პროზა მაისში გახევებულნი (მოგზაურის დღიურებიდან) 2012, 4 მაისი, 14:32 ორი დღის წინ გეგმის მიხედვით ირლანდიაში ჩამოვედი. მაისის მზის ყვითელ, თბილ სხივებში გახვეული დუბლინი ისე დამხვდა როგორც ახლობელს, თითქოს მთელი ცხოვრება აქ გამეტარებინოს და ახლა მხოლოდ ორდღიანი შვებულებიდან დავბრუნებულვარ. არადა პირველად დავაბიჯებდი ქალაქში, რომელიც რეალურად ვერც კი გამეთავისებინა, თითქოს ისევ რომელიმე წიგნს ვკითხულობდი მასზე და ეს ყველაფერი მხოლოდ წარმოდგენა იყო. მთელი დღე დავხეტიალობდი დაღამებამდე მიხვეულ მოხვეულ სიძველით გაჟღენთილ ქუჩებში და ჯოისის ''დუბლინელები''-ს ხან რომელი ამბავი მიდგებოდა თვალწინ ხან რომელი. რამდენიმე საინტერესო ადგილიც მოვინახულე, საინტერესო ადამიანებიც ვნახე, ერთი სიტყვით კმაყოფილი და სავსე ვიყავი ჩემი ერთდღიანი მოგზაურობით და უკვე იმაზე ფიქრს ვიწყებდი ხვალ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ვენეცია შეუდარებელი დუბლინის შემდეგ. ისიც კი ვიფიქრე რომ სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე დღე აქ, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ავუკრძალე ამ სურვილის განხორციელება, რადგან მინდოდა რომ ისე წავსულიყავი აქედან რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებოდი, ამიტომ ვარჩიე მთლიანად არ ამომეწურა და დავტკბარიყავი დუბლინის მშვენიერებით. ღამის თორმეტ საათისკენ უკვე სასტუმროსკენ მივეშურებოდი რომ ერთი მეტად უცნაური კაცი შემხვდა, იგი ვითომც არაფერიო პირდაპირ მოიჭრა ჩემთან და თავდაჯერებული ცოტა არიყოს მბრძანებლური კილოთიც კი დამიწყო საუბარი. მისი ნათქვამი კარგად არ მესმოდა რადგან რომელიღაცა დიალექტზე უქცევდა, მაგრამ რაც გავიგე იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით ეს კაცი ან გიჟი იყო ან მე გადავეშვი მეტისმეტ ფანტაზიებში და ჰალუცინაციები დამეწყო. ისიც კი ვიფიქრე რომელიმე ჩემი მეგობარი მაშაყირებს მეთქი, მაგრამ აქ ხომ სულ მარტო ვიყავი. მოკლედ კაცი, რომელიც ვარჩიე რომ გიჟად მომენათლა დაჟინებით მოითხოვდა ჩემგან რომ წავყოლოდი დაბა კინსალეში, რომელიც მე არც გამეგონა, მაგრამ მისი თქმით სადღაც დუბლინის მახლობლად მდებარეობდა და იქ მისი გახევებული ქალიშვილი სასიყვარულო კოცნით გამომეფხიზლებინა. ბევრი ლაპარაკისა და უარის მიუხედავად კაცი არ შემეშვა და თითქოს მეც დამაინტერესა მისმა უცნაურმა ამბავმა, თუმცა ის არ დამიჯერებია რათქმაუნდა რომ მისი ქალიშვილი გახევებულიყო და ჩემს შველას საჭიროებდა. ბოლოს მაინც გავტყდი, თავი დავირწმუნე რომ სხვა გზა არ მქონდა და კაცს გავყევი. აი რა იყო სიმართლე. კინსალე ისეთი საოცარი ადგილი გამოდგა, რომ ჩემს თავს არ ვაპატიებდი მის ნახვაზე უარი რომ მეთქვა. აქ ხდებოდა ისეთი რაღაცეები რაც სხვაგან