x
image
ნიკა კირკიტაძე
რასმუსენი: გაკვირვებული დავრჩი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით

image

„მაქვს იმედი, რომ უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, გაფორმდება ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ინტერესებშია, რომ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

„გეტყვით, ნამდვილად, ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ პატივს ვცემ უკრაინის არჩევანს, გზას, ხედვას - თუ როგორ სურთ, განაგრძონ ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ექსპერტები ამბობენ, რომ მომავალი წელი იქნება მძიმე რუსეთის მხრიდან ზეწოლის ყველა ხერხის გამოყენების თვალსაზრისით, ვინაიდან, ჩვენც გვსურს, მოვაწეროთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას უკვე სექტემბერში. ზეწოლა კი, ალბათ, გაძლიერდება მოლდოვაზეც და საქართველოზეც. რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ქვეყნების დასაცავად?“, - ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას ამ კითხვაზე პასუხად, რასმუსენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს რაიმე სახის ხერხს და განახორციელებს ზეწოლას, რომ ესა თუ ის ქვეყანა ვერ შევიდეს ნატოში ან ევროკავშირში, ეს იქნება იმ დოკუმენტის დარღვევა, რომელზეც ხელი თავად რუსეთს აქვს მოწერილი ბევრი წლის წინ.

„პრინციპი მარტივია: ყველა ქვეყანას აქვს უფლება რომ გადაწყვიტოს, თუ სად სურს, რომელ ორგანიზაციაში სურს, რომ შევიდეს. ჩვენ ერთგული ვართ ამ პრინციპის და დოკუმენტის. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთიც ერთგული იქნება. ყველაზე კარგი რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ არის შემდეგი: შევთავაზოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ გაწევრიანება, ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, კარგი ეკონომიკური შესაძლებლობები, რათა იგრძნონ განსხვავება, ასევე უსაფრთხოების კუთხით, მეტი უსაფრთხოებისთვის ვითანამშრომლოთ მათთან, ესაა სწორედ ის მიზეზები, რომელთა გამოც სურთ, რომ შემოგვიერთდნენ ნატოსა და ევროკავშირშიც“, -განაცხადა რასმუსენმა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა, ნატოს გენერალური მდივანი, რომ იმ გადაწყვეტილების უკან, რომელიც უკრაინაში მიიღეს, რუსეთი იდგა.

„მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია იმ დიალოგის შესახებ, რაც მიმდინარეობდა მოსკოვსა და კიევს შორის. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუკი არა მარტო უკრაინაზე, არამედ რომელიმე სხვა სახელმწიფოზე რუსეთი ზეწოლას განახორციელებს, ეს იქნება ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთანხმებელი, რომლის ერთგულიც ვართ ყველა და რომელთა შესრულების პირობაც დადებული გვაქვს“, -აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკამ დიდი წვლილი შეიტანა, რომ შექმნილიყო სტაბილური, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და უსაფრთხო ევროპა.

„ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო ჩვენი კარი რჩება ღია, რა თქმა უნდა, ქვეყნები, რომელთაც სურთ, გახდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოები ან ევროკავშირის წევრები, მათ უნდა შეასრულონ და დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ღია კარის პოლიტიკას შეუძლია სარგებელი მოიტანოს“, - განაცხადა რასმუსენმა.



0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0