x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველმყოფი მექანიზმები

საქართველოსთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ნებისმიერი ქვეყნისთვის, სავალდებულოა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის აღიარება, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ან/და თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.ხალხის ნება მთავრობის ძალაუფლების საფუძველია : ეს ნება გამოხატული უნდა იყოს პერიოდული, ჭეშმარიტი არჩევნების მეშვეობით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო და თანასწორი ხმის უფლებას და უნდა ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ან ხმის მიცემის ექვივალენტური პროცედურების გამოყენებით.

საქართველოში არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს საარჩევნო კოდექსი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი საფუძვლები.

2001 წლის 2 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიიღეს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი", მანამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა საქართველოს ორგანულ კანონზე დაყრდნობით.

საქართველო ცდილობს ააშენოს წარმატებული დემოკრატია, რისი ნიშნებიც ჯერ კიდევ 1918-21 წლებში იკვეთება.პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩენები სწორედ მაშინ ჩატარდა და შეიკრიბა პირველი პარლამენტი, რომელსაც "დამფუნებელი კრება" უწოდეს.იმ პერიოდისთვის არჩევნების ჩატარება ევალებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საქართველოში პოლიტიკური პროცესები მუდმივად ცვლილებების პროცესშია და ჯერ მყარად არაა დამკვიდრებული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, არჩევნების საშუალებით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებით მოქალაქეთა დაინტერესება და ა.შ საბედნიეროდ 2012-2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით პროგრესულია და შესაძლებელია გვქონდეს ილუზია, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის რეალური საფუძვლები იქმნება.

პარადოქსულია, რომ პირველი მრავალპარტიული არჩევნები (1918-21 წლების შემდეგ), რომელიც კომუნისტების მმართველობის დროს ჩატარდა, 1990 წელს, 2012 წლამდე ლამის ერთადერთ დემოკრატიულ და გაუყალბებელ საპარლამენტო არჩევნებად ითვლებოდა.ბოლო წლებში საარჩევნო გარემო სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, შევარდნაძის მმართველობის პერიოდთან შედარებითაც კი.საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ ზოგიერთი პარტია საერთოდ უარს აცხადებდა არჩევნებში მონაწილეობაზე და ბოიკოტის ტაქტიკას ირჩევდა.სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებდა სადამკვირვებლო მისიების და სამოქალაქო საზოგადოების სულ უფრო მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობით.საკმაოდ მძიმე პრობლემაა დღემდე არსებული გაყალბების ტექნოლოგიები, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, დაწყებული წინასაარჩევნო ხელმოწერების შეგროვებიდან, დამთავრებული არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე.

რეალურად რა მექანიზმები არეგულირებენ საქართველოში გამჭვირვალე, დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარებას და რა მექანიზმებს მიმართავენ ამის უზრუნველსაყოფად.

ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "ცესკოს" აკისრია.იგი არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს საარჩევნო კოდექსი", რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე 2001 წლის 2 აგვისტოს მიიღეს.საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.ცესკო შედგება თავმჯდომარისა და თორმეტი წევრისაგან.ცესკოს თავმჯდომარე არის იმავდროულად ცესკოს წევრი.ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად მისი წევრობის შეწყვეტასაც იწვევს.თავმჯდომარესა და ხუთ წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო შვიდ წევრს ნიშნავს ბოლო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ორგანული კანონის შესაბამისად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.ცესკოს თავმჯოდომარის კანდიდატურაზე შეიძლება წარდგენილი იყოს სრულიად უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, სარგებლობს კარგი რეპუტაციით და აქვს მინიმუმ სამი წლის შრომითი გამოცდილება.კონკურსში მონაწილებოს უფლება აქვს საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან.კომისიის წევრის საქმიანობა თავისუფალია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს.მის კომპეტენციაში ჩარევა აკრძალულია და ისჯება კანონით.ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

ცესკოს შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითუნარიანი მექანიზმია სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც შეუზღუდავად ანხორციელებენ თავიანთ საქმიანობას.ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი წლისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება და დებულება რეგისტრაციაშია გატარების მომენტისათვის და ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას.ერთ ადგილობრივ ორგანიზაციას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანში ერთდროულად ყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე თვრამეტი წლის ასაკიდან.

რაც შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.ეს გულისხმობს, რომ არჩევნებს აკვირდება სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან ადამიანის უფლებათა დაცვას.ერთ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ყავდეს ორი დამკვირვებელი.დამკვირვებელს უფლება აქვს დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს.კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში.შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.

დამკვირვებელს უფლება არ აქვს გასცეს ზედმეტი და გაუმართლებელი ინფორმაცია.იგი უნდა დაემორჩილოს ქვეყანაში მოქმედ ყველა კანონს და სამართლებრივ ნორმებს.მას შეუძლია საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე წამოჭრას საკითხები დარღვევების შესახებ, მაგრამ არ უნდა მისცეს მითითება და არ უნდა გააუქმოს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები.დამკვირვებლის ყველა დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს მის პირად დაკვირვებას ან აშკარა და დამაჯერებლ მტკიცებულებებს.

შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია მედია ორგანიზაციების როლი, რომლებიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობაში და დემოკრატიული ნორმების დაცვაში.საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 51-ე მუხლის და მეთხუთმეტე პუნქტის საფუძველზე.საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის მიღების მიზანს წარმოადგენს მედიის მიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და საარჩევნო პროცესში მედიის გამოყენების წესების განსაზღვრა.არჩევნების გაშუქებისას მედია ორგანიზაციები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით :

ა) არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება;

ბ) წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე განაწილება;

გ) წინასაარჩევო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემა;

დადგენილი მოთხოვნილებების დაცვაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

თეონა ბზიშვილი

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა ბზიშვილი
თეონა ბზიშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0