიონერების” ანგარიშზე გადარიცხა 1.25 მილიონი დოლარი, რომელიც სხვებისგან უკანონოდ ჰქონდა მითვისებული. როცა ფულის დაბრუნება მოსთხოვეს, დედა ტერეზამ მხოლოდ დუმილით უპასუხა. 90-იანებში კიტინგის წინააღმდეგ ფინანსური სკანდალები აგორდა და ამ უკანასკნელს რამდენიმე წლით ციხეში ჯდომა მოუწია.
2010 წელს ჟურნალმა „ფორბსმა” გამოავლინა, რომ დედა ტერეზას მიერ აგებულ პირველ თავშესაფარში სიკვდილიანობის დონე 40%-ზე მეტი იყო. ჰემლი გონსალესი, რომელიც ორი თვით ესტუმრა საქველმოქმედო ორგანიზაციას ინდოეთში, იხსენებს, რომ ნემსებს ცივ წყალში რეცხავდნენ და შემდეგ ისევ იყენებდნენ. პაციენტებს ხშირად აძლევდნენ ვადაგასულ წამლებს. მოხალისეებმა არ იცოდნენ პაციენტების მოვლა და ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. შოკისმომგვრელი იყო იმის ხილვა, რომ თავშესაფრის ერთ-ერთ მობინადრეს ინფექცირებული თითი ანესთეზიის გარეშე მოაჭრეს.
ჰემლი გონსალესმა შემდგომში თავად შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც თანხის მოძრაობას მთლიანად ასაჯაროებს. დედა ტერეზას დაარსებულ ორგანიზაციას კი ფეისბუქითა და სხვა ხერხებით ებრძვის.
კიდევ ერთი ყოფილი მოხალისე, მერი ლოუდონი, ამბობს, რომ თავშესაფარში პაციენტებისთვის არ იყო სკამები, ჰქონდათ მხოლოდ იატაკზე დაფენილი საწოლები, ისიც ძალიან ძველი. თავშესაფარს არ ჰქონდა ბაღი, არც ეზო. ფაქტიურად ეს იყო ორი ოთახი, თითოეული 50-60 მობინადრით. ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იყო და შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. არ ჰქონდათ საკმარისი წვეთოვანები, არც ნემსები, რის გამოც თითოეულს უამრავჯერ იყენებდნენ. კითხვაზე, რატომ არ ასტერილებდნენ ან მდუღარე წყალში არ ავლებდნენ ნემსებს, პასუხი იყო: „ამის არც საჭიროებაა და არც დრო.” 15 წლის ბიჭი, რომელსაც თირკმლის არც ისე სერიოზული გართულება ჰქონდა, თანდათან უარეს დღეში ვარდებოდა იმის გამო, რომ არ აძლევდნენ ანტიბიოტიკებს. ბოლოს კი საოპერაციოდ საავადმყოფოში გადაყვანაზეც უარი თქვეს.
დედა ტერეზა გარდაიცვალა 1997 წელს, 2003 წელს კი ნეტარად შეირაცხა კათოლიკური ეკლესიის მიერ.