სხვა მე - ახალგაზრდა დედა 2014, 28 იანვარი, 18:11 დღეს 25 წლის გავხდი, უკვე 9 წელია დაბადების დღეს აღარ ვიხდი და თუ არ მომილოცეს არც მახსენდება.
16 წლის ვიყავი როცა ჩემმა კლასელმა მომიტაცა, მიყვარდა (ან მეგონა რომ მიყვარდა) და მამაჩემს აღარც უცდია ჩემი უკან დაბრუნება, თან საქართველოში მოტაცებული გოგოს დაბრუნება მშობლებისთვის სასიამოვნო არ არის, ამიტომ დიდად თავს არც იწუხებენ.
მალევე დავვორსულდი და ნიკოლოზი დაიბადა, შემდეგ წელს ლუკამაც არ დააყოვნა და ისიც გაჩნდა.
სულ დამავიწყდა მეთქვა, ჩემი ქმარი ყოველთვის უმუშევარი იყო და ძებნითაც არასდროს შეუწუხებია თავი. წლები იჯდა კომპიუტერთან და თამაშობდა.
ჩემი შვილები ძალიან მიყვარს, ყველაზე მძიმე წუთებშიც ცხოვრებას მიხალისებენ. როგორც კი გავთხოვდი მუშაობა დავიწყე, სწავლისთვის დრო არ დამრჩენია. ხან მეზობლების სახლებს ვალაგებდი, ბოლო წლებში გამიმართლა და ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველი გავხდი, სტაბილურმა სამსახურმა ცოტათი შემიმსუბუქა ცხოვრება. ახლაც ჩამესმის ხოლმე ქმრის ხმა: - სიგარეტი და ლუდი წამომიღე. ზოგჯერ სამსახურიდან ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი ჭურჭლის გარეცხვის ძალაც აღარ მქონდა და პირდაპირ დასაძინებლად ვწვებოდი. 2 წლის წინ, როცა სამსახურიდან მეზობლის სახლის დასალაგებლად ვიყავი და მართლაც უენერგიო ვბრუნდებოდი ჩემი "ძვირფასი" ქმარი მთვრალი დამხვდა (დალევა ძალიან უყვარდა), პირდაპირ ლოგინისკენ წავედი, ის კი ოთახში შემოვარდა და კოცნა დამიწყო. ის დღე ყველაზე საშინელი იყო ჩემ ცხოვრებაში. ჩემს უარს არაფრად აგდებდა და გამაუპატიურა. ერთადერთ მეგობარს მოვუყევი და მისი რეაქცია ასეთი იყო: - გოგო, შენი ქმარია რა გაუპატიურება, რის გაუპატიურება. ისეთი ნაცემი ვიყავი ორი დღე სამსახურში ვერ მივედი. ახლა საკუთარი თავის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, კიდევ თვეები ვიტანდი მის სახეს, სიმთვრალეს, მუქთახორობას. ისე მეშინოდა მამაჩემის რეაქციის რომ გაყრაზე არც კი ვფიქრობდი. თუმცა შარშან ერთი ადამიანი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, რომელიც ძალიან დიდ ძალას მაძლევს. პირველად ვიყავი შეყვარებული. თურმე სიყვარული სულაც არ ყოფილა ის რაც მეგონა, ყოფილა თანადგომა და მეგობრობა. როცა ჩემ ქმარს გაყრაზე წამოვუწყე ლაპარაკი ყველაფერი დალეწა, კომპიუტერს ხელი დაავლო და წავიდა. ახლა ხშირად ბრუნდება და შერიგებას მთხოვს. ჩემი დაბადების დღეა, ბავშვებს სკოლა ჯერ არ უმთავრდებათ, მე ვზივარ, ყავას ვსვამ და ცხოვრებაზე ვფიქრობ. სულ ცოტა ხანია გავიგე, რომ თურმე სიამოვნება ჩემთვისაც შეიძლება, ჩემზეც შეიძლება ვინმემ იზრუნოს და ამაში არაფერია განსაკუთრებული. გუშინ ღამე დედამთილმა დამირეკა, ტელეფონიდან ყვირილი მესმოდა: - რა უსინდისო გოგო ყოფილხარ შენ, უმადურო, ორი ბავშვის დედას არც გრცხვენია და სიყვარულობანას თამაში ატეხე. ეს ვინ შემომიშვია ოჯახში. და გათიშა. ვზივარ, ნერვიულად ვათამაშებ ფეხებს და ვფიქრობ, როდის შევძლებ სასამართლოში სარჩელის შეტანას ჩემი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ, ახლა გავიგე რომ ალიმენტის გადახდის მოთხოვნის უფლება მაქვს. დედაჩემი ამბობს სირცხვილიაო, მე კი მგონია რომ ახლა ვეღარაფერი შემაჩერებს. თურმე ბედნიერება ჩემთვისაც შეიძლება. 238 5-ს მოსწონს
|