სხვა სიტყვა სიტყვაა, პრეზიდენტო 2014, 28 აპრილი, 23:21 სიტყვა სიტყვაა, პრეზიდენტო! - რედაქტორის სვეტი
(სტატია შორეული 2000-ანებიდან :) რომელიც დღესაც აქტუალურია.... თურმე) მავანი იტყვის „– არ კითხულობს ეგ კაცი გაზეთებს და ჟურნალებს, წერილებს რატომღა იწერებიო?!”, იკითხავს და შეიძლება რაღაც მომენტში მართალიც იყო, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ჩემს ხმას (ანუ „ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”) ისტორია მაინც მიიღებს, შეინახავს და იმ თაობებს შემოუნახავს, რომელსაც ეს ხმა სჭირდება (!) ახლაც თქვენი საარჩევნო პროგრამა მიდევს წინ, ბ-ნო ედუარდ, რომელშიც სიხარულით ვკითხულობ: „სახელმწიფოებრივი ძალისხმევა მოვახმაროთ ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრას. ამჟამად 500-ზე მეტი ახალგაზრდა იღებს უმაღლეს განათლებას მსოფლიოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. მათი ასოლუტური უმრავლესობა უკვე დღესვე მზად არის, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში და მიღებული ცოდნა სამშობლოს მოახმაროს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათი ღირსეული დახვედრისათვის. სახელმწიფო ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, ახალგაზრდა თაობის პროფესიულ მომზადებასა და პროფესიულ გადამზადებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად”. როგორ მიხარია, პრეზიდენტო, იცით, როცა ამას ვკითხულობ?! რაღაცნაირად იმედი მესახება მომავლისა, რომელმაც უკვე მოგვიკაკუნა და სასიკეთოს კი არაფერს გვთავაზობს... იმედს მაძლევს თქვენი სიტყვებიც, რომ „... პრეზიდენტის ფონდიდან უფრო მეტი თანხა გამოიყოს ნიჭიერი ახალგაზრდობის მხარდასაჭერადო”, იმედს მაძლევს თქვენი სიტყვები, რომ „... არ გიჭირთ ახალგაზრდობასთან დიალოგი”. ამბობს! მაგრამ თქვენ თუ არ მიხვედით, ბ-ნო ედუარდ, თქვენამდე ვინ მოუშვებს ახალგაზრდობას, ათასი შურიანი მლიქვნელი და ყვარყვარე გახვევიათ გარშემო (ამ დროს ერთი ცუდი იგავი მახსენდება ხოლმე, დამპალი ვაშლებით სავსე კალათაში საღ და ნოყიერს რომ ჩადებენ, რა ემართება არ უკანასკნელს...) *** ბ-ნო პრეზიდენტო! თქვენ მოსმენის კარგი კულტურა გაქვთ, ისიც ვიცი, ძალიან გიყვართ ახალგაზრდობის მოსმენა, მაგრამ როდის? სამი დღის წინ ჩამოწერილ და დაზეპირებულ ტექსტებს რომ გიკითხავენ, მაშინ, ბ-ნო ედუარდ თუ მაშინ, აუდიტორიაში, ტრიბუნაზე ხელიდან შეხსნილი საათი რომ გრჩებათ (!) და გეკარგებათ (!)?! სპორტის სასახლეში რომ თინეიჯერებს ხელით გადაწვდით, იცით, როგორ გაუხარდათ, იცით როგორ ეამაყებოდათ იმათ?! თქვენ მოსმენა გიყვართ, ბ-ნო პრეზიდენტო! ჰოდა, მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ, მომისმინეთ, რადგან სიტყვა სიტყვაა, რაც თქვენ შეგვპირდით, ის გასაკეთებელი და დასამთავრებელია, ვისი იმედი გაქვთ – იმ 500 ახალგაზრდის, საზღვარგარეთ სასწავლებლად (!) რომ არიან წასულნი და ერთი სული აქვთ (!), როდის დაუბრუნდებიან (!) მშობლიურ საქართველოს თუ იმათი, ბ-ნო ედუარდ, ვინც სპორტის სასახლეში მხურვალე ოვაციებით შეგხვდათ და ისევ საკუთარი თავის და მომავლისათვის მხარდაჭერა გამოგიცხადათ? დაფიქრდით, ბ-ნო ედუარდ! ბესიკ ჩუბინიძე 50 3-ს მოსწონს
|