x
image
პერსეპოლისი
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
image2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ, რომელიც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს ეხება, საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოძიებულა ბოლომდე მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ამ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის. სანამ საქართველოს მთავრობა ნამდვილი განაჩენის სისრულეში მოყვანას გადაწყვეტს, გაგაცნობთ 2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 87 გვერდიანი გადაწყვეტილების დეტალებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის, ამ შემთხვევაში გურამ გირგვლიანისთვის, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
2008 წლის 17 მარტს, როდესაც თავიანთ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვეს, საქართველოს ორმა მოქალაქემ, ქ-ნმა ირინა ენუქიძემ და ბ-ნმა გურამ გირგვლიანმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართეს, თუმცა საქმის მსვლელობის პროცესში ირინა ენუქიძე გარდაიცვალა.
საქმე განიხილებოდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, „ყოველი ადამიანის სიცოცხლის
უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს“.


image


სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, 2006 წ. 28 იანვარს ჩატარებული გვამის გაკვეთის მიხედვით, მსხვერპლს ყელზე მჭრელი ნივთით მიყენებული 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა, ხოლო ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე აღენიშნებოდა. ყელზე მიყენებული სამი ჭრილობა საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ კუნთების დაზიანება გამოეწვია. ერთ-ერთი მათგანი 0.5 სმ დიამეტრის იყო
და ხახამდე აღწევდა. სახელმწიფო ექსპერტის თქმით, რომელმაც ყელიდან აღებული კანის ნიმუში შეამოწმა, ჭრილობები მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, სავარაუდოდ, დანით იყო მიყენებული. მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე და წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ, ასევე აღმოჩენილ იქნა მრავალრიცხოვანი, 4-15 სმ სიგრძის ჭრილობები.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სიკვდილი ხახის არეში მიყენებულმა ორმა ჭრილობამ გამოიწვია. მსხვერპლი ასფიქსიით გარდაიცვალა, როდესაც ხახის ჭრილობიდან სისხლი სასუნთქ მილში გადაიღვარა. ეს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა იყო.

ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს მთავრობის მიმართ არაერთგზის მოთხოვნისა, ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებული 14 მტკიცებულება მხოლოდ და მხოლოდ 2009 წ. 15 დეკემბერს წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც ევრო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მანამდე წარუდგენელი მტკიცებულებების დიდი ნაწილი სასამართლოს წარუდგინა დიდი დაგვიანებით, 2009 წ. 15 დეკემბერს, ანუ თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ, და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ რამდენჯერმე დაჟინებით
მოთხოვა მას ამ მასალების წარდგენა.სასამართლოს არ შეუძლია სერიოზულად აღიქვას სახელმწიფოს განმარტება 14 მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომ ესოდენ დიდი დრო დასჭირდა სულ რაღაც 23 კომპაქტ-დისკის ასლის გადაღებას.

დაათვალიერა რა ზემოაღნიშნული 14 მტკიცებულების შემადგენელი ყველა ჩანაწერი, სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისი-კოჯრის გზაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები არ იქნა წარმოდგენილი მთლიანობაში - მთლიანობისგან ძალზე შორს იყო. საგამოძიებო ორგანოს მიერ შედგენილი ვიდეოკამერის ჩანაწერების ამოღების ოქმის თანახმად, ჩანაწერები მოიცავდა 2006 წ. 28 იანვარს ღამის 2.00-დან 3.00 საათამდე შუალედს. მაგრამ, მიუხედავად სასამართლოს არაერთგზის მოთხოვნისა, ჩანაწერები წარმოდგენილიყო სრული მოცულობით, სახელმწიფომ წარმოადგინა
ჩანაწერების მხოლოდ ნაწილი, რომელიც ასახავდა თბილისი-კოჯრის გზაზე მომხდარ მოვლენებს ათი, გაწყვეტილი, დროის ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში. ამგვარად, მოთხოვნილი 1 საათის ნაცვლად, წარმოდგენილი ჩანაწერების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 68 წამია.
სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს განმარტებები იმის თაობაზე თუ რატომ წარმოადგინა მან მოთხოვნილი მტკიცებულებების ნაწილი დაგვიანებით და რატომ არ წარმოადგინა მტკიცებულებების გარკვეული ნაწილი საერთოდ, არ არის დამარწმუნებელი. განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ არ
წარმოადგინა თბილისი-კოჯრის გზაზე მანქანების მოძრაობის ამსახველი ვიდეოკადრები მთლიანად, ღამის 2.00-დან 3.00 საათამდე პერიოდისათვის.

ევრო სასამართლო განსაკუთრებით გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ როდესაც ლევან ბუხაიძემ, სრულიად დარწმუნებულმა, სასამართლოშიც
გაიმეორა, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს საყურადღებოდ, რომ მეოთხე ბოროტმოქმედი, რომელიც განსაკუთრებული
სისასტიკით უსწორდებოდა მასაც და სანდრო გირგვლიანსაც,
ოლეგ მელნიკოვი იყო, აღნიშნულმა სახელმწიფო ორგანოებმა, იმის მაგივრად, რომ სიფხიზლე გამოეჩინათ, რაც მათ კანონით ევალებოდათ, თვალი დახუჭეს ამ ძალზე მძიმე და სარწმუნო ბრალდებაზე. სახელმწიფო ორგანოებმა განაგრძეს თავიანთი, ყოვლად აუხსნელი უმოქმედობა მაშინაც კი, როდესაც განმცხადებლებმა
მკაფიოდ მოითხოვეს ოლეგ მელნიკოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა, მის წინააღმდეგ უშუალო მსხვერპლის - ლევან ბუხაიძის მამხილებელი განცხადებების საფუძველზე.

სასამართლოსთვის გამაოგნებელია ის ფაქტიც, რომ ასეთი რთული სისხლის სამართლის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ასეთი პერიოდის განმავლობაში დაზარალებულები ან თუნდაც მოსამართლეები ვერაფრით შეძლებდნენ ესოდენ დიდი მოცულობის საქმის შესწავლას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ განმცხადებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ 14 მტკიცებულებას, რომლებიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა.
ეს მტკიცებულებები, ორიგინალის სახით, სასამართლო სხდომაზე არასდროს გამოქვეყნებულა და არც შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეულა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობდა სხვა საეჭვო გარემოებებიც, რომლებიც, შიდა სასამართლოების მიერ ჯეროვნად რომ ყოფილიყო
დაფიქსირებული და შეფასებული, დამატებით ნათელს მოჰფენდა განმცხადებელთა ზემოხსენებულ განცხადებას დანაშაულებრივი კავშირის თაობაზე.
უდავოა, რომ გამოძიება განმცხადებელთა შვილის სიკვდილის
გარემოებების გამოსარკვევად ნამდვილად ჩატარდა. მაგრამ საქმის შესაბამისი გარემოებების ჯეროვანი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს გაუჩნდა ძალზე სერიოზული წუხილი ამ გამოძიების კეთილსინდისიერებისა და ეფექტიანობის თაობაზე, რისი გაქარწყლებაც სახელმწიფომ ვერ მოახერხა ვერც წერილობითი და ვერც ზეპირი განმარტებებით.

საბოლოოდ, ევროპულმა სასამართლომ, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, გურამ გირგვლიანისთვის 50, 000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება წინააღმდეგ ერთ ხმას, ეს ქართველი მოსამართლის ხმა იყო..........

image



image



2
229
9-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
229
  
2014, 4 აპრილი, 13:33
მადლობა : ))
2014, 4 აპრილი, 13:05
წაუკითხავად + :))))) კარგად გიშრომია
0 1 2