ეს კადრი ალბათ ბევრს ახსოვს, „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასააარჩევნო კამპანიიდან, რამაც მთელი საქართველო მოიცვა. ამ პატარა ბიჭუნამ, რატომღაც თავიდანვე ყველას ყურადღება მიიპყრო ბათუმში გამართული აქციისას და მარტივად, თავისი გულწრფელი ემოციით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. 14 აპრილს, კახი კალაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პატარა ნიკოლოზ ღადუას ცნობილი ფოტო გამოაქვეყნა, მის მიერ მოწერილ წერილთან ერთად, სადაც ნიკა მინისტრს წერს : „გამარჯობა. მე ვარ ნიკოლოზ ღადუა 7 წლის გაგრიდან. ძალიან მინდა შევხვდე კახი კალაძეს და ჩავეხუტო. ჩემი ოცნებაა ვნახო გაგრა. გაუმარჯოს ქართულ ოცნებას! “. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან. ისინი მინისტრს თხოვდნენ, რომ პატარა ნიკოლოზისთვის ოცნება აეხდინა.მინისტრმაც არ დააყოვნა და 15 აპრილს თავისი პატარა გულშემატკივარი მოინახულა და ჩაეხუტა. აქვე კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ნიკოლოზ ღადუას მეორე ოცნებაც ასევე მალე ასრულდება და ის გაგრას ნახავს. ვიზიტის შემდეგ კახი კალაძემ თავის გვერდზე ნიკოლოზ ღადუასთან გადაღებული ფოტოები და მოკლე სტატუსი გამოაქვეყნა : „დღეს პატარა ნიკოლოზ ღადუას სურვილი აუსრულდა - ჩავეხუტეთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ მისი ოცნება - ნახოს გაგრა მალე ასრულდება!“.