დიეტოლოგია ბამბის დიეტა - სახიფათო დიეტა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება 2013, 28 ნოემბერი, 10:34 "რა საჭიროა კალორიებით სავსე საკვების მიღება, როცა შეიძლება კუჭი ამოივსო სრულიად უკალორიო ბამბის ბურთულებით" - ასეთია ბამბის დიეტის მიმდევრების "რკინის" არგუმენტი. ეს უცნაური დიეტა განსაკუთრებით პოპულარულია მოდელებში, რომლებიც გამუდმებით ფორმაში უნდა იყვნენ. უფრო საშინელება კი ის არის, რომ იდეალური ფორმების ძიებაში მყოფი ბევრი მოზარდი გოგონაც იცავს ამ დიეტას. პრინციპში, ამ სახიფათო დიეტის იდეა მარტივია: ყოველ კვებაზე საჭმლის ნაცვლად 5 ბამბის ბურთულა უნდა გადაყლაპო, ოღონდ ლიმნის წვენში დასველებული, რათა ორგანიზმისთვის უფრო მისაღები გახდეს. დასავლური გამომცემლობების ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოკვლევა და ნახეს, რომ ამ დიეტას ბევრი მიმდევარი ჰყავს. ქალბატონების აზრით, ეს მართლაც ჯადოსნური დიეტაა, რომლის დროსაც დანაყრებული ხართ, მაგრამ წონაში არ იმატებთ. ზოგიერთი დიეტა ბამბას მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კვების შესაცვლელად იყენებს, ზოგი კი უკიდურესობამდე მიდის, და დღის მანძილზე ყველა კვებას ბამბის ბურთულებით ანაცვლებს. აუცილებელი არ არის ექიმისა ან ბიოლოგის განათლება გქონდეს იმისათვის, რომ მიხვდე, როგორი სახიფათოა ამგვარი დიეტა ჯანმრთელობისთვის. "ეს ე.წ. ბამბის ბურთულები სინამდვილეში დამზადებულია გათეტრებული პოლიესთერის ბოჭკოებისგან, რომლებიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თქვენი ტანსაცმელიც ასევე შეიცავს პოლიესთერს, ასე რომ, ამგვარი დიეტის დაცვა, იგივეა, რაც ლიმნის წვენში დასველებული მაისურის შეჭმა. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა." - გვაფრთხილებს დიეტოლოგიის შესახებ პოპულარული საიტის მენეჯერი ბრენდი კოსკი (Brandi Koskie). ანალოგიური მოსაზრება აქვს დენვერის სამედიცინო ცენტრის მთავარ ექიმს, ოვიდიო ბერმუდესს (Ovidio Bermudez): "ბამბის ბურთულების ყლაპვა ისეთივე სახიფათოა, როგორც მონეტების, ღილების ან სხვა საგნების. გარდა ისეთი აშკარა რისკებისა, როგორიცაა მოუნელებლობა და გაგუდვა, ამგვარ კვებას შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების ბლოკირება. ეს დიეტა რუსული რულეტკის თამაშს გავს." ბამბის დიეტის გვერდითი მოვლენები მოიცავს ასევე ენერგიის ნაკლებობას, სისუსტეს, ორიენტაციის დარღვევას, თმის ცვენას, კანის სიმშრალეს, ღვიძლის უკმარისობას და... სიკვდილსაც კი. 494 3-ს მოსწონს
|