x
image
მატასი
რამოდენიმე ისტორია სიყვარულზე
imageგვანცა 5 წლის: მე მიყვარს ვაკო, ის ჩემი ჯგუფელია და ასევე მეზობელი, სათამაშო მოედანზეც ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ასე რომ თითქმის მთელ დროს ერთად ვატარებთ. ის იმიტომ შემიყვარდა, რომ საყვარელი ყურები აქვს, კარგად მღერის და ძალიან უხდება მწვანე მაიკა. სხვა ბიჭებისგან განსხვავებით ის არ მაბრაზებს და არც თმას მწიწკნის. როცა დედა ზღაპარს მიყვება უფლისწულზე, მე ვაკოს წარმოვიდგენ ხოლმე. მე გუშინ პეჩენია ვაჩუქე და მერე ძალიან შემრცხვა და გავიქეცი.

საბა 12 წლის:

სალომე მეხუთე კლასიდან მიყვარს, მას შემდეგ რაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა, იგი ჩემი პარალელური კლასელია, დედას ვთხოვე იმ კლასში გადავეყვანე, მაგრამ რეალური მიზეზი ვერ დავუსახელე და ეს თხოვნა არ ამისრულა, არადა რა ბედნიერი ვიქნებოდი. სალომე მუდამ დაწნული თმით დადის და ყვავილებიანი ჩანთით, როცა მასზე ვფიქრობ, წარმოვიდგენ როგორ გაიშლის თმას, ხელს ჩამკიდებს და გავიქცევით ერთად. სალომე მსუქანა ვაჟას და ოროსან ბოჩელასაც უყვარს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მათი გრძნობები უპასუხოდ დარჩება. ოდესმე კი, მაგალითად ამ კვირას ექსკურსიაზე, იქნებ მეც გამოვუტყდე და ვუთხრა რომ მიყვარს.

ანა 19 წლის:


თუ გავითვალისწინებთ, რომ გამუდმებით მასზე ვფიქრობ, როცა ვხედავ გული მიჩქარდება და როცა რამეს ვეუბნები სიტყვები მერევა, მიყვარს. ჩვენ რომ ერთად ვიყოთ ალბათ ყველა იტყვის - არ შეეფერებიან ერთმანეთსო. მაგრამ დამიჯერეთ თუ მასაც ვუყვარვარ ან შევუყვარდები, ყველას აზრს ფეხზე დავიკიდებ.

ბაჩო 26 წლის:

მიყვარს მარიამი, ვგიჟდები მის სუნზე და მისი კანის შეხებაზე. ერთი სული მაქვს როდის მორჩება სამსახური რომ მას შევხვდე. ახლა ალბათ კულინარიის კურსებზეა და რამე გემრიელს ამზადებს. მისთვის სიურპრიზი მაქვს, მისი საყვარელი სუნამო. ვიცი მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ალბათ მე უფრო მიყვარს.

კატო 33 წლის:

ირაკლი ჩემზე 5 წლით პატარაა და ზოგს ეს აშფოთებს, მეცინება მათზე, ალბათ ჩემსავით შეყვარებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთ უბადრუკ წვრილმანებზე არ იფიქროს. ირაკლის კისერზე ხალი აქვს, უყვარს ცხოველები და ხშირად დავდივართ ზოოპარკში. მალე პატარაც გვეყოლება. იკა თავისი ხელით აკეთებს საწოლს ბავშვისთვის. ძალიან საყვარელია.


გაგრძელება იქნება

0
107
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0