არსად მინახავს და წარმოსადგენადაც კი უცნაური იყო. ბევრი რამ რასაც იქ ვიგებდი არ მჯეროდა, მაგრამ რასაც საკუთარი თვალით ვხედავდი იმას რაღას მოვუხერხებდი. კინსალე თეთრი ქვის სახლებით მოფენილი ადგილია. ქვაფენილი კი სხვადასხვა ფერადაა შეღებილი. სახლები მეტისმეტად ახლოს დგას ერთმანეთთან და რაც ყველაზე საოცარია, ვერცერთს ვერ ვუპოვე კარები, მათ ნაცვლად ფარდები იყო ჩამოკიდული ან ზოგან სულაც არც ფარდები. უკაროდ დატოვებულ სახლებში კი სიცარიელე სუფევდა რადგან მგონი მთელი მოსახლეობა გარეთ ატარებდა დროს, ქუჩებში თითქმის ყველგან მიმობნეულ უცნაურ კაფეებსა თუ რესტორნებში. ჩემმა თანამგზავრმა ამიხსნა, რომ აქ ყველაფერი ზონებად იყო დაყოფილი ზოგან ხმაურიანი ზონა იყო, ზოგან სიცილის, სიწყნარის, მუსიკის, ყვავილების, თამაშების და სხვა ათასგვარი ზონა. ჩვენ საითაც მივდიოდით ეს იყო მაისის ზონა. ჩვენს გარდა იქითკენ კიდევ ბევრ კაცს აეღო გეზი, ვიფიქრე ყველა ამ კაცს ხომ არ მიჰყავს თავისი ქალიშვილისთვის მეთქი, მაგრამ შევამჩნიე რომ სხვა ახალგაზრდა კაცებსაც მოჰყვებოდა მეწყვილედ შუა ასაკის კაცი ან ქალი. ყველა ერთად როგორ უნდა გაგიჟებულიყო მეთქი ამ ქალაქში კი ვიფიქრე და მაისის ზონასაც მივაღწიეთ. აი აქ კი მართლა არ დავუჯერე თვალებს, მაგრამ რა მექნა რამდენჯერაც არ უნდა დამეხუჭა და გამეხილა მაინც არ იცვლებოდა რეალობა. მოედნის შუაში დიდი, მრგვალი, თეთრი ქვის შადრევანი იყო აშენებული, მის გარშემო კი უამრავი ახალგაზრდა ქალიშვილი ჩამომსხდარიყო და გაუნძრევლად იცქირებოდნენ მომღიმარი, ვარდისფერი სახით. თითქოს რაღაც ლამაზ ოცნებაში დაფრინავდნენ. გაბრუებული ვიდექი სანამ ჩემს გვერდით ახალგაზრდა ინგლისელი კაცის ხმამ არ გამომარკვია. მან ამიხსნა ყველაფერი. თურმე ამ ადგილას, კინსალეში, ყოველ წელიწადს მაისში ასეთი რამ ხდება. მაისის ზონაში ყველა ახალგაზრდა, გასათხოვარი ქალიშვილი შადრევანთან მოდის, ჯდება და შეშდება. ასე გაშეშებული ელოდებიან მამაკაცს, რომელიც მას კოცნით გამოაღვიძებს. ამ კაცების მოყვანაზე კი მათი მშობლები ზრუნავენ, ისინი ცდილობენ ეს რაც შეიძლება მალე მოახერხონ, რადგან გაშეშებული ქალიშვილები არც ჭამენ რამეს და არც სვამენ. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი მაინც ვერ გავიგე. როგორც ჩემი თანამოსაუბრე მეუბნებოდა ქალები ამას იმიტომ აკეთებენ რომ ამ ქალაქში ძველი ლეგენდის თუ ზღაპრის მიხედვით მძინარე მზეთუნახავი ცხოვრობდა, რომელიც მაისის თვეში გამოაღვიძეს სასიყვარულო კოცნით, შემდეგ კი დიდხანს ცხოვრობდა ტკბილად და ბედნიერად. ქალიშვილებს სჯერათ რომ ოდესმე თავიანთი რჩეულიც მოვა და შემდეგ მათი ამბავიც ისევე დასრულდება როგორც ზღაპრებშია - ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად ... 16 3-ს მოსწონს
|